წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 93 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2018 10:24

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

შპსსუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 

I.   საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/439-18, 26.01.2018) თანახმად, 2018 წლის 17 იანვარს განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №10. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84. შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ა.კ.-სთან. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“,  „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“,  „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” (რუსული),“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Русский Экстрим”, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  “Amedia 1”, “Amedia2”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Домашний”, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da  vinchi”, „Детский“,  „Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge  TV“, “Mezzo”, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Россия К”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”,“Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს 2018 წლის 17 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „Русский Экстрим”, „Футбол 1“, НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”,“Кинокомедия”, „Индийское Кино“, „Кухня“, “Авто+”, „მარაო“, “კომედი არხი”, “Ля Минор”,“Жара”. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/439-18, 26.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა  შპს „სუპერ ტვ“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

2018 წლის 15 თებერვალს შპს „სუპერ ტვ“-მ წერილობით (შ-6/814-18) მომართა კომისიას და იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, ასევე წარმოადგინა შპს „მედია ჯგუფის“  წერილი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანია ადასტურებს შპს „სუპერ ტვ“-სთვის „Red Media”-ს 28 სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლების გადაცემის ფაქტს, მათ შოროს კომისიის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Кинокомедия”, „Индийское Кино“, „Кухня“, “Авто+”, “Ля Минор”. შპს „სუპერ ტვ“-სტვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 22 თებერვლისთვის.

2018 წლის 22 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი ლ.გახარია, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა სს „სილქნეტის“ სანებართვო წერილი,  2018 წლის პირველი იანვრიდან შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხის - „სილქ უნივერსალის“ საკუთარ ქსელში ტრანზიტის თაობაზე.

შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა ლ.გახარიამ ორ სამაუწყებლო არხთან - „Русский Экстрим”, „Футбол 1“ დაკავშირებით განაცხადა, რომ შპს „სუპერ ტვ“ აღნიშნულ არხებს არ გადასცემს საკუთარ ქსელში, რაც დადასტურდება ხელმეორე მონიტორინგის ჩატარების შემთხვევაში.

2018 წლის 22 თებერვლის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სეტანტა ირლანდიას“ წარმომადგენელი თ.უსტარაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი კომპანია არის საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოს ტერიტორიაზე. მისი განმარტებით, შპს „სუპერ ტვ“ „Футбол 1“-ს ათავსებს საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში სხვადასხვა დროს, გადასცემს საფრანგეთის ჩემპიონატს და ეს დაფიქსირებულია კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის 2018 წლის იანვრის მონიტორინგის შედეგებში და ასევე შპს „სეტანტა ირლანდიას“ მიერ ჩატარებული ფაქტის კონსტატაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს დახმარებით 2017 წლის ნოემბერში.   თ. უსტარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია შპს „სუპერ ტვ“-ს მიღებული ჰქონდეს   აღნიშნულ სამაუწყებლო არხზე ტრანზიტის ნებართვა, რადგან შპს „სეტანტა ირლანდიას“ „Футбол 1“-ის ექსკლუზიური ჩვენების უფლება აქვს მოპოვებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებიდან დამატებითი მოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად გამოიყო ქართული სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”-ის, „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროს“, „მარაოს“ და “კომედი არხის“ საკუთარ ქსელში გადაცემის გამო, შპს „სუპერ ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

II.    კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი 

მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/439-18, 26.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 17 იანვრის შემოწმების აქტი N10;
  3.  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. შპს „სუპერ ტვ“-ს 2018 წლის 15 თებერვლის წერილი (შ-6/814-18) თანდართული შპს „მედია ჯგუფის“ სანებართვო წერილით;
  5. შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი სს „სილქნეტის“ სანებართვო წერილი;
  6. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (12.02.18. Nშ-10/755-18);
  7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ს შესახებ;
  8. შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის ლ.გახარიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის   2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე;
  9. შპს „სეტანტა ირლანდიას“ წარმომადგენლის თ.უსტარაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის   2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე.

III.   კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.01.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებით და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „სუპერ ტვ“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2018 წლის 17 იანვარს, 21:58 საათზე, შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ა. კ.-სთან, მისამართზე: ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №10.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ა.კ;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“,  „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“,  „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” (რუსული),“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Русский Экстрим”, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  “Amedia 1”, “Amedia2”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Домашний”, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da  vinchi”, „Детский“,  „Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge  TV“, “Mezzo”, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Россия К”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”,“Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“.  
  5. 2018 წლის 17 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 17 იანვრის №10 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  6. შპს „სუპერ ტვ“-ს 2018  წლის 17 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „Русский Экстрим”, „Футбол 1“, НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”,“Кинокомедия”, „Индийское Кино“, „Кухня“, “Авто+”, „მარაო“, “კომედი არხი”, “Ля Минор”,“Жара” მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;  
  7. შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი სანებართვო წერილების გათვალისწინებით, შპს „სუპერ ტვ“ 2018 წლის 17 იანვრის მდგომარეობით არამართლზომიერად გადასცემდა სამაუწყებლო არხებს: „Русский Экстрим” და „Футбол 1“;
  8. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 29.02.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  9. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სუპერ ტვ“-ს 2013 წლის 18 იანვარს  ჩაბარდა. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  10. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (12.02.18. Nშ-10/755-18) თანახმად, შპს „სუპერ ტვ“-ს ბოლო ერთი წლის შემოსავალი აღემატება 30 000 ლარს.
  11. შპს „სუპერ ტვ“-ს კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N534/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია  სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   „საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. „ბერნის კონვენციისა“ და „ისმო-ს ხელშეკრულების“  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „Русский Экстрим” და „Футбол 1“-ის  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ანალოგიურ დარღვევაზე კომისიის მიერ გაფრთხილების დაკისრებიდან არ გასულა ერთი წელი, შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა ბოლო თორმეტი თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობით, ხოლო ვინაიდან შპს „სუპერ ტვ“-ს ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5 % აღემატება 30 000 ლარს, შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ სამაუწყებლო არხების: „Русский Экстрим” და „Футбол 1“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

1. შპს „სუპერ ტვ“-ს დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-მ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.  უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „Русский Экстрим” და „Футбол 1“  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6)  შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს   (ნ. ჯანელიძე).

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი მეორე და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები