შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2019 15:18
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ განცხადებით (08.10.2019 Nშ-19-9/3912) მომართა კომისიას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განცხადების ავტორმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარუდგინა ოთხი ვიდეორგოლი, სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით; აღნიშნული ვიდეორგოლები არ განათავსა მაუწყებელმა, ვინაიდან არ მიიჩნია სოციალური რეკლამის სტატუსის მქონე ვიდეორგოლებად.
ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მოთხოვნა:
დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს თავის სამაუწყებლო ეთერში ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვა გაიმართა 2019 წლის 31 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ვ. კობალაძე და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი ა. ბურდილაძე.
კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ვ. კობალაძემ მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს; შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი ა. ბურდილაძე არ დაეთანხმა განცხადებას და განაცხადა, რომ წარდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებენ სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სადავო ვიდეორგოლები შეეხება სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობას, კომისიამ განცხადების ავტორს დაავალა, ვიდეორგოლების მაუწყებლის ეთერში განთავსების თაობაზე სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ წერილობითი დასტურის წარმოდგენა. აღნიშნული წერილის წარმოსადგენად განმცხადებელს მიეცა ორკვირიანი ვადა და საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 14 ნოემბრისთვის.
სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ წერილი ა(ა)იპ „ფონდი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ 2019 წლის 7 ნოემბერს წარუდგინა კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ფონდი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ კომისიას მომართა წერილობით (14.11.2019 Nშ-19-6/4379) და იშუამდგომლა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ წარდგენილი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული წერილის თანახმად, მაუწყებელმა წარდგენილი ვიდეორგოლები სამაუწყებლო ეთერში განათავსა სოციალური რეკლამის სტატუსით.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუსლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
6. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ფონდი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ უარი განაცხადა თავიი განცხადების განხილვაზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „ფონდი სტრატეგიული განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 65-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „ფონდი სტრატეგიული განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
მერაბ ქათამაძე კომისიის თავმჯდომარის მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
