წვდომის მენიუ

შპს „ევრო ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 426

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2019 18:00

მიღების თარიღი ივლისი 18, 2019

შპს „ევრო ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე 

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის 2019 წლის 11 ივნისის N 19-10-1014 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ევრო ტელეკომს“ არ წარმოუდგენია 2019 წლის მარტისა და აპრილის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევრო ტელეკომისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით, რის თაობაზეც მას ეცნობა 2019 წლის 8 ივლისის Nგ-19-03/2110 წერილობითი შეტყობინებით.   საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 11 ივლისი. წერილობითი შეტყობინებით შპს „ევრო ტელეკომს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა   და  შუამდგომლობების    წარმოდგენის,  ადმინისტრაციულ    წარმოებაში არსებული  დოკუმენტებისა  და  სხვა  მასალების გაცნობის  უფლება. შეტყობინება  კომპანიას  არ ჩაბარდა.  ჩაბარდა 2019  წლის 13 ივლისს.

კომისიის 2019 წლის 11 ივნისის სხდომაზე შპს „ევრო ტელეკომის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა გადაიდო და ჩაინიშნა 2019 წლის 18 ივლისს, რის შესახებაც კომპანიას წერილობით ეცნობა 2019 წლის 12 ივლისის Nგ-19-3/1245 შეტყობინებით. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 13 ივლისს. კომისიის 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე შპს „ევრო ტელეკომის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (2019 წლის 11 ივნისის N 19-10-1014 სამსახურებრივი ბარათი);

2. კომისიის 2018 წლის 8 ივლისის № გ-19-03/2110 შეტყობინება;

3. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2019 წლის 8 ივლისის N19-10/1239 სამსახურებრივი ბარათი;

4. სამართლებრივი დეპარტამენტის 2019 წლის 5 ივლისის N19-10-1223 სამსახურებრივი ბარათი ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს;

5. სამართლებრივი დეპარტამენტის 2019 წლის 5 ივლისის N19-10-1222 სამსახურებრივი ბარათი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. კომისიის 2019 წლის 12 იავლისის Nგ-19-3/1245 შეტყობინება შპს „ევრო ტელეკომს“;

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ევრო ტელეკომის“ შესახებ.

III.  კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ევრო ტელეკომი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 01/12/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება;

2. შპს „ევრო ტელეკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. კომისიის 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შპს „ევრო ტელეკომმა“ კომისიაში წრმოადგინა 2019 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის რეგულირების გაანგარიშების 1.9. შევსებული ფორმა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული  პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს        კანონმდებლობის,       მათ       შორის,       კომისიის       დადგენილებებითა       და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევრო ტელეკომის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების შეუვსებლობით დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სანქცირების საფუძველია;

ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „ევრო ტელეკომმა“ ნებაყოფლობით აღმოფხვრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, შეავსო 2019 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9. ფორმა, კომისიას, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ევრო ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103, 104 და 105 მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად შპს „ევრო ტელეკომი“ (ს/ნ406210283) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. გათავისუფლდეს შპს „ევრო ტელეკომი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს

„ევრო   ტელეკომისათვის“   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ევრო ტელეკომის“  სამართალდამრღვევად  ცნობისა  და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ევრო  ტელეკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ევრო ტელეკომისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  და  მე-4  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები