შპს ,,მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2018 11:55
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018
შპს ,,მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/342-18; 22.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „მეტეხი 2014“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/342-18, 22.01.2018) თანახმად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018 წლის 11 იანვარს განხორციელდა შპს „მეტეხი 2014“-ს შემოწმება კომპანიის ოფისში, რომელსაც ესწრებოდა შპს „მეტეხი 2014“-ს ოპერატორი თ. დამბურაჯელი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N5. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „მეტეხი 2014“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “Интер +”, „რუსთვი 2“, „Кинопремьера”, „Кинохит“, „ერთსულოვნება“, “RTR планета”, „ობიექტივი“, “Viasat History”, „Россия К”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იბერია“, “Пятница”, „STV“, „Мир”, „TV3“, “Amedia Hit”, “ORT”, „აჭარა“, “РЕН ТВ”, „პალიტრა ტვ“, „Оруже“, „ტვ პირველი“, “CTC”, „HTB Мир”, “Феникс Кино”, “Доктор”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Охота и рыбалка”, „სილქ სპორტი 1“, “HI TV”, “XXI”, “C1”.
კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Интер +”, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, “RTR планета”, „ობიექტივი“, “Viasat History”, „Россия К”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იბერია“, „Мир”, “Amedia Hit”, “ORT”, „აჭარა“, “РЕН ТВ”, „პალიტრა ტვ“, „ტვ პირველი“, „Феникс Кино”, “Доктор”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Охота и рыбалка”, „სილქ სპორტი 1“, “HI TV”, “XXI”, “C1”.
2018 წლის 7 თებერვალს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადმოეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/679-18; 07.02.2018), რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან რიგ სამაუწყებლო არხებზე შპს „ნიუ კონტენტი“ აღარ აქვს რეტრანსლირების უფლების გამცემის უფლება. სამაუწყებლო არხების ჩამონათვალში, მითითებულია „Кинопремьера” და „Кинохит“, რომელთა ტრანზიტს შპს „მეტეხი 2014“ ახორციელებდა 2015 წლის პირველი აპრილის „სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მეტეხი 2014“-ის მიერ სამაუწყებლო არხების „Кинопремьера” და „Кинохит“ ტრანზიტი ხორციელდება არამართლზომიერად.
შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 8 თებერვალი. შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/375-18; 02.02.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „მეტეხი 2014“-ს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 8 თებერვალი სხდომაზე შპს „მეტეხი 2014“-ის წარმომადგენელმა ვ. მელიქიძემ წარმოადგინა, მისივე განმარტებით, რიგ სამაუწყებლო არხებზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 08.02.18, N6/716-18).
აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, 2018 წლის 8 თებერვალს კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 15 თებერვალს, რის თაობაზეც შპს „მეტეხი 2014“-ი შეტყობინებით გაფრთხილდა (N03/480-18, 09.02.18).
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „მეტეხი 2014“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე (კომისიაში რეგისტრაციი: N6/716-18, 08.02.18; N6/792-18, 14.02.18) დგინდება, რომ კომპანიას რიგ სამაუწყებლო არხებზე მოპოვებული ჰქონდა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი სანებართვო წერილები მონიტორინგის ჩატარების დღისთვის (11 იანვარი), თუმცა, აღნიშნული დოკუმეტები არ ჰქონდა წარმოდგენილი კომისიაში, რითაც შპს „მეტეხი 2014“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით ა) ქვეპუნქტი. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ 2016 წლის პირველი ივნისიდან შპს „მეტეხი 2014“-ს მოპოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლება სამაუწყებლო არხების - „Шансон ТВ”, “RTVi”, “Охота и рыбалка”, 2017 წლის 29 დეკემბრიდან სამაუწყებლო არხების - “Интер +”, “RTR планета”, „Россия К”, “XXI”, „Мир”, 2017 წლის 19 დეკემბრიდან სამაუწყებლო არხის - „საზოგადოებრივი მაუწყებლი I არხი“, 2017 წლის 21 დეკემბრიდან სამაუწყებლო არხების: „Кинопремьера”, „Кинохит“, 2018 წლის პირველი იანვრიდან სამაუწყებლო არხი - “РЕН ТВ”, “Доктор”, „პალიტრა ტვ“, „ტვ პირველი“.
ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ რიგ სამაუწყებლო არხთან შპს „მეტეხი 2014“-ის მიერ მონიტორინგის (11 იანვარი) ჩატარების შემდგომ განხორციელდა შესაბამისი სანებართვო წერილების გაფორმება, კერძოდ, სამაუწყებლო არხებთან „ობიექტივი“, „აჭარა“(სანებართვო წერილები გაფორმებულია 2018 წლის 7 თებერვალს), „ერთსულოვნება“ (სანებართვო წერილი გაფორმებულია 2018 წლის 13 თებერვალს), ხოლო რაც შეეხება სამაუწყებლო არხ „იბერიას“ წარმოდგენილ სანებართვო წერილზე არ არის მითითებულ თარიღი, შესაბამისად ვერ დგინდება როდის იქნა დადებული აღნიშნულ სამაუწყებლო არხთან სანებართვო წერილი.
კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის სხდომას ესწრებოდდნენ შპს „მეტეხი 2014“-ს წარმომადგენლები ვ. მელიქიძე და ა. პანიანი, რომელებმაც აღიარეს დარღვევა და განმარტეს, რომ 2018 წლის 11 იანვარს (მონიტორინგის ჩატარების დღე) შპს „მეტეხი 2014“-ს მიერ ხორციელდებოდა კომისიის სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 იანვრის N10/342-18 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის შემოწმების აქტი N5;
3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 7 თებერვლის N10/679-18 სამსახურებრივი ბარათი;
6. შპს „მეტეხი 2014“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. შპს „მეტეხი 2014“-ს მიერ 2018 წლის 8 და 14 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/716-18, 08.02.18; N6/792-18, 14.02.18);
8. შპს „მეტეხი 2014“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
9. შპს „მეტეხი 2014“-ს ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
10. შპს „ მეტეხი 2014“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2018 წლის 8 და 15 თებევრლის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,მეტეხი 2014” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 02/06/2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
- 2018 წლის 11 იანვარს, 13:50 საათზე, შპს „მეტეხი 2014“-ს ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, ლილოს დასახლება, პირველი მიკრორაიონი, მე-16 კორპუსი, მე-9 სართული. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,მეტეხი 2014“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №5. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე თ.დამბურაჯელი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, შპს ,,მეტეხი 2014“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: “Интер +”, „რუსთვი 2“, „Кинопремьера”, „Кинохит“, „ერთსულოვნება“, “RTR планета”, „ობიექტივი“, “Viasat History”, „Россия К”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იბერია“, “Пятница”, „STV“, „Мир”, „TV3“, “Amedia Hit”, “ORT”, „აჭარა“, “РЕН ТВ”, „პალიტრა ტვ“, „Оруже“, „ტვ პირველი“, “CTC”, „HTB Мир”, “Феникс Кино”, “Доктор”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Охота и рыбалка”, „სილქ სპორტი 1“, “HI TV”, “XXI”, “C1”;
- 2018 წლის 11 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 11 იანვრის №5 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს „მეტეხი 2014“-ის მიერ 2018 წლის 8 და 14 თებევალს Nშ-6/716-18 და Nშ-6/792-18 წერილებით წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია რიგ სამაუწყებლო არხზე, რომელთა რეტრანსლირებას შპს „მეტეხი 2014“-ის მართლზომიერად ახორციელებდა შემოწმების მომენტში (2018 წლის 11 იანვარი), თუმცა არხების პაკეტში ჩასმამდე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, კერძოდ, „Шансон ТВ”, „HTB Мир”, “RTVi”, “Охота и рыбалка”, “Интер +”, “RTR планета”, „Россия К”, “XXI”, “Доктор”, „საზოგადოებრივი მაუწყებლი I არხი“, „Кинопремьера”, „Кинохит“, “РЕН ТВ”, „ტვ პირველი“ და „პალიტრა ტვ“;
- 2016 წლის 10 მაისის N04/1363-16 წერილით, კომისიამ მიმართა ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „მეტეხი 2014“-ს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად კომპანიებს მოსთხივა მათ მიერ რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასელების კომისიაში 30 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა, აღნიშნული წერილი შპს „მეტეხი 2014“-ს 2016 წლის 14 მაისს ჩაბარდა;
- შპს „მეტეხი 2014“-ის მიერ 2018 წლის 8 და 14 თებევალს Nშ-6/716-18 და Nშ-6/792-18 წერილებით წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია რიგ სამაუწყებლო არხზე, რომელთა რეტრანსლირებას შპს „მეტეხი 2014“-ის მართლზომიერად ახორციელებდა შემოწმების მომენტში (2018 წლის 11 იანვარი), თუმცა, გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომპანიას მოპოვებული აქვს მართლზომიერად გადაცემის უფლება, კერძოდ, სამაუწყებლო არხზე „აჭარა“, „ობიექტივი“, „ერთსულოვნება“ „იბერია“ („იბერიას“ არ აქვს მითითებული გაფორმების თარიღი);
- შპს ,,მეტეხი 2014“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. „რუსთავი 2“, 2. “Amedia Hit”, 3. “ORT”, 4. „Феникс Кино”, 5. „სილქ სპორტი 1“, 6. “HI TV”, 7.“C1”, 8. „Viasat History”;
- შპს „მეტეხი 2014“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 15 თებერვალს კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ სატელევიზიო არხების: 1. „Феникс Кино”, 2. „ერთსულოვნება“, 3. “Amedia Hit”, 4. “ORT”, 5. „რუსთავი 2“, 6. „სილქ სპორტი 1“, 7. “HI TV”, 8. “C1”, 9. „აჭარა“, 10. „ობიექტივი“, 11. „იბერია“, 12. “Viasat History” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „მეტეხი 2014“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების 1. „Шансон ТВ”, 2. “RTVi”, 3. “Охота и рыбалка”, 4. “Интер +”, 5. “RTR планета”, 6. „Россия К”, 7. “XXI”, 8. „საზოგადოებრივი მაუწყებლი I არხი“, 9. „Кинопремьера”, 10. „Кинохит“, 11. “РЕН ТВ”, 12. „HTB Мир”, 13. “Доктор”, 14. „პალიტრა ტვ“, 15. „ტვ პირველი“, შესაბამისი ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „მეტეხი 2015“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მეტეხი 2014“-ს უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: 1. „Феникс Кино”, 2. “Viasat History”, 3. “Amedia Hit”, 4. “ORT”, 5. „რუსთავი 2“, 6. „სილქ სპორტი 1“, 7. “HI TV”, 8.“C1” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მეტეხი 2014” -ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „მეტეხი 2014“-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: 1. „Феникс Кино”, 2. “Viasat History”, 3. “Amedia Hit”, 4. “ORT”, 5. „რუსთავი 2“, 6. „სილქ სპორტი 1“, 7. “HI TV”, 8.“C1” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მეტეხი 2014“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „მეტეხი 2014“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეტეხი 2014“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „მეტეხი 2014“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილებზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
