შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2018 10:41
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018
შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „იუ ტივიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/235-18, 06/01/2018, შ-6/628-18, 05.02.2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5008, 24/03/2016) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობი) ტელემაუწყებლობის განხორციელება. როგორც წერილშია აღნიშნული ტელეკომპანია 2 თვეზე მეტია მაუწყებლობს საერთო ფორმატით, თუმცა ეს დადებითად არ ასახულა ტელევიზიის რეიტინგზე და არც ფინანსურ მხარეზე. მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოცდილება მიიღეს საინფორმაციო გამოშვების და პოლიტიკური თოქ-შოუს მომზადების მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის განვითარებისთის აუცილებელია კომპანია გადაერთოს მხოლოდ ქართული მუსიკალური რგოლების პოპულარიზაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიის ადგილმდებარეობა ოზურგეთშია საერთო მაუწყებელს არ აქვს განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად ითხოვენ არხის მოდიფიცირებას, რაც დადებითად უნდა აისახოს რეიტინგზეც და ფინანსურ მხარეზეც. წერილს თან ერთვის შპს „გურიის პრესკლუბთან“ 2017 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ურთიერთშეთანხმების აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ ტივი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-5008, 24/03/2016), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 31.05.2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „იუ ტივის“ წარმომადგენელი ხატია წითელაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5008, 24/03/2016) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირდეს შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5008, 24/03/2016) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობი) ტელემაუწყებლობა;
2. შპს „იუ ტივი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ ტივისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „იუ ტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „იუ ტივისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |