შპს “ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2019 11:58
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2018
შპს “ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2018 წლის 2 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (Nშ-6/5839-18) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენიათ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები. აღნიშნული ვალდებულება კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს უნდა შეესრულებინათ 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე. კომისიამ 2018 წლის 14 ნოემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილში მითითებულ ავტორიზებულ პირებს, გაუგზავნა წერილები და გამოითხოვა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის მიზეზებთან დაკავშირებული ახსნა-განმარტება.
შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ წერილობითი განმარტებების თანახმად (20.11.18 Nშ-6/6160-18, 20.11.18 Nშ-6/6159-18), კომპანიების ძირითადი საშუალებები ექვემდებარება გადაფასებას, ვინაიდან სახეზეა აქტივის გაუფასურება, აუდიტის მოთხოვნის შესაბამისად ავტორიზებულ პირებს მოეთხოვათ გაუფასურების ზარალის გაანგარიშება და აღიარება, რის გამო დასჭირდათ დამატებითი დრო, რათა მოემზადებინათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიში.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილობითი განმარტების (19.11.18 Nშ-6/6150-18) შესაბამისად, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, როგორც კომისიაში წარსადგენი განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის, ისე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები მომზადების დასკვნით ეტაპზეა და მათი წარდგენა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 25 დეკემბერს.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილობითი განმარტების (27.12.2018 Nშ18-6/6790) თანახმად, მაუწყებლის საბანკო ანგარიშები სასამართლოს განჩინების შესაბამისად დაყადაღებულია, რის გამო კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების მომზადება დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და აღნიშნულის გამო კომპანიამ ვერ მოახერხა კანონით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ორგანოსთვის ზემოაღნიშნული ფინანსური დოკუმენტის წარდგენა.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ წერილობითი განმარტების ( 20.11.2018 N6/6162-18) შესაბამისად, კომპანია პირველად ახორციელებს აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების მომზადებას, რაც მოიცავს ხანგრძლივ პროცედურას და დოკუმენტის დასრულებისთანავე წარედგინება შესაბამის სამსახურს.
2018 წლის 30 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან კომისიაში კვლავ შემოვიდა წერილი იმ ავტორიზებული პირების განახლებული ჩამონათვალით, შესაბამისი კატეგორიების მითითებით, რომლებსაც კვლავ უფიქსირდებათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამსახურმა მოითხოვა კომისიისგან შესაბამისი რეაგირება წარმოდგენილ დარღვევასთან დაკავშირებით ან არსებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტდა 2018 წლის 17 დეკემბრის ელექტრონულ მიმოწერაში და დღეის მდგომარეობით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულება არ აქვთ შესრულებული შემდეგ ავტორიზებულ პირებს: შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ტელეიმედს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“.
შპს “ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 27 დეკემბერი. კომპანიებს გაეგზავნათ შეტყობინება და განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“-ს წარმომადგენლები.
შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენელმა ა. ლაშხმა წერილობით (27.12.2018 Nშ18-6/6791) აცნობა კომისიას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ უზრუნველყოფს კომპანიების ინტერესების დაცვას და იშუამდგომლა საკითხის ერთი კვირით გადადების თაობაზე. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი დასასრულს უახლოვდება. შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის, ხოლო სამაუწყებლო სფეროში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მონაცემების გასაჯაროება კონკურენტი მაუწყებლების ანალოგიური მონაცემების გასაჯაროების გარეშე, აღნიშნულ კომპანიებს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს და საფრთხეს შეუქმნის სამართლიანი და თანასწორი კონკურენტული გარემოს არსებობას, რის გამოც შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საკითხის განხილვისას უნდა იქნას გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება.
კომისიას ასევე წერილობითი შუამდგომლობით (27.12.2018 Nშ18-6/6790) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა და მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება, იმ მიზეზით, რომ კომპანიას ჰქონდა 2 დღე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გასაცნობად და ვერ უზრუნველყო წარმომადგენლის წარმოდგენა კომისიის სხდომაზე.
კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორის მოადგილე ვ.მღებრიანი, რომელმაც განაცხადა რომ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ხელმოწერილია და მომდევნო დღიდან (2018 წლის 28 დეკემბრიდან) შპს „კავკასუს ონლაინი“ დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს შესაბამისი ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარსადგენად.
კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი მ. კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე კომპანიას აქვს ერთნაერი პრობლემა ძირითადი საშუალებების გადაფასებასთან დაკავშირებით და სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტის - აუდირებული ანგარიშგებების წარსადგენად შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ ესაჭიროებათ კიდევ ერთი თვე.
კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე, ასევე გამოცხადდა ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ა.ედიშერაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია იმ სუბიექტების მიმართ, რომლებზედაც მისი სამსახური ახორციელებს ზედამხედველობას. ა. ედიშერაშვილის განმარტებით, კანონი არ ითვალისწინებს გადავადების შესაძლებლობას, ვინაიდან საუბარია წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე და სუბიექტებს მის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ. არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ა.ედიშერაშვილმა განმარტა, რომ ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აქვს უფლებამოსილება სანქცია გამოიყენოს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ წარადგენენ შესაბამის ანგარიშგებას, თუმცა სამსახურმა სუბიექტები გააფრთხილა და მისცა გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადა შესაბამისი ფინანსური დოკუმენტის წარმოსადგენად. მან ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან მსგავსი ვალდებულება სუბიექტებს დაეკისრათ პირველად, ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების დროს გაითვალისწინა ზოგიერთი სუბიექტის ობიექტურად გამამართლებელი გარემოება. ა. ედიშერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს აქვს ვალდებულება კომისიას აცნობოს მათ რეგულირებაში შემავალი პირების მხრიდან კანონის დარღვევის თაობაზე და შემდგომ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სუბიექტების მიმართ.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (06.1218 Nშ-10/6477-18);
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (02.11.2018 Nშ-6/5839-18);
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (30.11.2018 Nშ-6/6360-18);
- ელექტრონული მიმოწერა კომისიასა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის - კომისიას რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ ანგარიშგების წარდგენის თაობაზე ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია
- შპს „ახტელის“ (20.11.18 Nშ-6/6160-18), შპს „ახალი ქსელების“ (20.11.18 Nშ-6/6159-18), შპს „კავკასუს ონლაინის“ (19.11.18 Nშ-6/6150-18), შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (21.11.2018 N6/6185-18) და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ ( 20.11.2018 N6/6162-18) წერილები;
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (27.12.2018 Nშ18-6/6790) შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენლის ა.ლაშხის წერილი (27.12.2018 Nშ18-6/6791);
- შპს „ახტელის“, შპს ახალი ქსელების“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;
- ელექტრონული მიმოწერა კომისიასა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ახტელი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს, ხოლო შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენენ მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს.
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ I კატეგორიის საწარმოს, ხოლო შპს „ახტელი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენენ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის თანახმად, შპს „ახტელი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ვალდებულნი არიან მათთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შემდეგ ავტორიზებულ პირებს: შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ტელეიმედს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენიათ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.
- IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
- 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
კომისია განმარტავს, რომ ყველა ავტორიზებულ პირს, რომლებსაც არ ჰქონდათ წარდგენილი შესაბამისი ფინანსური დოკუმენტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, 2018 წლის 14 ნოემბერს მიმართა კომისიამ და მოსთხოვა შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენა. ამასთან, კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის თაობაზე კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.gncc.ge 2018 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდა დღის წესრიგი და ყველა კომპანიას გაეგზავნა და ჩაბარდა შეტყობინება იმავე/მომდევნო დღეს. ამდენად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ ყველა ავტორიზებულ პირს ჰქონდა გონივრული ვადა, რომ მომზადებულიყვნენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და უზრუნველეყოთ წარმომადგენლის მონაწილეობა საკითხის განხილვაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების: შპს „ტელეიმედის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ვალდებულება კომისიის რეგულირებაში შემავალ კომპანიებს დაეკისრათ პირველად, კომპანიებს შეექმნათ გარკვეული სირთულეები აღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით და სათანადო დოკუმენტის მოსამზადებლად ესაჭიროებათ დამატებითი დრო, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, არ გამოიყენოს სანქცია და ავტორიზებულ პირებს განუსაზღვროს ვადა 2019 წლის 15 თებერვლამდე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ტელეიმედს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დაევალოთ უზრუნველყონ, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
