წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 438

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2019 16:20

მიღების თარიღი ივლისი 25, 2019

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1329, 17/07/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1329, 17/07/2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის   (N19-10-1329,   17/07/2019)   თანახმად, მნიშვნელოვანი   საბაზრო   ძალაუფლების   მქონე ავტორიზებულ პირს შპს „ვიონი საქართველოს“, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნები.

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 25 ივლისი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/2201; 18/07/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ვიონი საქართველოს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა    და    შუამდგომლობების    წარმოდგენის,    აგრეთვე    საქმის    გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/2201; 18/07/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 22 ივლისს.

კომისიის 2019 წლის 25 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი   ირაკლი ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიაში მიმდინარეობს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება, თუმცა აუდიტორული კომპანია ვერ ასწრებს დასკვნის მომზადებას. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 2019 წლის 10 ოქტომბერს იქნება კომპანიის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში მომზადებული. ეს დაგვიანება მოდის მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან. შესაბამისად, შესაძლოა შპს „ვიონი საქართველომ“ შეცვალოს აუდიტორი.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1329, 17/07/2019);

2.     შპს  „ვიონი  საქართველოს“  შესახებ  ამონაწერი  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.     შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 25 ივლისს კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს   „ვიონი   საქართველო“   2010   წლის   12   თებერვლიდან   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 

2.     „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან                             დაშვებისა         და         ურთიერთჩართვის         (სატელეფონო         ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი       ქსელის      საკომუტაციო      ტერმინალურ      ელემენტებთან      დაშვებისა      და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის              სეგმენტებზე    ამ    გადაწყვეტილებით    განსაზღვრულ,    მნიშვნელოვანი    საბაზრო ძალაუფლების              მქონე    ავტორიზებულ    პირს,    ამავე    გადაწყვეტილებით    განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ  2006 წლის

20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.

მტკიცებულება; კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“

3.     შპს   „ვიონი   საქართველოს“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   ანალოგიური დარღვევისთვის   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   45-ე მუხლით   გათვალისწინებული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე   მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

4.     2019   წლის   17   ივლისის   მდგომარეობით   შპს   „ვიონი   საქართველოს“   მიერ   2018   წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1329, 17.07.2019) მოხსენებითი ბარათი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს  ზედამხედველობა      და      მათი      დარღვევისას      გაატაროს      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების            სფეროში     საქართველოს     კანონმდებლობის,     მათ     შორის,     კომისიის დადგენილებებითა            და      გადაწყვეტილებებით      განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების        სფეროში    საქართველოს    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.     საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2006   წლის   20   აპრილის   №   5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის                 გადაწყვეტილებით    დაკისრებული    აქვს    დანახარჯებისა    და    შემოსავლების განცალკავებული        აღრიცხვის    სპეციფიკური    ვალდებულება,    სააღრიცხვო    პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;

7.   „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45–ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების    საფუძველია    კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი   და მე-3 პუნქტები.

ამასთან, შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,

45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს     „ვიონი     საქართველოს“     მიეცეს     წერილობითი     გაფრთხილება     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ვიონი საქართველოს“ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე(www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)   შპს   „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს   „ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების    დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

 

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები