წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-19-16 / 515

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 23:04

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2019

 შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 19-10-832, 23/05/2019) ირკვევა, რომ საერთაშორისო  შემომავალი  სატელეფონო  ტრაფიკის  კონტროლის  მიზნით  კომპანია „Araxxe”, კომისიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით ამოწმებდა სატესტო შემომავალ საერთაშორისო სატელეფონო  ზარებს  მობილური  ოპერატორების  ქსელში  დასასრულებლად.  კომპანია „Araxxe” კომისიას ყოველდღიურად უგზავნიდა ინფორმაციას განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლდებოდა თაღლითური გზით (ფროდით) საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების განმახორციელებელი ქართული სატელეფონო ნომრების გათიშვის ფაქტები მობილური ოპერატორების მიერ. ამასთან ერთად, გაანალიზდა კომპანია „Araxxe”-ის მიერ განხორციელებული სატესტო სატელეფონო ზარების თანხვედრა მობილური ოპერატორების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციასთან (CDR- რომლის წარმოდგენის ვალდებულება ავტორიზებულ პირებს აქვთ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებით). როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა,  რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად არ ასახავს „Araxxe”-ის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს.     ასევე, არ არის სრულად ასახული სატესტო ზარები კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაცემული შემომავალი ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში.

ასეთი შეუსაბამობა აღმოჩენილ იქნა 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის, ასევე 2019 წლის იანვრის, თებერვლისა და აპრილის თვეებში. ასევე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით დამატებით (N 19-10-1036, 13/06/2019) გადმოცემულ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე 2019 წლის იანვარ, თებერვალსა და აპრილში განხორციელებული სატელეფონო ტრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია (CDR-5 ცალი); 2. კომპანია „Araxxe”-ის ყოველდღიურად წარმოდგენილი სატესტო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციიდან იმ სატესტო ზარების შესახებ მონაცემები, რომლებიც არ აღმოჩნდა „ვიონი საქართველოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში;  3.  კომისიის მიერ სატესტოდ შეძენილ სატელეფონო ნომრებზე შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ გაცემული შემომავალი ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-832, 23/05/2019 ) საფუძველზე, 2019 წლის 17 ივნისს, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ. ხოლო, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 20 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-19-03/1759, 17/06/2019) და ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისიის 2019 წლის 20 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილ ინფორმაციაში არ ჩანს „A“ ნომერი. კომპანიის სისტემაში არის ჩანაწერები გამოტოვებული ზარების შესახებ. ყველა „A“ ნომერი, რომელიც როუმინგ პარტნიორის მიერ იყო გადაგზავნილი, გადამოწმდა და არცერთ როუმინგ პარტნიორთან ეს „A“ ნომერი, თუ ეს ის ნომერია, რომელსაც  კომპანია ვარაუდობს, არ დაფიქსირებულა. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა კომისიას სთხოვა აღნიშნული ნომრის მიწოდება, რის შემდეგაც კომპანიას გადამოწმების საშუალება ექნება. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ, დამატებით წარმოადგენს წერილობით შუამდგომლობას მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანიის მიმართ შეკითხვით მიმართვის თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, ი.ესართიამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2019 წლის 29 აპრილის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ აპრილის თვის CDR-ებში არის ყველა ჩანაწერი, თუმცა მიმღები „B“ ნომერი არის არეული. კომისიას ჰქონდა 5 სატესტო „B“ ნომერი. წარმოდგენილ დოკუმენტებში ერთი სატესტო ნომრის მიმღებად მითითებულია მეორე სატესტო ნომერი.

ი.ესართიამ წინადადებით მიმართა კომისიას ამ საკითხების სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილვასთან დაკავშირებით. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის მოსაზრებით  გასარკვევია    როუმინგის  დროს  ხომ  არ  იყო  გამოყენებული  კიდევ სხვა ნომერი, რომელიც ამისამართებდა სატესტო ზარებს. ასეთ შემთხვევაში, CDR-ში ის შუამავალი ნომერი დაფიქსირდებოდა, საიდანაც ზარის გადამისამართება ხდებოდა კომისიის სატესტო ნომერზე.

ი. ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ   შპს „ვიონი საქართველოს“ სისტემაში ყველა ეს ზარი, რომელიც სადაოა, დაფიქსირებულია როგორც გამოტოვებული ზარი. შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილ  CDR-ში ის არ აისახებოდა.  მისი განმარტებით, კომისიის მიერ კონკრეტული „A“ ნომრის დადასტურებამდე, შპს „ვიონი საქართველო“ აღნიშნულ ფაქტს ვერ დაამტკიცებს.  თუ „A“ ნომერი აღმოჩნდება  კომპანიის  მიერ ნავარაუდევი  ნომერი, კომპანიის პოზიცია იქნება უცვლელი. ი. ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სადავო „A“ ნომერს არ ჰქონდა ბალანსი, ფიქსირდებოდა გამოტოვებული ზარების სახით და, შესაბამისად, არცერთ როუმინგ პარტნიორთან არ დაფიქსირებულა.

2019 წლის 20 ივნისის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 4 ივლისს, 15 საათზე, რის თაობაზეც შპს „ვიონი საქართველო“ კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა, დადგენილი წესის შესაბამისად. 

2019 წლის 21 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2755, 21.06.2019) შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიისგან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1. სატესტო ზარების დაწყების დღიდან განხორციელებული ყველა სატესტო ზარის ჩანაწერი როგორც წარმატებული, აგრეთვე წარუმატებელი ზარების, ე.წ. CDR-ი ელექტრონულ ფორმატში; აგრეთვე ზარის წამომწყები A-ნომრის (received CLI და Expected CLI ველები) და შესაბამისი ქსელის და ოპერატორის მითითებით (Calling Party Carrier ველი); 2. იმ შემთხვევაში, თუ სატესტო ზარის განხორციელებისას, სატესტო ზარის წამომწყები A-ნომერსა და ზარის მიმღები B-ნომერს შორის სატესტო სცენარში ჩართული იყო სხვა სატესტო შუამავალი ნომერი ან ერთ ნომერზე მეტი, ყველა შუამავალი ნომერი; 3. ასევე, კომპანია Araxxe-მა განმარტოს რა იგულისხმება Communication Duration-ში. კერძოდ, Communication Duration- ის ათვლა იწყება ზარის B ნომერზე მიღება, თუ B ნომრის მიერ შესულ ზარზე პასუხის გაცემიდან; 4. რატომ არის განსხვავება სატესტო აპარატურის მიერ მიღებული სატესტო ზარების Communication Duration-ნებს შორის და რაზეა ეს სხვაობა დამოკიდებული; 5. თუ A ნომრის მიერ განხორციელებული სატესტო ზარის შეწყვეტა განხორციელდება A ნომრის ინიციატივით ან ბალანსის ამოწურვის გამო შეწყდა კავშირი, სატესტო აპარატურის ამონაწერით    დაფიქსირდება    რეალური    Communication    Duration-ი,    თუ    სატესტო აპარატურის მიერ B ნომერზე გაწერილი IVR-ის ხანგრძლივობა; 6. ზარის სტატუსის განმარტება ყველა შესაძლო კოდის მიხედვით (CLI Matching Status). 

კომისიამ 2019 წლის 27 ივნისის წერილით (Nგ-19-11/1922 27/06/2019) შპს „ვიონი საქართველოსგან“ გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 574 009360 -  სატელეფონო ნომრიდან როუმინგში ყოფნისას განხორციელებული ყველა სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, მათ შორის გამოტოვებული ზარები (Missed call); დეტალური ინფორმაცია 574 009360 სატელეფონო ნომრის  მიერ  გახარჯული  თანხის  შესახებ;  2018  წლის  ნოემბრიდან  2019  წლის  მაისის

ჩათვლით, როუმინგ პარტნიორების მიერ მოწოდებული სრული ინფორმაცია როუმინგში მყოფი შპს „ვიონი საქართველოს“ აბონენტების მიერ განხორციელებული ზარების შესახებ; ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ქვეყნის ზონების მიხედვით, როუმინგ პარტნიორის მიერ როუმინგში მყოფი შპს „ვიონი საქართველოს“ აბონენტების ბალანსის შემოწმება.

შპს „ვიონი საქართველომ“ 2019 წლის 3 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2877,03.07.2019) წერილით კომისიის 2019 წლის 27 ივნისის წერილზე (Nგ-19-11/1922, 27/06/2019) პასუხად წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია: 1. 574009360 სატელეფონო ნომრის მიერ 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით განხორციელებული ყველა სატელეფონო ზარის შესახებ, მათ შორის, გამოტოვებული ზარების შესახებ ინფორმაცია (დანართი 1 – CD); 2. დეტალური ინფორმაცია 574009360 სატელეფონო ნომრის მიერ გახარჯული თანხების შესახებ (დანართი 2 – CD); 3. 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით როუმინგ პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია როუმინგიში მყოფი შპს „ვიონი საქართველოს“ აბონენტების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, ეგრეთწოდებული (TAF FILES) (დანართი 3 – CD); 4. 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის  ჩათვლით,  574062353,  574063228,  574052350,  574042672,  574034925,  574200898,574200925, 574200914, 574200926, 574200980, 574475419, 574800486, 574880641, 574472968, 574807831, 574809425, 571082140, 574809612, 571081246, 571079418 ნომრებზე დაფიქსირებული გამოტოვებული ზარების სია (დანართი 4 – CD).

ზემოაღნიშნული წერილით, შპს „ვიონი საქართველომ“ განმარტა თუ როგორ ხორციელდება ქვეყნის ზონების მიხედვით როუმინგ პარტნიორის მიერ აბონენტის ბალანსის შემოწმება. კერძოდ, როუმინგში თანხის ჩამოჭრა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აბონენტი ისარგებლებს რომელიმე სერვისით (შემომავალი/გამავალი ზარი; ინტერნეტი; სმს). ასევე, განმარტებულია ზარის განხორციელების ტექნიკური სქემა, კერძოდ:  ა)  გამავალ ზარს ახორციელებს ონლაინ როუმინგის ქსელში რეგისტრირებული საკმარისი ბალანსის მქონე აბონენტი:  იმ  ოპერატორის  MSC/VLR-დან,  სადაც რეგისტრირებულია აბონენტი მოდის IDP (initial DP) მოთხოვნა 99597290580 GT-ზე, რომელიც SCCP კერიერით (ბიქსის საშუალებით) მოდის შპს „ვიონი საქართველოს“ MSC/VLR-ზე, საიდანაც გადამისამართდება ერიქსონის ბილინგზე. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, ერიქსონის ბილინგი აგზავნის პასუხს IDP-ზე იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ აბონენტს აქვს უფლება ზარის განახორციელოს, რომელიც ისევ შპს “ვიონი საქართველოს“ MSC/VLR-ის საშუალებით მარშურტირდება პარტნიორის MSC/VLR-ზე, რის საფუძველზეც ოპერატორი აძლევს აბონენტს საშუალებას განახორციელოს ზარი. IDP-ში აღწერილია რომელიმე  აბონენტ  სად  რეკავს;  ბ)   გამავალ ზარს ახორციელებს ონლაინ როუმინგის ქსელში რეგისტრირებული არასაკმარისი ბალანსის მქონე აბონენტი:  იმ  ოპერატორის MSC/VLR-დან,  სადაც რეგისტრირებულია  აბონენტი, მოდის IDP (initial DP) მოთხოვნა 99597290580 GT-ზე, რომელიც SCCP კერიერით (ბიქსის საშუალებით) მოდის შპს „ვიონი საქართველოს“ MSC/VLR-ზე/ში, საიდანაც გადამისამართდება ერიქსონის ბილინგზე. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, ერიქსონის ბილინგი აგზავნის პასუხს IDP-ზე იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ აბონენტს არ აქვს ზარის განხორციელების უფლება, რაც ისევ შპს „ვიონი  საქართველოს“  MSC/VLR-ის  საშუალებით  მარშუტრირდება  პარტნიორის MSC/VLR-ზე, რის საფუძველზეც ოპერატორი უკრძალავს აბონენტს ზარის განხორციელების  საშუალებას;  გ)   გამავალ ზარს ახორციელებს ოფლაინ როუმინგის ქსელში რეგისტრირებული საკმარისი ბალანსის მქონე აბონენტი:  ზარი  ხორციელდება პირდაპირ IDP-ი მესიჯის გარეშე, ოპერატორი არ აგზავნის არანაირ მოთხოვნას აღნიშნული ზარის წამოსაწყებად. იმ ოპერატორის MSC/VLR-დან, სადაც რეგისტრირებულია აბონენტი, მოდის ეგრეთ წოდებუილ CDR-ები (TAP ფაილები), რის საფუძველზეც, ერიქსონის ბილინგი ახორციელებს დარიცხვას/თანხის ჩამოჭრას; დ) გამავალ ზარს ახორციელებს ოფლაინ როუმინგის ქსელში რეგისტრირებული არასაკმარისი ბალანსის მქონე აბონენტი: ზარი ხორციელდება პირდაპირ IDP-ი მესიჯის გარეშე, ოპერატორი არ აგზავნის არანაირ მოთხოვნას აღნიშნული ზარის წამოსაწყებად. იმ ოპერატორის MSC/VLR-დან, სადაც რეგისტრირებულია აბონენტი, მოდის ეგრეთ წოდებული CDR-ები (TAP ფაილები), რის საფუძველზეც ერიქსონის ბილინგი ახორციელებს დარიცხვას/თანხის ჩამოჭრას.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2019 წლის 4 ივლისის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1206, 04.07.2019) თანახმად, შპს ,,ვიონი საქართველოსა“ და საერთაშორისო კომპანია „Araxxe“-საგან დამატებით იქნა გამოთხოვილი მონაცემები, აგრეთვე, კომისიის მხრიდან დამატებით იქნა გადაცემული იმ ნომრების სია და იმ ნომრების მიერ განხორციელებული შემდგარი ზარები, რომლებიც არ ფიქსირდებოდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურ CDR-ებში. შპს ,,ვიონი საქართველომ“ წარმოადგინა ინფორმაცია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით როუმინგ პარტნიორების მიერ მიწოდებული ინფორმაცია როუმინგში მყოფი მათი ქსელის ნომრების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ე.წ. TAP FILES, აგრეთვე წარმოადგინა სატესტო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ გამოყენებულ ნომრებზე დაფიქსირებული გამოტოვებული ზარების სია როგორც ქსელის ბაზებიდან, ასევე ,,Beep” ზარების ბაზებიდან. კომპანიამ ასევე წარმოადგინა როუმინგში მყოფი ნომრის ,,574009360“ მიერ გახარჯული თანხების შესახებ მონაცემები. შპს ,,ვიონი საქართველომ“ ასევე განმარტა როგორ ხორციელდება ქვეყნის ზონების მიხედვით როუმინგ პარტნიორის მიერ აბონენტის ბალანსის შემოწმება და ქვეყნების ზონებად დაყოფის პრინციპი და ტარიფები. აგრეთვე განმარტა ტექნიკური სქემა თუ როგორ ახორციელებს ზარს არასაკმარისი ბალანსის მქონე აბონენტი როუმინგის ქსელში. 

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N19-10-1206, 04.07.2019) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებულ კითხვებზე და ასევე კომისიის მიერ კომპანია „Araxxe”-სგან დამატებით გამოთხოვილ საკითხებზე,   ტესტების გნმახორციელებელმა კომპანიამ კომისიას განუმარტა შემდეგი: 1. SIM ბარათები ფიზიკურად არის ჩასმული მოწყობილობაში (სატესტო ზარის გენერატორი ან TCG), რომელიც შეიცავს სატელეფონო ტერმინალებს და საშუალებას იძლევა დისტანციურად განხორციელდეს ან მიღებული იქნას ზარები. კომპანიას შეუძლია ნახოს ტელეფონზე შემოსული ზარები და გადაწყვიტოს უპასუხოს მას თუ არა. 2. „Communication Duration"-ის ველი არის ხანგრძლივობა წამებში და წარმოადგენს B მხარეს (ნომერზე) დაფიქსირებული ზარის ხანგრძლივობას. ზარის ხანგრძლივობა იწყება, როდესაც B მხარე (Called Numbers) პასუხობს ზარს და მთავრდება, როგორც კი ორიდან ერთ-ერთი მხარე წყვეტს ზარს (კომპანიის მიერ განხორციელებული ტესტების შემთხვევაში ხშირად A მხარის ინიციატივით). 3. ზარების ხანგრძლივობაში არის განსხვავებული მნიშვნელობები, რადგან კომპანია შემთხვევითი შერჩევით წყვეტს თუ რამდენი წამის შემდეგ გათიშოს A მხარემ ზარი. ზოგჯერ, შესაძლებელია იხილოთ "N/ A", ეს იმას ნიშნავს, რომ ზარი დაფიქსირდა როგორც უპასუხო, მაგრამ კომპანია ხედავს ზარის   მცდელობას   B-ში   (called   number).   4.   თუ   A   მხარე   ასრულებს   ზარს,   მაშინ „Communication Duration" შეესაბამება ზარის ფაქტობრივ ხანგრძლივობას. როგორც ზემოთ აღინიშნა ზარის ხანგრძლივობა იწყება, როდესაც B მხარე (Called Numbers) პასუხობს ზარს და მთავრდება, როგორც კი რომელიმე მხარეს წყვეტს კავშირს. 5. კავშირის ხანგრძლივობასა და მის განსხვავებასთან დაკავშირებით, რომელიც ექვს თვიანი შემოწმების დროს დაფიქსირდა, Mobitel-თან და იმ მოწყობილობას შორის, რომელიც გამოიყენებოდა ამ ხნის განმავლობაში, ძალიან იშვიათია. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები და სხვადასხვა TCGs, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას. საქართველოში გამოყენებულ TCG-ს კავშირი ჰქონდა შუამავალი მოწყობილობების საშუალებით, რაც ზრდიდა დაყოვნებას. 6. ყველა ზარი რომელიც განხორციელებულია Araxxe-ის მიერ, მოყვება რეალური ნომერი და არ არის ასახული შპს ,,ვიონი საქართველოს“ CDR -ში, მაგრამ დაფიქსირებულია როგორც არშემდგარი ზარი, არის რეალური შემდგარი ზარი, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივობა. ეს ნომრები, საიდანაც მოხდა ასეთი ზარების განხორციელება, წარმოადგენენ კომპანია „Araxxe“-ის სატელიტებს (მათ კუთვნილ ნომრებს). 7. ნომრებს, რომლის ზარიც არ შედგა „Araxxe“-ის ბაზაში შესაბამისად აქვს აღნიშვნა N/A, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ზარი არ შემდგარა, ანუ ხანგრძლივობა აქვს ნული.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1206, 04.07.2019) თანახმად, დეპარტამენტმა შეისწავლა ყველა ის ახალი მონაცემი, რაც იქნა მოწოდებული შპს ,,ვიონი საქართველოს“ და კომპანია „Araxxe“-ის მიერ, რის შედეგადაც გამოირკვა შემდეგი:

  აპრილის თვის მონაცემებში 24 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ნომრების ჩანაწერები იყო ერთმანეთში არეული, რაც გამოწვეული იქნა მექანიკური შეცდომით. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ პორტებში ჩასმული ნომრების ადგილები შეცდომით იქნა გადაცემული კომპანია „Araxxe“-ზე, მაგრამ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ, გასწორებული იქნა აღნიშნული პრობლემა ნომრების და მათი პორტების შესაბამისად.

  შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად არ ასახავს „Araxxe”-ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებს.

   რეალური ნომრიდან (არა როუმინგში მყოფი ნომრიდან) განხორციელებული ზარები კომპანია Araxxe-ს მიერ მოწოდებული ჩანაწერებით და მათი უშუალო განმარტებით, რომელთაც  გააჩნიათ  რეალური  ხანგრძლივობა,  არ  უნდა  იყოს  დაფიქსირებული  შპს ,,ვიონი საქართველოში“ არშემდგარი ზარების ბაზაში, რადგან ნომრები, საიდანაც მოხდა ასეთი ზარების განხორციელება, წარმოადგენენ კომპანია „Araxxe“-ის სატელიტებს (მათ კუთვნილ ნომრებს) და წარმოადგენენ რეალურ შემდგარ ზარებს. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, იმავე ნომრებიდან და იმავე დარეკვის სქემიდან განხორციელდა დარეკვა შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ჯეოსელის“ სატესტო ნომრებზე, სადაც ინფორმაცია ასახულია სრულყოფილად.

   შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებულ არშემდგარ ზარების მონაცემთა ბაზაში არის ზარები, რომლის ხანგრძლივობებიც ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება 60 და ზოგ შემთხვევაში 90 წამსაც კი. არშემდგარი ზარის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3-5 წამზე მეტი, ისიც გარკვეული ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.

  მიუხედავად 2019 წლის აპრილის თვეში დაფიქსირებული გაურკვევლობისა, აპრილის თვის მონაცემების მიხედვით, მაინც აღინიშნება განსხვავებები 5, 6, 11, 15, 16 და 22 აპრილის მონაცემებში. აღნიშნულ პერიოდშიც დაფიქსირებულია განსხვავებები „Araxxe“- ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებულ CDR-ს შორის. ყველა განსხვავება რომელიც დაფიქსირდა, შპს ,,ვიონი საქართველოს“ აქვს არშემდგარი ზარების მონაცემთა ბაზაში. 

კომისიის 2019 წლის 4 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლები ი. ესართია და ნ.წიქარიძე. 

კომისიის სხდომაზე, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი ესართიამ აღნიშნა, რომ სადაო 40 ნომრიდან 7 ნომრის ზარი არსად ფიქსირდება, მათ შორის, არც შეუმდგარ ზარებში. სისტემაში ეს ზარები ჯერჯერობით ვერ იპოვეს. დანარჩენი ნომრები ნაპოვნია არშემდგარ ზარებში.      შპს „ვიონი საქართველოს“ შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის მართვის დეპარტამენტის მენეჯერმა ნ.წიქარიძემ აღნიშნა, რომ ასე ისახება ეს ზარები მათთან CDR-ებში. ზარის ხანგრძლივობის ათვლა მიმდინარეობს ზარის წამოწყებისთანავე. თუმცა ამ ზარებს აქვს არშემდგარი ზარების სტატუსი. ხოლო, ი.ესართიამ განმარტა, რომ ეს არის ზარის წამოწყება და არა ზარის ხანგრძლივობა. ეს არის პირველი დაკავშირების დრო, როცა ტელეფონში ისმის ზუმერის ხმა. ი.ესართიას განმარტებით, მათი სისტემა ასეა აწყობილი, თორემ ეს მონაცემები CDR- ში არ გადმოდის.  ტექნიკურ CDR-ებში, რომელიც კომისიაში არ იგზავნება, ფიქსირდება „missed call”, ნაჩვენებია ვინ როდის წამოიწყო ზარი და რამდენი ხანი რეკავდა. კომპანიას „missed call” არაფერში სჭირდება, მათ შორის არც ბილინგისთვის, თუმცა ისინი ყველა ოპერატორთან ინახება. ამ შემთხვევაში მოცემულია დაკავშირების ხანგრძლივობა და არა ზარის.

ი. ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას კომისია აცხადებდა, რომ 5 ლარით სააბონენტო ნომრებიდან 558 ზარი განხორციელდა, რომლის ხანგრძლივობა აღემატებოდა 200 წუთს. ეს ზარები არცერთ ფაილში არ არის მოცემული. კომისია შპს „ვიონი საქართველოს“ ასევე ედავებოდა 29 აპრილის მონაცემებთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა მექანიკური შეცდომა. 41 ზარიდან ერთი ზარი ნაპოვნია შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ CDR-ში. სავარაუდოდ, კომისიას გამორჩა ეს ფაქტი შემთხვევით. 7 ზარი საერთოდ არ ჩანს   მათ სისტემაში. 33 ზარი არშემდგარია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ესართია ეჭვქვეშ აყენებს ამ მონაცემის ნამდვილობასაც. მას ეჭვი აქვს, რომ რაღაც შეცდომას აქვს ადგილი. 

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, კომისიის 2019 წლის 4 ივლისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 11 ივლისს, რის შესახებაც შპს „ვიონი საქართველო“ სხდომაზევე გაფრთხილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს „ვიონი საქართველოს“ 2019 წლის 21 ივნისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2755,21.06.2019) წერილის პასუხად, კომისიის 2019 წლის 10 ივლისის წერილით (Nგ-19-11/2122,10.07.2019) შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა კომპანია „Araxxe”-ისგან მიღებული ინფორმაცია, კერძოდ: 1. SIM ბარათები ფიზიკურად არის ჩასმული მოწყობილობაში (სატესტო ზარის გენერატორი ან TCG), რომელიც შეიცავს სატელეფონო ტერმინალებს და საშუალებას იძლევა დისტანციურად განხორციელდეს ან მიღებული იქნას ზარები. კომპანიას შეუძლია ნახოს ტელეფონზე შემოსული ზარები და გადაწყვიტოს უპასუხოს მას თუ არა; 2. Communication Duration"-ის ველი არის ხანგრძლივობა წამებში და წარმოადგენს B-ის მხარეს (ნომერზე) დაფიქსირებული ზარის ხანგრძლივობას. ზარის ხანგრძლივობა იწყება, როდესაც B მხარე (Called Numbers) პასუხობს ზარს და მთავრდება, როგორც კი ორიდან ერთ-ერთი მხარე წყვეტს ზარს (ტესტების შემთხვევაში ხშირად A მხარის ინიციატივით); 3. ზარების ხანგრძლივობაში არის განსხვავებული მნიშვნელობები, რადგან კომპანია შემთხვევითი შერჩევით წყვეტს თუ რამდენი წამის შემდეგ გათიშოს A მხარემ ზარი. ზოგჯერ, თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ "N / A", ეს იმას ნიშნავს, რომ ზარი დაფიქსირდა როგორც უპასუხო, მაგრამ კომპანია ხედავს ზარის მცდელობას B- ში (called number); 4. თუ A მხარე ასრულებს ზარს, მაშინ „Communication Duration " შეესაბამება ზარის ფაქტობრივ ხანგრძლივობას. როგორც ზემოთ აღინიშნა "ზარის ხანგრძლივობა იწყება, როდესაც B მხარე (Called Numbers) პასუხობს ზარს და მთავრდება, როგორც კი რომელიმე მხარეს წყვეტს კავშირს"; 5. კავშირის ხანგრძლივობასა და მის განსხვავებასთან დაკავშირებით, რომელიც ექვს თვიანი შემოწმების დროს დაფიქსირდა, Mobitel-თან და იმ მოწყობილობას შორის რომელიც გამოიყენებოდა ამ ხნის განმავლობაში, ძალიან იშვიათია. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები და სხვადასხვა TCGs, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას. საქართველოში გამოყენებულ TCG-ს კავშირი ქონდა შუამავალი მოწყობილობების საშუალებით, რაც ზრდიდა დაყოვნებას.

თარგმანთან დაკავშირებული გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, ამავე წერილით (Nგ-19-11/2122, 10.07.2019), შპს „ვიონი საქართველოს“ გაეგზავნა პასუხები ინგლისურ ენაზე, უცვლელად. აგრეთვე, CD დისკზე ჩაწერილი ფაილების სახით   - ექვსთვიან სატესტო პერიოდში განხორციელებული ყველა ზარის დეტალური ინფორმაცია.

კომისიის 2019 წლის 11 ივლისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 25 ივლისს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (გ-19-03/2146, 12.07.2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ივლისს (გზავნილის კოდი:AP01006363810).

კომისიაში 2019 წლის 24 ივლისს შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3091, 24.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ განხორციელდა კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რაზედაც განმარტავენ შემდეგს: კომისიის მიერ მიწოდებული 40 საერთაშორისო ზარის ჩანაწერიდან, კომპანიის სისტემაში მოძიებულ იქნა მხოლოდ 33 ჩანაწერი, ხოლო 7 ზარის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნა. 33 ზარის ჩანაწერიდან ჩანს, რომ არც ერთი ზარი არ ყოფილა, როგორც შემდგარი ზარი, შესაბამისად, კომისიისთვის წარსადგენ CDR ჩანაწერში აღნიშნული ინფორმაცია არ იქნებოდა შეტანილი.

შპს „ვიონი საქართველოს“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა 33 არ შემდგარი ზარის ანალიზი და გაირკვა შემდეგი: 1. 25 ზარი შემოსული იყო VWS (Veon Wholesale) არხიდან, რომლიდანაც შესაძლებელი იქნა მხოლოდ გარკვეული პერიოდის გადამოწმება, ვინაიდან VWS ახორციელებს მხოლოდ ბოლო 6 თვის CDR ჩანაწერების შენახვას. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებულ იქნა მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის CDR ჩანაწერები, სადაც კომისიის მიერ მითითებული ზარების შესახებ ინფორმაცია მოიძებნა, მაგრამ აღნიშნული ზარების ხანგრძლივობა შეადგენს 0-ს; 2. 7 ზარი შემოსული იყო შპს „მაგთიკომის“ არხიდან. კომპანიის მიერ შესაბამის დღეებზე შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილ იქნა CDR, სადაც აღნიშნული ზარების   შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან აღნიშნული ზარების არ შემდგარა; 3. 1 ზარი შემოსული იყო სს „სილქნეტის“ არხიდან. კომპანიის მიერ შესაბამის დღეზე სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილ იქნა CDR ჩანაწერები, სადაც აღნიშნული ზარების შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან აღნიშნული ზარი არ შემდგარა.

შპს „ვიონი საქართველოს“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ აგრეთვე მიმართა იმ ოპერატორებს, საიდანაც იყო წამოწყებული კომისიის მიერ მიწოდებული 33 ზარი, რომელთაგან კომპანიამ მიიღო სხვადასხვა სახის პასუხი. კერძოდ: ა) არ ინახება ასეთი ძველი პერიოდის მონაცემები; ბ) არ არიან უფლებამოსილები მესამე პირზე გაეცათ ინფორმაცია; გ) დაადასტურეს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ზარების არ შემდგარა, ანუ ზარის ხანგრძლივობა იყო 0 წუთი. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ მიაჩნია, რომ     ინფორმაცია,     რომლის     საფუძველზეც     კომისიამ     დაიწყო     შპს     „ვიონი საქართველოსთვის“     ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    შესახებ წარმოება უსაფუძვლოა, ვინაიდან არც ერთი ინფორმაცია არ დადასტურდა და მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული წარმოება მტკიცებულებების არარსებობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 25 ივლისის სხდომა გადაიდო შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით და დაინიშნა 2019 წლის 12 სექტემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ვიონი საქართველო“ სხდომაზევე გაფრხილდა კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიის 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია. 

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის     აპარატის     სატელეკომუნიკაციო     ინფრასტრუქტურისა     და ტექნოლოგიების    დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათი    (N    19-10-832,

23/05/2019);

2. კომისიის     აპარატის     სატელეკომუნიკაციო     ინფრასტრუქტურისა     და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათი    (N    19-10-1036,13/06/2019) თანდართული დოკუმენტაციით;

3. შპს  „ვიონი  საქართველოს“  2019  წლის  21  ივნისის  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2755, 21.06.2019);

4. 2019  წლის  27  ივნისის  კომისიის  წერილი  გაგზავნილი  შპს  „ვიონი საქართველოსთვის“ (Nგ-19-11/1922, 27/06/2019);

5. შპს  „ვიონი  საქართველოს“  2019  წლის  3  ივლისის  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2877, 03.07.2019);

6. კომისიის     აპარატის     სატელეკომუნიკაციო     ინფრასტრუქტურისა     და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის     სამსახურებრივი     ბარათი     (N19-10-1206,04.07.2019);

7.   „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილება (N345/22, 16.05.2017);

8. კომისიის  2019  წლის  10  ივლისის  წერილი  გაგზავნილი  შპს  „ვიონი საქართველოსთვის“ (Nგ-19-11/2122, 10.07.2019);

9. შპს „ვიონი საქართველოს“ 2019 წლის 24 ივლისს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3091, 24.07.2019);

10. მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

11. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლების ი. ესართიასა და ნ.წიქარიძეს მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს ,,ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ      პირს     (ავტორიზაციის     თარიღი:     26.08.2005.     ხელახალი რეგისტრაციის   თარიღი:    12.02.2012.    ავტორიზებული    საქმიანობის    სახეები: ადგილობრივი   დაშვების   (სადენიანი)   ქსელითა   და/ან   (სადენიანი)   ქსელის ტერმინალური   საშუალებებით    უზრუნველყოფა;    ადგილობრივი    დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო  ქსელის     შესაბამისი     ელემენტებითა     და     საშუალებებით უზრუნველყოფა;  ინტერნეტ     მომსახურება;     ფიქსირებული     საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების    სატელეფონო     (ხმოვანი)     კავშირით     მომსახურება;     მოძრავი საკომუნიკაციო   სისტემების    აბონენტების    გაფართოებული    მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);

2.   „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის N345/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე  უნდა უზრუნველყონ სატელეფონო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან    ერთად    უნდა    მოიცავდეს:    ა)    საზღვარგარეთის    პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს; ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში   წამომწყები აბონენტის   მობილური საკომუნიკაციო   ქსელის კოდს (IMSI);

3. საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ტრაფიკის კონტროლის მიზნით, კომისიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი კომპანია „Araxxe“ 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით აწარმოებდა სატესტო შემომავალ საერთაშორისო სატელეფონო ზარებს მობილური ოპერატორების ქსელში დასასრულებლად;

4.   შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად არ ასახავდა სატესტოდ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს. ასევე, არ იყო სრულად ასახული სატესტო ზარები კომპანიის მიერ  მომხმარებლისთვის  გაცემული  შემომავალი  ზარების  შესახებ  დეტალურ ინფორმაციაში. ასეთი შეუსაბამობა აღმოჩენილ იქნა 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის, ასევე 2019 წლის იანვრის, თებერვლისა და აპრილის თვეებში;

5.   წარმოების პროცესში გაირკვა, რომ აპრილის თვის მონაცემებში 24 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ნომრების ჩანაწერები იყო ერთმანეთში არეული, რაც გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა        და   ტექნოლოგიების   დეპარტამენტის   მიერ   პორტებში ჩასმული   ნომრების   ადგილები   შეცდომით   იქნა   გადაცემული   ტესტირების განმახორციელებელ    კომპანიაზე.   საკითხის   გარკვევის   შემდეგ,   გამოსწორდა აღნიშნული პრობლემა ნომრების და მათი პორტების შესაბამისად;

6. წარმოების  პროცესში,  შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიერ  წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან  ირკვევა,     რომ     კომისიის     მიერ     მიწოდებული     40 საერთაშორისო  ზარის   ჩანაწერიდან,   კომპანიის   სისტემაში   მოძიებულ   იქნა მხოლოდ 33 ჩანაწერი, ხოლო 7 ზარის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნა. 33 ზარის ჩანაწერიდან ჩანს, რომ არც ერთი ზარი არ ყოფილა შემდგარი ზარი, შესაბამისად, კომისიისთვის წარსადგენ CDR ჩანაწერში აღნიშნული ინფორმაცია არ იქნებოდა შეტანილი;

7.   იმ 7 საერთაშორისო ზართან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა მოძიებული შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ, ვერც CDR-ში და ვერც ამონაწერში გამოტოვებული ზარის სახით, კომისიამ დამატებითი მტკიცებულების და აღნიშნული ზარის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მიმართა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ახორციელებდა ზემოაღნიშნულ სატესტო ზარებს და მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, რაც პარტნიორი კომპანიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ იქნა წარმოდგენილი;

8. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი        პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და   ლიცენზიის   ან/და   ნებართვის   მფლობელების   მიერ   რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული         კომუნიკაციების         სფეროში         საქმიანობის ავტორიზებისა      და    სალიცენზიო    ან/და    სანებართვო    პირობების    დაცვაზე ზედამხედველობის                განხორციელება      და      მათი      დარღვევისას      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე    მათ   მიერ    ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში   საქართველოს კანონმდებლობის,      მათ       შორის,       კომისიის       დადგენილებებითა       და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულებას;

3.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2  პუნქტის  ა)  ქვეპუქნტის  შესაბამისად,  ა)  სრულად  და  მოთხოვნილ  ვადაში მიაწოდოს         კომისიას    ამ    კანონითა    და    კომისიის    ნორმატიული    აქტებით განსაზღვრული   ამოცანებისა   და   ფუნქციების   შესრულებასთან   დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის  შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ  საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების  დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა  დაიცვას   კონფიდენციალურობა  მიწოდებული  ინფორმაციისა,  რომელიც ითვლება         კომერციულ     საიდუმლოებად     ან     პერსონალურ     მონაცემებად საქართველოს        ზოგადი    ადმინისტრაციული    კოდექსისა    და    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუქნტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი            ვალდებულია   შეასრულოს   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს                       კანონმდებლობა,     მათ     შორის,     საქართველოს     მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი  ერთჯერადი  ხასიათის  დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  –  დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

5. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

6. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების”   36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად,   თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისია     აღნიშნავს,     რომ     შპს     „ვიონი     საქართველოსთვის“     ადმინისტრაციული პასუხისმდგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „ვიონი    საქართველოს“    მიერ    წარმოდგენილ    იქნა  მტკიცებულება,    რომ    იმ საერთაშორისო  ზარებიდან,  რომელიც  განხორციელდა    სატესტოდ    და    არ    იყო წარმოდგენილი   კომისიაში  კომპანიის   მიერ   CDR-ებში,   ვერ   იქნებოდა   ამ   სახით წარმოდგენილი, ვინაიდან მათ გააჩნიათ გამოტოვებული ზარის სტატუსი (არ არის შემდგარი ზარი), ხოლო იმ 7 საერთაშორისო ზართან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა მოძიებული შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ვერც CDR-ში და ვერც ამონაწერში გამოტოვებული ზარის სახით, კომისიამ, დამატებითი მტკიცებულების და აღნიშნული ზარის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მიმართა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ახორციელებდა         ზემოაღნიშნულ     სატესტო     ზარებს     და     მოითხოვა     შესაბამისი მტკიცებულებები,       რაც    პარტნიორი    კომპანიის    მიერ    გადაწყვეტილების    მიღების მომენტისათვის არ იქნა წარმოდგენილი. ვინაიდან, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უტყუარად არ დასტურდება შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვევის ჩადენის   ფაქტი,     კომისიას     მიაჩნია,     რომ     არ     არსებობს     ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველოსთვის“  ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-11 მუხლის,  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  ა)  და  ბ)  ქვეპუნქტების,  45-ე  მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”   36-ე მუხლის მე-17 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს    შპს    „ვიონი    საქართველოს“  მიმართ    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების    თაობაზე    დაწყებული    ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

 

კახი ბექაურიკომისიის თავმჯდომარე

  ვახტანგ აბაშიძეკომისიის წევრი

  გიორგი ფრუიძეკომისიის წევრი 

 მერაბ ქათამაძეკომისიის წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები