წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 726 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 14:23

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2018

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2018 წლის 18 ოქტომბრის N602/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით.

        „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.

      ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №561/11 „შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940)  სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სილქნეტმა“ 2018 წლის 2 ნოემბრის №5062/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №5786-18 02.11.2018) აცნობა კომისიას შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის თაობაზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმა განხორციელდა 2018 წლის 1 ნოემბერს, რის საფუძველზეც, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22  გადაწყვეტილებაში.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2018 წლის 29 ნოემბერს კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

        კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი)  კომპანიებთან ანგარიშსწორებისას წარმოშობილი დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. არსებული მონაცემებით, რუსეთის მობილურ ქსელებში ზარების ტერმინაციის ფასია 19 აშშ ცენტი, აზერბაიჯანში 23,2 აშშ ცენტი, სომხეთში 18,3 აშშ ცენტი, ბელორუსიაში 30 აშშ ცენტი, უკრაინაში 18,5 აშშ ცენტი, თურქეთში  15,4 აშშ ცენტი და ა. შ. ამავე დროს, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას.  ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე.

            კომისიამ, ამასთან ერთად, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე აქციზის გადასახადის გადამხდელია ავტორიზებული პირი, რომელიც  ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას. შესაბამისად, აქციზის გადასახადის ბიუჯეტში შეტანაზე პასუხისმგებელია ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.

        კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაინერგა საერთაშორისო ზარების დასრულების  მონიტორინგისა და ტესტირების სისტემა. ამავე გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, ავტორიზებულ პირებს (შპს „მაგთიკომი“, შპს „ვიონი საქართველო“, სს „სილქნეტი“), პირდაპირი ურთიერთჩართვები აქვთ ორგანიზებული ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: „Tata Communications Deutschland GmbH“, „Telia Sonera Interrnational Carier Germany GmbH“, PJSC „VimpelCom“, „Armentel“, „Azintelecom“, „Beltelecom“, „Ukrtelecom“, „Deutsche telecom“, „Verizon“, „Turk telecom“, „Rostelecom“, „iBasis“, „MTT“, რომლებზეც მოდის ტერმინირებული საერთაშორისო ზარების ძირითადი ნაწილი (90%-ზე მეტი).

ამასთან ერთად, ავტორიზებული პირების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიაში წარმოდგენილი საერთაშორისო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაცია („CDR“) მოიცავს ყველა იმ მონაცემებს, რაც კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით აქვთ კომპანიებს დაკისრებული.

         ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა უნდა გააგრძელონ დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის შეტყობინება, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა.

        კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის ვარდნის არსებული ტენდენცია შეჩერდა და 2018 წლის განმავლობაში დასტაბილურდა.

      მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, გასულ პერიოდში შემომავალი საერთაშორისო ზარების შემცირება გამოწვეული იყო ხმოვანი საერთაშორისო ტრაფიკის მომსახურების ტრადიციული ტექნოლოგიების ჩანაცვლებით ისეთი ალტერნატიული მომსახურებებით, როგორებიც არის „Viber“, „WhatsApp“ და ა.შ. რაც მობილურ ქსელებში ინტერნეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია.

      კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი რეგულაცია უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის თანაბარ კონკურენტულ პირობებში ყოფნას, რაც განსაზღვრავს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის პირობების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე, კომისიის წევრები: კახი ბექაური და  გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი, კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე):

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :   

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და გადაწყვეტილების მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “2. დაევალოთ  შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2018 წლის 31 დეკემბრამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების  შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების  მომსახურების  მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:

ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;

ბ)   ანგარიშსწორების პირობები.

 „8. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი. უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის ყოველდღიურად შეტყობინება, მათ შორის, განხორციელებული სატესტო ზარების რაოდენობის შესახებ, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;

3. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

 

 

 

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები