სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2019 17:31
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2019
სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, წარმოადგენენ: შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“, სს„სილქნეტი“, შპს „ახალ ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „კავკასუს ონლაინი“.
სს „სილქნეტმა“ N4085/05-8, 27.06.2019 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2846,01.07.2019) ითხოვა 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვადის 2019წლის 20 ივლისამდე გადავადება.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1199, 03.07.2019) თანახმად, სს „სილქნეტს“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სს„სილქნეტის“ მიერ დარღვეულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 18 ივლისი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/2157; 12/07/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „სილქნეტს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/2157;12/07/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ივლისს.
კომისიის 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას დასკვნა გააჩნია, მაგრამ საჭიროა აუდიტორის მიერ მისი დადასტურება, რისთვისაც ითხოვა ერთი კვირა. მან, ასევე აღნიშნა, რომ აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადის დადგომამდე, 2019 წლის 1 ივნისამდე, სს „სილქნეტმა“ შუამდგომლობით მიმართა კომისიას, რომ 2019 წლის 20 ივლისამდე გადაეწიათ აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადა. ხოლო, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესაბამისად არის გამოთხოვილი, ითხოვა ვადა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე. კ. ყურაშვილმა კიდევ ერთხელ იშუამდგომლა საკითხის განხილვის 1 კვირით გადადება მარწმუნებელთან საკითხის შეთანხმების მიზნით.
სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 25 ივლისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე სს„სილქნეტი“ კანონმდებლობით დადგენილი წესით სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის 2019 წლის 25 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოდგენილი აქვს აუდირებული ანგარიში.
სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის პირველ აგვისტოს, 15 საათზე, რის შესახებაც სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კანონმდებლობის შესაბამისად სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1412, 26.07.2019) სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 25 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3098, 25.07.2019) წარმოდგენილ იქნა 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა. სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 17 იანვრის N1 დადგენილების თანახმად სს „სილქნეტს“ კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის (N გ-19-08/401, 19.02.2019) წერილით დამატებით მოეთხოვა 2018 წლის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში ცალკე გამოეყო: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; გ) „მეტი S”, „მეტი M“, „მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე. სამსახურებრივი ბარათში, ასევე აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 25 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში ზემოაღნიშნული დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.
კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია სს ,,სილქნეტის“ მიერ არ არის წარმოდგენილი. ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გასვლამდე სს „სილქნეტმა“ იშუამდგომლა კომისიის წინაშე დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. კომპანიას ძირითადი აუდირებული დოკუმენტი წარმოდგენილი აქვს, ეს არის დამატებითი ინფორმაცია. იმის გამო, რომ დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს აუდირებული და არის აგვისტოს თვე, როდესაც ძირითადად შვებულებით სარგებლობენ დასაქმებულები, მან ითხოვა აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად სს „სილქნეტს“ განესაზღვროს ვადა 2019 წლის 1 ნოემბრამდე. კ. ყურაშვილმა, ასევე განმარტა, რომ სს „სილქნეტმა“, სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით, კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში წარმოადგინა აუდირებული ძირითადი ანგარიში, რითაც შეასრულა ძირითადი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, სხვა კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ განესაზღვრათ ერთთვიანი ვადა, საერთო ჯამში გამოუვიდათ 6 თვე. შესაბამისად, მისი თხოვნაა, რომ ინფორმაციის წარმოსადგენად სს ,,სილქნეტსაც“ 6 თვე მაინც გამოუვიდეს.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1199, 03.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით (სს „სილქნეტის“ წერილი კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/2846, 01.07.2019);
2. სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 25 ივლისს წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3098,25.07.2019);
4. კომისიის აპარატის სატალეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-1412, 26.07.2019);
5. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 18 ივლისს, 25 ივლისის და პირველი აგვისტოს კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. ა) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;
ბ) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
გ) „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის
20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება ცალ-ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;
დ) „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის
20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;
ე) „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის თანახმად, სს „სილქნეტს“, როგორც საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, დამატებით დაევალა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის
2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალო მომსახურება ცალ- ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2010 წლის 28 დეკემბრის N411 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ.
მტკიცებულება; კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ; კომისიის 2010 წლის
21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2010 წლის
17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.
3. სს „სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
4. „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 17 იანვრის N1 დადგენილების თანახმად სს „სილქნეტს“ კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის (N გ-19-08/401,
19.02.2019) წერილით დამატებით მოეთხოვა 2018 წლის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში ცალკე გამოეყო: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; გ) „მეტი S”, „მეტი M“,
„მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1412, 26.07.2019) სამსახურებრივი ბარათი; კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის (N გ-19-08/401, 19.02.2019) წერილი;
5. 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იყო წარმოდგენილი; სს „სილქნეტის“ მიერ
2019 წლის 25 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში, რომელიც არ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯებს; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლებს და გაწეული დანახარჯებს; გ) „მეტი S”, „მეტი M“, „მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლებს და გაწეული დანახარჯებს ცალ-ცალკე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1199, 03.07.2019) მოხსენებითი ბარათი; კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1412, 26.07.2019) სამსახურებრივი ბარათი.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნატის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოსზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუქნტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 25 ივლისს წარმოდგენილი აუდირებული ანგარიში იყო არასრული, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
ამასთან, სს „სილქნეტს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2019 წლის 19 სექტემბრამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,
45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „სილქნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს სს „სილქნეტს“ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის (სრულყოფილად) კომისიაში წარმოდგენა 2019 წლის 19 სექტემბრამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს
„სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კახი ბექაური
კომისიის თავმჯდომარე
ელისო ასანიძე
კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი
