წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს “ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-16 / 404

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2019 18:05

მიღების თარიღი ივლისი 11, 2019

შპს „ახალ ქსელებსა“  და შპს „მაგთიკომს “ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (19-10-978, 10.06.2019) ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019), რომელიც ეხება შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ შპს „მაგთიკომის“ საერთაშორისო დაშვების კოდი „1010“-ით განხორციელებულ არასანქცირებულ სატელეფონო ზარებს და ამასთან დაკავშირებით, ის კომისიისაგან ითხოვს თანხმობას შპს „მაგთიკომის“ საერთაშორისო დაშვების კოდის „1010“-ის  შეზღუდვასთან დაკავშირებით.

2019 წლის 24 მაისს, შპს „ახალი ქსელების“ განცხადება გადაეგზავნა შპს „მაგთიკომს“ განსახილველად და მოსაზრებების წარმოსადგენად. ხოლო, 2019 წლის 27 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019), სადაც შპს „ახალი ქსელები“ კომისიას აწვდის ინფორმაციას მისი აბონენტის - შპს „ბაჯითის“ არასანქცირებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე. ასევე, 2019 წლის 31 მაისს შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2481, 31.05.2019).

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (19-10-978, 10.06.2019) ასევე ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ იქნა აღნიშნული საკითხი და მიაჩნია: 1. შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ მოხდა შპს „მაგთიკომის“ საერთაშორისო დაშვების კოდის „1010“-ს არასანქცირებული სარგებლობა. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების საფუძველზე , ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქსელი და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.   2. შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ კომისიისგან მიიღოს თანხმობა შპს „მაგთიკომის“ საერთაშორისო დაშვების კოდის „1010“ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების  ნუმერაციის  სისტემის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის N355 დადგენილების მე-6 მუხლის, „გ“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019) აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის მოქმედი მომსახურების  ხელშეკრულების    შესაბამისად,    შპს    „ახალი    ქსელები“    ახორციელებს    შპს „მაგთიკომის“       დაშვების     კოდით     „1010“     განხორციელებულ     საერთაშორისო     ზარებზე, აბონენტისათვის მაგთიკომის მიერ დარიცხული თანხების ამოღებას. 2019 წლის 13 აპრილს შპს „ახალი ქსელების“  აბონენტის სატელეფონო ნომრიდან  განხორციელდა საერთაშორისო ზარი შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ გამოყენებით. ზარი იყო არასანქცირებული, რის გამოც შპს „მაგთიკომის“ მიერ მოხდა აღნიშნული კოდის ჩაკეტვა. ამასთან, მხარეთა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ, ელექტრონული მიმოწერით, მოხდა დადასტურება აღნიშნული ფაქტის.

შპს „ახალი ქსელების“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019) ასევე აღნიშნულია, რომ იგივე აბონენტმა განახორციელა ზარები შპს „ახალი ქსელების“ არჩევის კოდით „1065“, რაზეც შპს „ახალი ქსელის“ ფროდის სისტემამ იმოქმედა და აბონენტს შეუზღუდა „1065“ კოდი.

 შპს „ახალი ქსელების“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ   დაშვების კოდი „1010“ წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ პროდუქტს და შესაბამისად, ამ კოდით განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირიც შპს „მაგთიკომია“, შპს „ახალმა ქსელებმა“ მიმართა   შპს„მაგთიკომს“  და განუმარტა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია დაუკავშირდა აბონენტს, რომელმაც უარყო ზარების განხორციელების ფაქტი და უარი განაცხადა აღნიშნული საერთაშორისო ზარების ღირებულების გადახდაზე, რის გამოც თუ შპს „მაგთიკომი“ აღნიშნულ მომსახურებას ჩასვამდა გასული თვის საანგარიშო პერიოდში, მის ამოღებაზე პასუხისმგებელი შპს „ახალი ქსელების“ ვერ იქნებოდა და ამ ნაწილში ის მომსახურებას ვერ გაუწევდა შპს „მაგთიკომს“. ეს დავა იყო მომხმარებელსა და მომსახურების განმახორციელებელ ოპერატორს შორის.

შპს „ახალი ქსელების“ ამ წერილზე შპს „მაგთიკომმა“ უპასუხა, რომ ნებისმიერი ოპერატორის კანონისმიერი ვალდებულებაა საკუთარი ქსელის დაცვა არასანქცირებული სარგებლობისაგან და ვინაიდან, ამ არასანქცირებულ სარგებლობას ადგილი ჰქონდა შპს „ახალი ქსელების“ ქსელიდან, მას უნდა უზრუნველეყო აბონენტისაგან დარიცხული თანხის ამოღება.

შპს „ახალი ქსელების“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019) თანახმად, კომპანიას მიაჩნია, რომ ოპერატორი, რომლის მომსახურებითაც სარგებლობს აბონენტი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარი ქსელის უსაფრთხოებაზე და რისკსაც, ასეთი უსაფრთხოების ხელყოფისა, უნდა იღებდეს მომსახურების გამწევი პირი. შესაბამისად, თუ შპს „მაგთიკომი“ უარს ამბობს ამ პასუხისმგებლობაზე და მომავალში შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც მაგთიკომი შესაძლოა განძრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ უზრუნველყოფს მომსახურების სწრაფ შეზღუდვას და წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებაზე დავას თავის მომხმარებელთან, შპს „ახალი ქსელები“ ვერ განახორციელებს ამ დაშვების კოდით განხორციელებული მომსახურების თანხების დარიცხვას და ამოღებას, რის გამოც შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს თანხმობას, რათა შეზღუდოს შპს „მაგთიკომის“ „1010“ დაშვების კოდი და არ გააქტიუროს იგი მოთხოვნის შემთხვევაში.

მოთხოვნა: შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს შპს „მაგთიკომის“ არჩევის მოკლე კოდის „1010“ შეზღუდვას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, შპს „ახალი ქსელების“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019) აღნიშნულია, რომ 2019 წლის 13 აპრილს შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის - შპს „ბაჯითის“ სახელზე რიცხული სატელეფონო ნომრიდან განხორციელდა საერთაშორისო ზარები შპს „ახალი ქსელების“ დაშვების კოდის „1065“ და შპს „მაგთიკომის“ დაშვების კოდის „1010“-ის გამოყენებით. აღნიშნული ზარები იყო არასანქცირებული, რის გამოც როგორც შპს „მაგთიკომის“ მხრიდან, ისე შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან მოხდა აღნიშნული დაშვების კოდების ჩაკეტვა. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია დაუკავშირდა აბონენტს, რომელიც უარყოფს ზარების განხორციელების ფაქტს, აცხადებს, რომ განხორციელდა კიბერთავდასხმა, უარს აცხადებს საერთაშორისო ზარების ღირებულების გადახდაზე და მოითხოვს შპს „ახალი ქსელების მიერ მოხდეს მომსახურების აღდგენა. შპს „ახალი ქსელების“ წერილში ასევე აღნიშნულია, ვინაიდან ზემოაღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კომპანიამ, საკითხის შესწავლის მიზნით, ასევე მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

შპს „ახალი ქსელების“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019) ასევე აღნიშნულია, რომ  შპს „ბაჯითის“ სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებული საერთაშორისო ზარების შედეგად დავალიანება შპს „ახალი ქსელების“ მიმართ შეადგენს 3568.13 (სამი ათას ხუთას სამოცდარვა ლარი და 13 თეთრი) ლარს, ხოლო შპს „მაგთიკომის“ მიმართ 4261.84 (ოთხი ათას ორას სამოცდაერთი ლარი და 84 თეთრი) ლარს. მხარეებს შორის 2018 წლის პირველ მარტს გაფორმებულ იქნა მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფდა შპს „ბაჯითისათვის“ ელექტრონული კომუნიკაციების მიწოდებას, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. მომხმარებელს მიწოდებული მომსახურება არ უნდა გამოეყენებინა უკანონო მიზნებისთვის, კერძოდ ხელშეკრულების 5,1 მუხლი ადგენს, რომ მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ შესახებ კომისიის რეგლამენტით  და  სხვა  კანონით.  შპს  „ახალი  ქსელების“  წერილში  ასევე  აღნიშნულია,  რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზებული პირის ვალდებულებას უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უსაფრთხოება. სწორედ ქსელის უსაფრთხოებას ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაშვებული შეზღუდვები, რომლის მიზანია ერთის მხრივ ქსელის უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლო ზიანის თავიდან აცილება (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კუთხით). ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული კომისიის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საერთაშორისო შემომავალი ზარის „A“ ნომერის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების და სხვა სახის თაღლითობის (ე.წ. „ფროდის“) გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის დროული აღმოფხვრის მიზნით, ავტორიზებულ პირებს უნდა მიეცეთ საერთაშორისო შემომავალი ზარის დასრულების მომსახურების შეჩერების უფლება.

შპს „ახალი ქსელების“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ განხილული რეგულაციების, აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის გათვალისწინებით, განსაზღვრულია საეჭვო ზარების შემთხვევაში, მომსახურების შეჩერების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც წერილშია აღნიშნული, შპს „ბაჯითის“ მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რის საპასუხოდაც შპს „ახალი ქსელების“ მიერ შეტანილ იქნა განცხადება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 24 მაისის Nგ-19-11/1473 წერილის პასუხად კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის მოქმედებს ხელშეკრულება,  რომლის საფუძველზეც  შპს  „ახალი ქსელები“ უზრუნველყოფს  შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ საშუალებით განხორციელებული ზარების საფასურის დარიცხვას და აბონენტისგან ამოღებას.

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილების მე-15 მუხლის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც  წამოიწყო  ზარი,  ვალდებულია  უზრუნველყოს  გაწეული  მომსახურების  საფასურის ამოღება აბონენტისგან, ოპერატორის არჩევის კოდის მფლობელის, ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში (აბონენტთან დაშვების მსურველი პირი), სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. ხოლო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქსელი და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.

შპს „მაგთიკომის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019) აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზარი განხორციელდა შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ  და  შესაბამისი  ზარის  ინიცირება  განხორციელდა  შპს  „ახალი  ქსელების“  ქსელიდან.  შპს „მაგთიკომის“ ფროდის სისტემამ, როგორც კი დააფიქსირა საეჭვო ტრაფიკი, განახორციელა მისი მყისიერი დაბლოკვა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შპს „ახალი ქსელების“ ტექნიკურ სამსახურს. ამდენად, არასანქცირებული ტრაფიკი გენერირებული იყო შპს „ახალი ქსელების“ ქსელიდან შპს „მაგთიკომის“ ქსელის მიმართულებით. ამდენად, შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილების მე-15 მუხლის ვ) ქვეპუნქტის და შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება საკუთარი აბონენტისაგან. შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ საჩივრის მოთხოვნა - შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის შეზღუდვის თაობაზე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 20 ივნისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით N გ-19-03/1748, 14/06/2019; N გ-19-03/1749, 4/06/2019) ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „მაგთიკომს“. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ წერილობითი  შუამდგომლობა  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-6/2737,  19.06.2019) მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ კომპანიის იურისტი იმყოფება შვებულებაში, საქართველოს საზღვრებს გარეთ, 2019 წლის 24 ივნისამდე.

2019 წლის 20 ივნისის, კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი  და არ გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი.

კომისიის 2019 წლის 20 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „ახალი ქსელების“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2737, 19.06.2019), რომელიც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, 2019 წლის 20 ივნისს დანიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 27 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მაგთიკომი“ სხდომაზევე გაფრთხილდა საქართველოს   კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობა კომისიის 2019 წლის 21 ივნისის შეტყობინებით (Nგ-19-03/1798, 21/06/2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 21 ივნისს.

კომისიაში 2019 წლის 26 ივნისს შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2794, 26.06.2019) თანდართული დოკუმენტით (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილი N7250/15-04-02, 12.06.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას სურს გამოყოს კონკრეტული გარემოებები რომლებიც კომისიისთვის საინტერესო უნდა იყოს საკითხის სრულყოფილი შეფასების თვალსაზრისით. კერძოდ, კომისიის მოხსენებით ბარათში (N19-10-978, 10.06.2019) ხაზგასმულია ქსელის უსაფრთხოების მნიშვნელობა, რაც შპს „ახალი ქსელების“ აზრით ირელევანტურია იმდენად რამდენადაც, განვითარებული მოვლენები  ნათლად  მიუთითებს  შპს  „ახალი  ქსელების“  მიერ  ქსელის  უსაფრთხოების  დაცვას.

კერძოდ, ხსენებული გამოიხატა არასანქცირებული ზარების გამოვლენასა და კომპანიის დაშვების კოდის ჩაკეტვაში.

ასევე, შპს „ახალი ქსელების“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2794, 26.06.2019) აღნიშნული, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა ქსელის უსაფრთხოების ღონისძიებებს, არამედ პასუხისმგებლობის განსაზღვრის მომენტს. არსებული მოცემულობის თანახმად, სახეზეა არასანქცირებული ზარების განხორციელებით დამდგარი ზიანი, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენა წარმოადგენს კომპანიისთვის მნიშვნელოვან ასპექტს. როგორც წერილშია აღნიშნული, საკამათო საკითხს არ წარმოადგენს, ის გარემოება, რომ ქსელის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცულობის პირობებშიც კი შეუძლებელია სრულად გამოირიცხოს არასანქცირებული ქმედებების განხორციელების რისკი. შესაბამისად, ამგვარი რეალობის დადგომისას, არსებით მნიშვნელობას იძენს იმ სუბიექტის განსაზღვრა, რომელიც წარმოადგენს არასანქცირებული ზარების განხორციელების შედეგად მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირს.

შპს „ახალი ქსელების“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2794, 26.06.2019) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მოსაზრების თანახმად,  შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია უზრუნველყოს აბონენტისაგან გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება. შპს „მაგთიკომი“ არ ითვალისწინებს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ განსახილველი ვითარებისას სახეზე არ არის მომსახურების გაწევისა და საფასურის ამოღების   „კლასიკური შემთხვევა“, იმდენად რამდენადაც აბონენტი უარყოფს მის მიერ არასანქცირებული ზარების განხორციელებას. დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს კი არ შეიძლება შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენდეს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზიანი, რომელიც დაუდგა „მაგთიკომს“ არამართლზომიერი მოქმედების შედეგად, რაც უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ, რაზეც მოკვლევა უკვე მიმდინარეობს (თანდართული დოკუმენტაციით წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის N7250/15-04-02, 12.06.2019 წერილი), არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნას შპს „ახალი ქსელების“ მიერ. ეს შემთხვევა ემსგავსება დაზღვეულსა და დამზღვევს შორის ურთიერთობას, რაც სცდება, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების სახეებს, ისე ნუმერაციის რესურსის გააქტიურებისა და დაშვების ვალდებულებებს. შესაბამისად, „მაგთიკომის“ პოზიცია ფაქტობრივ რეალობას ნაკლებად ემყარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ საკითხის სწორად განხილვისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, აუცილებელია კომისიის მიერ მოხდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაზე მსჯელობა. მაშასადამე, განხილვა უნდა მოიცავდეს  (ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში ) გამოვლენილი არასანქცირებული ზარების შედეგად დამდგარ დავალიანებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

კომისიის 2019 წლის 27 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია და მაკა ლოლიაშვილი. ასევე სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.

კომისიის 2019 წლის 27 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე ხათუნა ინჯიამ აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ, რომელიც არის იურიდიული პირი, განხორციელდა „ფროდის“ ტიპის ზარები. ფროდი განხორციელებულ იქნა თავდაპირველად შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდით „1010“, რომლის ჩაკეტვის შემდეგ, იგივე სახის ზარები განხორციელდა შპს „ახალი ქსელების“ არჩევის კოდით „1065“. აღნიშნული კოდის ჩაკეტვის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო დავა მომხმარებელთან. აღნიშნული დავა მომხმარებელთან ამ ეტაპზე დასრულებულია, რადგან მომხმარებელმა სატელეფონო ნომერი დააპორტირა სხვა კომპანიაში. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ აბონენტი დავალიანებას და ზარების განხორციელების ფაქტს არ აღიარებს. მომხმარებლის განცხადებით, ეს იყო გარედან განხორციელებული შეტევა მის აპარატურაზე. შპს „ახალმა ქსელებმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია შესასწავლად გადასცა საგამოძიებო ორგანოებს. მათ საგამოძიებო ორგანოდან აქვთ წერილობითი დასტური, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველი რჩება მეორე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მათ მიმართეს კომისიას. აღნიშნული საკითხი შეეხება შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთობის რეგულირების ნაწილს - როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში. შპს „ახალ ქსელებს“ აქვს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები სხვადასხვა იურიდიულ პირებთან, მათ შორის შპს „მაგთიკომთან“. ისინი ააქტიურებენ ამა თუ იმ დაშვების კოდებს. ამავე ხელშეკრულებით შპს „ახალი ქსელები“ იღებს ვალდებულებას, ჩვეულებრივ მომსახურების განხორციელების პირობებში მოახდინონ განხორციელებული ზარების საფასურის დარიცხვა და თანხების ამოღება, თავად ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად. ეს ჩვეულებრივი მომსახურების ტიპია და ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ მხარეებს ერთმანეთთან. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, ზარალი, რომელიც დადგა, არ არის გამოწვეული ჩვეულებრივი მომსახურების პირობებში. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ როგორც შპს „მაგთიკომის“, ისე შპს „ახალი ქსელების“ ტექნიკურმა სამსახურებმა ელექტრონული წერილების გაცვლის საშუალებით დააფიქსირეს, რომ ადგილი ჰქონდა „ფროდს“. შესაბამისად, ზარალის წარმოშობის საფუძველი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ვინაობა არ არის ცნობილი, ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის ნაწილია.

კომისიის 2019 წლის 27 ივნისის სხდომაზე ხათუნა ინჯიამ აღნიშნა, რომ ითხოვენ ურთიერთჩართვის შეჩერებას შპს „მაგთიკომთან“, ვინაიდან არჩევის კოდი ურთიერთჩართვის ნაწილია, მაგრამ, საუბარი არ არის სრულ ურთიერთჩართვაზე. საუბარია „1010“ არჩევის კოდის გააქტიურების შეზღუდვაზე - არჩევის კოდის შეზღუდვაზე.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში - ვინაიდან შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის მეშვეობით მოხდა ფროდის შემთხვევა, ამის გამო შპს „ახალ ქსელებს“ უნდა მიეცეს უფლება, რომ მისმა აბონენტებმა „1010“ კოდის არჩევის შემთხვევაში შპს „მაგთიკომის“ მომსახურებით არ ისარგებლონ. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში შპს „მაგთიკომს“ აქვს მარტივი პოზიცია, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუ შპს „ახალი ქსელების“ აბონენტმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ შპს „მაგთიკომს“ მომსახურება შეუწყვიტონ.

ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ   თუ ფროდი იქნება დაფიქსირებული, უნდა გადაწყდეს ზარალს თანაბრად გაიყოფენ თუ არა მხარეები და უნდა გადაწყვიტონ რომელი მხარეა პასუხისმგებელი ამ საკითხზე. მას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კომისია ვერ იმსჯელებს. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია კომისიამ გააკეთოს შეფასებები და მითითებები, თუმცა ამ ურთიერთობის დარეგულირება უნდა ხდებოდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მსგავსი საკითხები ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სურს ფაქტობრივ გარემოებებს დაამატოს, რომ ფროდი აღმოჩენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ მიერ და არა შპს „ახალი ქსელების“ მიერ. ფროდის შემთხვევის შესახებ შპს „მაგთიკომმა“ აცნობა შპს „ახალ ქსელებს“. მან განმარტა, რომ მათმა სისტემამ დააფიქსირა საეჭვო ზარები, რიც შესახებაც შპს „ახალი ქსელებიც“ იქნენ ინფორმირებულნი და ამის შემდეგ შეწყდა ზემოაღნიშნული მომსახურება.

შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების და მტკიცებულებების,  ასევე  კომისიის  მოსამზადებელ  სხდომაზე  შპს  „ახალი  ქსელების“  და  შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების  შესაბამისად,  ავტორიზებულ  პირს  უფლება  აქვს  მიმართოს  კომისიას  დავის განხილვისა   და   გადაწყვეტის   მიზნით;   მხარეები   კომისიაში   საქმის   წარმოებას   იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის     ოპერატორის    მიერ    მოქმედი    ურთიერთჩართვის    ხელშეკრულების    პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ახალი ქსელები“ და შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაწყებულიყო    შპს    „ახალ    ქსელებსა“    და    შპს    „მაგთიკომს“    შორის    არსებული    დავის განხილვა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, რომლითაც დავის განხილვის დღედ  განისაზღვრა

2019 წლის 11 ივლისი, 15:00 საათი, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 5 ივლისს შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2897, 05.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შუამდგომლობა სამოქალაქო საქმეზე; შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის  2007  წელს  გაფორმებული  ურთიერთჩართვის  ხელშეკრულება;  შპს  „ახტელსა“  და  შპს „საქართველოს ტელეკომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში). შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2897, 05.07.2019)  კომისიის წერილით (Nგ-19-03/2112, 09.07.2019) გადაეგზავნა შპს „მაგთიკომს“, ასევე,  შპს „მაგთიკომს“ ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი ქსელები“ ახორციელებს მისი აბონენტის მიერ შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის საშუალებით განხორციელებული ზარების საფასურის დარიცხვასა და აბონენტისაგან ამოღებას. კომისიის წერილი (Nგ-19-03/2112, 09.07.2019) შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა 2019 წლის  10 ივლისს. 

2019 წლის 10 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/2958, 10.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ახალ ქსელებსა და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება).

კომისიის 2019 წლის 11 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები ხათუნა ინჯია და მაკა ლოლიაშვილი. ასევე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები ლევან გიორგაძე და დავით ძიძიგური.

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ კომისიის 2019 წლის 11 ივლისის სხდომაზე   აღნიშნა,   რომ   შპს   „ბაჯითის“   -   აბონენტის   მხრიდან   ვალი   წარმოშობილია   შპს „მაგთიკომის“ წინაშე. აბონენტს აქვს თანხის გადახდის  ვალდებულება შპს „მაგთიკომის“ მიმართ. აბონენტს შეუძლია პირდაპირ გადაიხადოს ეს თანხა, ასევე ამომღების (შპს „ახალი ქსელები“) გზით. აბონენტმა პირდაპირ რომ გადაიხადოს შპს „მაგთიკომში“ ვალი, შპს „მაგთიკომს“ შეუძლია ამ თანხის მიღება. როგორც კი აბონენტი ირჩევს შპს „მაგთიკომის“ დაშვების კოდს „1010“-ს, ის ავტომატურად ხდება შპს „მაგთიკომის“ პროდუქტის მომხმარებელი.

ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ერთი ოპერატორის კოდი აქტიურდება სხვა ოპერატორთან, ეს ურთიერთჩართვის ნაწილია. ანუ შპს „ახალი ქსელების“ ქსელის საშუალებით მეორე ოპერატორი უწევს თავის მომსახურებას  შპს „ახალი ქსელების“ აბონენტს. ეს აბონენტი შპს „ახალი ქსელების“ აბონენტია და მისი ქსელით სარგებლობს, მაგრამ როდესაც შპს „მაგთიკომი“ ხდება მომსახურების გამწევი, ამ შემთხვევაში წარმოიშვება ურთიერთობა შპს „მაგთიკომსა“ და აბონენტს შორის. კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელს პრეტენზია აქვს განხორციელებულ ზართან დაკავშირებით, შპს „ახალმა ქსელებმა“ უნდა მიმართოს შპს „მაგთიკომს“ და შპს „მაგთიკომმა“ მათ კომპანიას უნდა მისცეს დასაბუთება. თუ შპს „ახალ ქსელებს“ მისი აბონენტი განუცხადებს, რომ შპს „მაგთიკომთან“   გააჩნია პრეტენზია, შეუძლია თავადაც მიმართოს ამ კომპანიას ან მიმართოს შპს „ახალ ქსელებს“. შპს „ახალი ქსელები“ სხვა კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებაზე პასუხს ვერ გასცემს მომხმარებელს, ის უნდა გადაამისამართოს შპს „მაგთიკომში“.

ხათუნა ინჯიას განმარტებით, იმისთვის, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ აბონენტს თანხა მოთხოვოს, თვის განმავლობაში შპს „მაგთიკომმა“ მათ უნდა წარუდგინოს დარიცხვების შესახებ ინფორმაცია   (რომელ   აბონენტს   რამდენი   უნდა   დაარიცხოს).   დათვლას   ახორციელებს   შპს „მაგთიკომი“, რომლის საფუძველზეც შპს „ახალმა ქსელებმა“ უნდა განახორციელოს დარიცხვა და თანხების ამოღება. მათი პოზიციაა, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომს“ წარმოეშვა ზარალი არასანქცირებული ზარის განხორციელების შედეგად, ასეთ შემთხვევაში, თავად შპს „მაგთიკომმა“ უნდა ამოიღოს თანხა.

ხათუნა   ინჯიამ   ასევე   აღნიშნა,   რომ   შპს   „ახალი   ქსელები“   ითხოვს   ქმედებას   (შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ შეზღუდვის მიზნით ურთიერთჩართვის შეჩერებას), კონკრეტული ფაქტის დადგომიდან გამომდინარე. ეს არ არის თეორიულ მაგალითებზე აგებული მოთხოვნა. მისი აზრით, კომისიას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, როგორ უნდა იმოქმედოს ოპერატორებმა ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში. მაგ: გადადონ თანხის დარიცხვა და არ მოთხოვოს თანხის ანაზღაურება იმ ვადამდე, სანამ პროკურატურა არ დაადგენს ფაქტებს ან სხვა.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, აღნიშნა, რომ  სწორი პროცედურა, რომელიც  მხარეებს  შორისაა  ჩამოყალიბებული,  შემდეგნაირია  -  ვინაიდან  მომხმარებელი  შპს „ახალი ქსელების“ აბონენტია, იგი პრეტენზიას აფიქსირებს შპს „ახალ ქსელებთან“ და თუ შპს „მაგთიკომის“ დახმარება არის საჭირო ამ პრეტენზიის განსახილველად, ვინაიდან მათი კოდის გამოყენება მოხდა, შპს „მაგთიკომი“ თანამშრომლობს შპს „ახალ ქსელებთან“, რომ ამ პრეტენზიის მოგვარებაში დაეხმარონ მათ. ასევე განმარტა, რომ როდესაც  შპს „მაგთიკომში“ მიდის პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ შპს „ახალი ქსელების“ აბონენტია, შპს „მაგთიკომი“ ამ აბონენტის იდენტიფიკაციასაც ვერ ახდენს, შესაბამისად, ვერც პრეტენზიას ვერ განიხილავს. შპს „მაგთიკომს“ სამართლებრივი ურთიერთობა ამ პირთან არ აქვს. შპს „მაგთიკომისთვის“ ცნობილია, მხოლოდ რომ გარკვეულმა ნომერმა ისარგებლა „1010“ მომსახურებით, თუმცა ამ სატელეფონო ნომრის მფლობელის შესახებ ინფორმაციას ფლობს შპს „ახალი ქსელები“. შესაბამისად, პრეტენზიის განხილვა ასეთ შემთხვევაში მათ კომპანიაში ვერ მოხდება. 

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ ასევე დასძინა, რომ  შპს „მაგთიკომმა“ წარუდგინა  შპს  „ახალ  ქსელებს“  საოქმო  გადაწყვეტილება,  სადაც  დაფიქსირებულია,  რომ  შპს „ბაჯითის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო ზარისთვის დარიცხული თანხა გადასახდელი აქვს შპს „ახალ ქსელებს“.   შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან ხელი არ არის მოწერილი და არც პრეტენზია არ წარმოუდგენია მათთან.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ფროდის შემთხვევებში მათი საერთაშორისო პარტნიორები ძირითადად მათგან ითხოვენ თანხის ანაზღაურებას, თუმცა ზოგ შემთხვევებში, თუ ფროდი დადასტურდა, შესაძლებელია მოხდეს გადასახდელი თანხის ნაწილობრივი გადაანგარიშება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 11 ივლისის სხდომაზე როგორც შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებმა, ისე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მხარეებს შორის დღემდე მოქმედებს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009  წლის  პირველ  აპრილს  ძალაში  შესული  ხელშეკრულება  და  შპს  „ახალ  ქსელებსა“  და  შპს „მაგთიკომს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

 1. კომისიის    აპარატის    სატელეკომუნიკაციო    ინფრასტრუქტურისა    და    ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (19-10-978, 10.06.2019);

2.  შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019);   

3. შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019);

4. კომისიის 2019 წლის 24 მაისის Nგ-19-11/1473 წერილი გაგზავნილი შპს „მაგთიკომისთვის“;

5.შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019);

6. კომისიის შეტყობინებები Nგ-19-03/1748, 14/06/2019 და Nგ-19-03/1749, 4/06/2019 გაგზავნილი შპს „ახალი ქსელებისთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“;

7. შპს  „ახალი  ქსელების“  წერილობითი  შუამდგომლობა  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-6/2737, 19.06.2019);

8.  შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2794, 26.06.2019);

9.   შპს   „ახალი   ქსელების“   წერილი   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-19-6/2897, 05.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შუამდგომლობა სამოქალაქო საქმეზე; შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „ახტელსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში);

10.  ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ახალი ქსელების“ შესახებ;

11. შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2958, 10.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ახალ ქსელებსა და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება);

12.      კომისიის   2019   წლის   11   ივლისის   სხდომაზე   მხარეების   მიერ   გაკეთებული   ახსნა- განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს „ახალი ქსელების“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019) აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს შორის“ მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ახალი ქსელები“ ახორციელებს შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდით „1010“ განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე, აბონენტისათვის შპს „მაგთიკომის“ მიერ დარიცხული თანხების ამოღებას. ასევე, შპს „მაგთიკომის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019) აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის მოქმედებს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი ქსელები“ უზრუნველყოფს შპს

„ახალი ქსელების“ აბონენტის მიერ შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ საშუალებით განხორციელებული ზარების საფასურის დარიცხვას და აბონენტისგან ამოღებას. კომისიის სხდომაზე   მხარეთა   ახსნა   განმარტებების   შესაბამისად,   შპს   „ახალ   ქსელებსა“   და   შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009 წლის პირველ აპრილს ძალაში შესული ხელშეკრულება დღეის მდგომარეობით მოქმედია და შპს „მაგთიკომი“ და შპს „ახალი ქსელების“ აღნიშნული ხელშეკრულები პირობების შესაბამისად მოქმედებენ.

მტიკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019); შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019); მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები; შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009 წლის პირველ აპრილს ძალაში შესული ხელშეკრულება.

2.   შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „მაგთიკომის“ განმარტებებით შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის

- შპს „ბაჯითის“ სახელზე რიცხული სატელეფონო ნომრიდან განხორციელდა საერთაშორისო

ზარები შპს „ახალი ქსელების“ არჩევის კოდის „1065“ და შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“

გამოყენებით.   აღნიშნული   ზარები   მიჩნეულ   იქნა   ფროდად,   რის   გამოც   როგორც   შპს „მაგთიკომის“ მხრიდან, ისე შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან მოხდა აღნიშნული არჩევის კოდების ჩაკეტვა.

მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019) და  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019); შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/248, 31.05.2019).

3. შპს „ახალმა ქსელებმა“, საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს, ვინაიდან შპს „ბაჯითის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო ზარები კომპანიის მიერ მიჩნეულ იქნა ფროდად და აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილიდან N7250/15-04-02   ირკვევა, რომ ამჟამად მიმდინარეობს შპს „ახალი ქსელების“ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების დამატებით შესწავლა.

მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019); შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2412, 27.05.2019); შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2794, 26.06.2019) თანდართული დოკუმენტით (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილი N7250/15-04-02, 12.06.2019); 

4.   შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტისაგან დაწესებული ტარიფის მიხედვით თანხის ამოღებას. ხოლო, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009 წლის პირველ აპრილს ძალაში შესული ხელშეკრულების   პირველი   პუნქტის   შესაბამისად,      „ახალი   ქსელების“   აბონენტის   მიერ

„საქართველოს ტელეკომის“ სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 810, განხორციელებულ საერთაშორისო და სხვა საკომუნიკაციო მომსახურების დარიცხვას და დარიცხული თანხების ამოღებას თავისი აბონენტისაგან განახორციელებს „ახალი ქსელები“ „საქართველოს ტელეკომი“ გადაუხდის „ახალ ქსელებს“ თბილისის აბონენტების ტელეფონებზე დარიცხული თანხის ამოღებისათვის 15%-ს, ხოლო ქუთაისის ფილიალის აბონენტების ტელეფონებზე დარიცხული თანხის ამოღებისათვის დარიცხული თანხის 20%-ს. 

მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2897, 05.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის

2007 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება); შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009 წლის პირველ აპრილს ძალაში შესული ხელშეკრულება.

5.   შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ შეზღუდვის მიზნით ურთიერთჩართვის შეჩერებას.

მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2226, 15.05.2019);

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;

2.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია ელექტრონული საკომუნიკაციო   ქსელის ელემენტებთან              დაშვების      ან/და      ურთიერთჩართვის      ტექნიკურ-ეკონომიკური      და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება;

3.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების    მომსახურებას,    უნდა    უზრუნველყოს    საკუთარი    ქსელის    შესაბამის ელემენტებთან    დანახარჯებზე      ორიენტირებული      ტარიფებით      შეუზღუდავი      და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი    მიწოდება.    დაუშვებელია    ელექტრონული    საკომუნიკაციო    ქსელის ოპერატორებს     შორის     მოქმედი     ურთიერთჩართვის     შეწყვეტა.     ურთიერთჩართული ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ოპერატორის   მიერ   მოქმედი   ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

4.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  36-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს   კანონმდებლობით   მისთვის   მინიჭებული   უფლებამოსილების   ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ;

5. „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დებულების მე-2 მუხლის ქ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – 10 XX ფორმატის ნუმერაციის დიაპაზონში განაწილებული, ოპერატორების არჩევის     მოკლე     კოდები,     რომელთა     მეშვეობითაც     მომხმარებელი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ოპერატორების მომსახურების მიღების არჩევანით;

6. „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული  სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18  ნოემბრის N355 დებულების       მე-6  მუხლის  პირველი  პუნქტის  გ)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,     ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელებითა  და  საშუალებებით  სარგებლობისას  მომხმარებლის  უფლებების დაცვა            და    მომხმარებლის    არადისკრიმინაციული    არჩევანის     შესაბამისად    არჩეული მომსახურების    მიმწოდებელი    ავტორიზებული    პირის    მომსახურების    მიღება,    ყოველ გამოძახებაზე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის მოკლე კოდის გამოყენებით ან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით  განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევით; ამავე  დებულების მე-6 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით   განსაზღვრული   პირობების   შესაბამისად   გაააქტიუროს   და   საკუთარი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს: ურთიერთჩართული ოპერატორების სააბონენტო ნომრები  ან  ოპერატორების   არჩევის,  აგრეთვე  მომსახურების  სახეებთან  დაშვების  მოკლე ნომრები  (კოდები); უფასო,   განაწილებული  ხარჯებით  დამატებული  ღირებულებისა  და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობების მიმწოდებელი პირების ან მათი ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო (სააბონენტო) ნომრები;

7.     „ნუმერაციის  რესურსის  გაცემის,  გამოყენებისა  და  ანგარიშსწორების  წესების  დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,   ავტორიზებულიპირი,რომლისაბონენტმაცწამოიწყო ზარი, ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება აბონენტისგან, ოპერატორის არჩევის კოდის მფლობელის, ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში (აბონენტთან დაშვების მსურველი პირი), სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს (გადამყიდველი) და აბონენტთან დაშვების მსურველ პირს (გამყიდველი) შორის შესაძლებელია გაფორმდეს მომსახურების გაყიდვის/გადაყიდვის ხელშეკრულება, თუ არსებობს აბონენტთან დაშვების მსურველი პირის მოთხოვნა. გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის (სხვაობა აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ აბონენტზე გადაყიდულ და აბონენტის მფლობელი ავტორიზებული   პირის    მიერ    აბონენტთან    დაშვების    მსურველი    პირისაგან  ნაყიდი მომსახურების ღირებულებას შორის) ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი   თანხის     ამოღების     მომსახურების     საფასურის     ოდენობა     უნდა     იყოს არადისკრიმინაციული და გონივრული. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, გამოითხოვოს გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან      გადამყიდველის     კუთვნილი     წილის     ან     აბონენტის    მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის გაანგარიშებები და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის   მიერ   დადგენილი   თანხის   ამოღების   მომსახურების   საფასური   ან   გადაყიდული

მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობა, ზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის ან/და აბონენტთან დაშვების მსურველი პირის დაშვებას, არ არის ხარჯებზე ორიენტირებული ან ითვალისწინებს არაგონივრულ მოგებას, კომისია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოსთხოვოს აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ან გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობის კორექცია, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად,   ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.   ამასთან,   „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დებულების თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უფლებების დაცვა და მომხმარებლის არადისკრიმინაციული არჩევანის შესაბამისად არჩეული მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მომსახურების მიღება, ყოველ გამოძახებაზე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის მოკლე კოდის გამოყენებით ან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევით. ასევე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გაააქტიუროს და საკუთარი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს: ურთიერთჩართული ოპერატორების სააბონენტო ნომრები ან ოპერატორების არჩევის, აგრეთვე მომსახურების სახეებთან დაშვების მოკლე ნომრები (კოდები); უფასო, განაწილებული ხარჯებით დამატებული ღირებულებისა და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობების მიმწოდებელი პირების ან მათი ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო (სააბონენტო) ნომრები.

 

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მხრიდან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას ადგილი არ აქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ  შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია საკუთარი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს: ურთიერთჩართული ოპერატორების სააბონენტო ნომრები ან ოპერატორების არჩევის, აგრეთვე მომსახურების სახეებთან დაშვების მოკლე ნომრები (კოდები), კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ შეზღუდვის მიზნით ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე  არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებმა, ისე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მხარეებს შორის დღემდე მოქმედებს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის 2009 წლის პირველ აპრილს ძალაში შესული ხელშეკრულება და შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, მაგრამ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს ქსელის არასანქცირებული სარგებლობის შემთხვევების დროს თანხის დარიცხვისა და დარიცხული თანხის ამოღების განსხვავებულ მექანიზმს. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ არჩევის კოდით განხორციელებული ე.წ. „ფროდის“ შემთხვევებში თანხის დარიცხვისა და ამოღების განსხვავებულ/სპეციალურ სქემაზე. დღეის მდგომარეობით მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებს. შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მოაწესრიგონ და განაახლონ სახელშეკრულებო ურთიერთობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-

3 პუნქტის,  36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     შპს „ახალ ქსელებს“ ეთქვას უარი შპს „მაგთიკომის“ არჩევის კოდის „1010“ შეზღუდვის მიზნით ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;

2.     შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ მიეცეთ რეკომენდაცია მოაწესრიგონ და განაახლონ ოპერატორის არჩევის კოდთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობები;

3.     დაევალოს      კომისიის      აპარატის      ადმინისტრაციას      წინამდებარე      გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა;

4.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№6)  გადაწყვეტილების   დამოწმებული  ასლის   შპს    „ახალი    ქსელებისთვის“  და შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე 

 ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

  ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები