შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2019 17:37
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2019
შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1427,29.07.2019) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000251 ოქმის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სარფის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე. ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში N000251 მითითებულია, რომ შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტვ სარფი“ სარგებლობს მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემით 2500-2564 მჰც, 2612-2636 მჰც და 2692-2700 მჰც სიხშირულ ზოლებში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-1427, 29.07.2019) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ინჟინრების მიერ ქ. თბილისში, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე 2019 წლის 22 ივლისს, ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით ჩატარდა რადიოტექნიკური მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული იქნა MMDS სისტემის ფუნქციონირება 2500÷2564 მჰც, 2612÷2636 მჰც და 2692÷2700 მჰც სიხშირული ზოლების ფარგლებში. აღნიშნული სიგნალის გავრცელება ხორციელდებოდა შპს „ტვ სარფის“ გადამცემი სადგურით, რაც განთავსებულია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სატელევიზიო ანძის კონსტრუქციულ ნაწილში 155მ სიმაღლეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ტექნიკური შემოწმების აქტი №353, ხოლო 2019 წლის
26 ივლისს ერთობლივი მონიტორინგის ჩატარების და შემოწმების აქტზე ხელმოწერის დაფიქსირების მიზნით, კომისიის (№გ-19-06/2267; 25.07.2019) წერილით მოწვეული იქნა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი. ერთობლივი მონიტორინგის პროცესში 2500÷2564 მჰც და 2612÷2636 მჰც სიხშირულ ზოლებში მოქმედი გადამცემი მოწყობილობის ფუნქციონირება აღარ დაფიქსირებულა, რაზეც 2019 წლის 26 ივლისს 16:05 საათზე შედგა შესაბამისი ტექნიკური შემოწმების აქტი №354. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს (2019 წლის
26 ივლისს) კომისიის აპარატის ტექნიკოსთა ჯგუფის ოფისში დაბრუნებისას, რადიომონიტორინგის ერთიანი სისტემის ლოტკინის სტაციონალური სადგურის მეშვეობით, კვლავ დაფიქსირდა 2500÷2564 მჰც, 2612÷2636 მჰც და 2692÷2700 მჰც სიხშირული რესურსის უნებართვო გამოყენება, რის გამოც კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ინჟინრების ჯგუფი დაბრუნდა შპს
„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მთაწმინდის ანძაზე და ჩაატარა განმეორებითი მონიტორინგი. შედეგად 2500÷2564 მჰც, 2612÷2636 მჰც და 2692÷2700 მჰც სიხშირულ ზოლებში დადგინდა შპს „ტვ სარფის“ გადამცემის ფუნქციონირება. მონიტორინგის პროცეზე დასასწრებად და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის დაფიქსირების მიზნით კვლავ დაუკავშირდნენ შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენლებს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე მოსვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ტექნიკოსთა ჯგუფის მიერ, დაფიქსირებულ დარღვევაზე, 2019 წლის 26 ივლისს 19:30 საათზე, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000251.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის პირველი აგვისტოს,
15:00 საათი, რის შესახებაც კომისიის შეტყობინებით (Nგ-19-03/2352, 30/07/2019) ეცნობა შპს „ტვ სარფს“. შპს „ტვ სარფს“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის განხილვის გადადება და განხილვის დღედ განსაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტო, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტვ სარფს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/2381, 01.08.2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 5 აგვისტოს (გზავნილის კოდი:AP01006594346).
კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადდა. კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ტვ სარფის“ დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1427,29.07.2019);
2. 2019 წლის 26 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000251;
3. სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება;
4. 2019 წლის 22 ივლისის შემოწმების აქტი N353;
5. 2019 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტი N354;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვ სარფის“ შესახებ მონაცემები;
7. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/2352, 30/07/2019) გაგზავნილი შპს „ტვ სარფისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
8. კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/2381, 01.08.2019) გაგზავნილი შპს „ტვ სარფისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი:AP01006594346).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტვ სარფი“ 2017 წლის 17 მაისიდან არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
2. 2019 წლის 22 ივლისს, 15:45 საათზე განხორცილდა შპს „ტვ სარფის“ შემოწმება, რაზეც შედგა შემოწმების აქტი N353, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ჩატარებული ავტორიზაციის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ იქნა MMDS სისტემის ფუნქციონირება 2500-2564 მჰც, 2692-2700 მჰც და 2612-2636 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აღნიშნული სიგნალის გავრცელება ხდება შპს „ტვ სარფის“ გადამცემი სადგურის საშუალებით. გადამცემი სადგური განთავსებულია შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე;
3. ერთობლივი მონიტორინგის ჩატარების და შემოწმების აქტზე ხელმოწერის დაფიქსირების მიზნით, კომისიის (№გ-19-06/2267; 25.07.2019) წერილით მოწვეული იქნა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი. 2019 წლის 26 ივლისს, 16:05 საათზე განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ შემოწმება (შედგა შემოწმების აქტი N354) რა დროსაც დაფიქსირებულ იქნა შპს „ტვ სარფის“ მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემის ფუნქციონირება 2564-2612 მჰც და 2636-2692 მჰც სიხშირულ ზოლში, შპს „ტვ სარფის“ გადამცემი სადგურის საშუალებით (ერთობლივი მონიტორინგის პროცესში 2500÷2564 მჰც და 2612÷2636 მჰც სიხშირულ ზოლებში მოქმედი გადამცემი მოწყობილობის ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა);
4. 2019 წლის 26 ივლისს, კომისიის აპარატის ტექნიკოსთა ჯგუფის კომისიის ოფისში დაბრუნებისას, რადიომონიტორინგის ერთიანი სისტემის ლოტკინის სტაციონალური სადგურის მეშვეობით, 2019 წლის 26 ივლისის 18:46:37 საათზე კვლავ დაფიქსირდა 2500÷2564 მჰც, 2612÷2636 მჰც და 2692÷2700 მჰც სიხშირული რესურსის უნებართვო გამოყენება (იხ. სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება), რის გამოც კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ინჟინრების ჯგუფმა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მთაწმინდის ანძაზე კვლავ ჩაატარა განმეორებითი მონიტორინგი;
5. განმეორებითი მონიტორინგის შედეგად კვლავ დაფიქსირდა შპს „ტვ სარფის“ მიერ 2500÷2564 მჰც, 2612÷2636 მჰც და 2692÷2700 მჰც სიხშირული რესურსის გამოყენება. შესაბამისად, 2019 წლის 26 ივლისს, 19:30 საათზე შპს „ტვ სარფის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000251, მის მიერ მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემით 2500-2564 მჰც, 2612-2636 მჰც და 2692-2700 მჰც სიხშირულ ზოლებში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, სიხშირეების გამოყენების გამო;
6. შპს „ტვ სარფის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (ლიცენზიის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; 2019 წლის 26 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000251 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები გიორგი წიკლაური და ლევან დემურაძე, ასევე, ოქმის შემდგენის დამსწრე მოწმეები გიორგი ხუბულავა და ბაგრატ ინჯგია.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში; ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე 7 დღის ვადაში;
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის;
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ტვ სარფის“ მიერ ხორციელდება მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემით 2500-2564 მჰც, 2612-2636 მჰც და 2692-2700 მჰც სიხშირულ ზოლებში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, სიხშირეებით სარგებლობა, ამასთან, მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს „ტვ სარფის“ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა -5000 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე მუხლის, 260-ე მუხლის და 264-ე მუხლის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „ტვ სარფს“ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ტვ სარფმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300273251
3. უზრუნველყოს შპს „ტვ სარფმა“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვატ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კახი ბექაური
კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი
ელისო ასანიძე
კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი
