შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2019 16:13
მიღების თარიღი ივლისი 18, 2019
შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ახტელის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, წარმოადგენენ: შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „კავკასუს ონლაინი“.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, შპს „ახტელს“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შპს “ახტელის“ მიერ დარღვეულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 18 ივლისი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/2155; 12/07/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ახალ ქსელებს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/2155; 12/07/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ივლისს.
კომისიის 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახტელის“ წარმომადგენელი (ფინანსისტი) მ. კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ახტელმა“ მიმდინარე წელს ჩაატარა მთლიანი აქტივების შეფასება და ასევე, შეცვალა აუდიტორული კომპანია და ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ანგარიშის მომზადება. მ. კილაძემ ითხოვა ვადა 2019 წლის 20 აგვისტომდე განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოსადგენად.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1199, 03.07.2019);
2. შპს „ახტელის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს „ახტელის“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 18 ივლისს კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ახტელი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. ა) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.
ბ) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა დადანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
მტკიცებულება; კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.
3. შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
4. 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით შპს „ახტელის“ მიერ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1199, 03.07.2019) მოხსენებითი ბარათი.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახტელის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის
20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „ახტელს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,
45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ახტელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ახტელს“ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
