წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 428

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2019 15:40

მიღების თარიღი ივლისი 18, 2019

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, წარმოადგენენ: შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“,      შპს    „ახალ    ქსელები“,    შპს    „ახტელი“,    შპს   „საქართველოს    ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „კავკასუს ონლაინი“.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინს“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 18 ივლისის. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/2153; 12/07/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა  და    შუამდგომლობების    წარმოდგენის,    აგრეთვე    საქმის    გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (Nგ-19-03/2153; 12/07/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის  15 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/2153; 12/07/2019) შპს „კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2019 წლის  15 ივლისს, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან   დაკავშირებით   და    კომისიამ   მიზანშეწონილად   მიიჩნია   საკითხის   განხილვა   შპს „კავკასუს ონლაინის“ დაუსწრებლად.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1199, 03.07.2019);

2.     შპს  „კავკასუს  ონალინის“  შესახებ  ამონაწერი  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.     კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/2153; 12/07/2019) გაგზავნილი შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.     შპს     „კავკასუს     ონლაინი“     წარმოადგენს     ელექტრონული     კომუნიკაციების     სფეროში ავტორიზებულ   პირს   (ავტორიზაციის   თარიღი:   11.02.2010;   ავტორიზებული   საქმიანობის სახეები:       ადგილობრივი    დაშვების    (სადენიანი)    ქსელითა    და/ან    (სადენიანი)    ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი  ელემენტებითა  და  საშუალებებით   უზრუნველყოფა;  ძირითადი  საკომუტაციო ქსელის   შესაბამისი   ელემენტებითა   და   საშუალებებით   უზრუნველყოფა;   მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის  (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო  არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის  შესაბამისი     ელემენტებითა    და    საშუალებებით    უზრუნველყოფა;    ინტერნეტ მომსახურება;  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვა);

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.     „ინტერნეტის    გლობალურ    რესურსებთან    დაშვების    საბითუმო    ბაზრის    ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის

20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული   აუდიტორის   მიერ   დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების   და   დანახარჯების განცალკევებული   აღრიცხვის   ანგარიშის   კომისიისთვის წარმოდგენა.  აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ

„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური  წესების  შესახებ“ კომისიის  2006  წლის  20  აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად   აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება  ცალ-ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;

მტკიცებულება: კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.

3.     შპს    „კავკასუს    ონლაინის“    მიმართ    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში    ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა  კომისიის 2019 წლის 07 მარტის N121/18 გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილ სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 07 მარტის N121/18 გადაწყვეტილება „შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“.

4.     2019   წლის   3   ივლისის   მდგომარეობით   შპს   „კავკასუს   ონლაინის“   მიერ   2018   წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-

1199, 03.07.2019) მოხსენებითი ბარათი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს  ზედამხედველობა      და      მათი      დარღვევისას      გაატაროს      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,     მათ     შორის,     კომისიის დადგენილებებითა  და      გადაწყვეტილებებით     განსაზღვრული      მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების  შესრულების  მონიტორინგს  კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების        სფეროში    საქართველოს    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.     საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2006   წლის   20   აპრილის   №   5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით    დაკისრებული    აქვს    დანახარჯებისა    და    შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის    სპეციფიკური    ვალდებულება,    სააღრიცხვო    პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;

7.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45–ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს                                   კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

8.     ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების                 დაწყების    საფუძველია    კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი  და მე-3 პუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, შპს „კავკასუს ონლაინს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,

45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;

2.     დაევალოს  შპს  „კავკასუს  ონლაინს“  2018  წლის  განცალკევებული  აუდირებული  აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში  წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს

„კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე

(www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს  „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს   „კავკასუს ონლაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების    დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები