წვდომის მენიუ

შპს „ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 488

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 21:56

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019

შპს „ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-1563; 13.08.2019) ირკვევა, რომ კომისიასთან შეთანხმების გარეშე 2019 წლის 17 ივლისს შპს ,,ნეტკომში“ (ს/კ 423352712) შეიცვალა წილის მფლობელი, კერძოდ, შპს „ნეტკომის“ წილის 52%-ის მფლობელის შპს „Georgianairlink”-ის ნაცვლად, შპს „ნეტკომის“ წილის 26%-ის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი არისი ბოჭოიძე და წილის 26%-ის მფლობელი გახდა შპს „Georgianairlink“-ი. მოხსენებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ წილის მფლობელის მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე შპს ,,ნეტკომმა“ კომისიას აცნობა 2019 წლის 12 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19/6-3277; 12.08.2019). კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ქმედებით შპს „ნეტკომის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლები.

კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1563; 13.08.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კერძოდ, წილის შესყიდვის შესახებ კომისიის შეტყობინების წესის დარღვევისა და წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 22 აგვისტო, რის შესახებ შეტყობინება (Nგ-19-03/2514; 16/08/2019) გაეგზავნა შპს „ნეტკომს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ნეტკომს“ შეტყობინება (Nგ-19-03/2514; 16/08/2019) ჩაბარდა 2019 წლის 20 აგვისტოს, იურიდიულ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქ. 64/3 (შპს „საქართველოს ფოსტა“; ფოსტის გზავნილის კოდი: AP01006631861). 

შპს ,,ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის    განხილვა    გაიმართა    .2019    წლის    22    აგვისტოს.  შპს „ნეტკომის“ წარმომადგენელი  არ  გამოცხადდა  2019  წლის  22  აგვისტოს  კომისიის  სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ნეტკომს“ კომისიის შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე  ჩაბარდა  მის  მიერ  კომისიაში  წარმოდგენილ  იურიდიულ მისამართზე, კომისიის  მიერ  შესრულებული  იქნა  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  95-ე  მუხლის  მოთხოვნა  დაინტერესებული  მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში   ჩაბმასთან   დაკავშირებით. ამასთანავე, შპს „ნეტკომს“ არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად,  კომისიამ მიზანშეწონილად  მიიჩნია  საკითხის  განხილვა  შპს  „ნეტკომის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები:

1.  კომისიის  აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-1563; 13.08.2019);

2. შპს ,,ნეტკომის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი:B19078122, მომზადების თარიღი: 17/07/2019; 13:08:01);

3. შპს ,,ნეტკომის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი:B17131629, მომზადების თარიღი: 04/12/2017; 11:29:01);

4. შპს „ნეტკომის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19/6-3277; 12.08.2019);

5. მონაცემები შპს ,,ნეტკომის“ (ს/კ 423352712) შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ნეტკომი“ (ს/კ 423352712) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)     გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური     სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი   მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემების  ტერმინალური საშუალებებს  ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა;  B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:  WiFi, ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება, WiMax.

2. შპს „ნეტკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 4 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ნეტკომის“ წილის 24%  ფლობდა ჰაირაპეტ ლევანიანი, წილის 24% ფლობდა მარტიროს მურადიანი, ხოლო კომპანიის წილის 52% ფლობდა შპს „Georgianairlink”;

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2019 წლის 17 ივლისის ამონაწერის მიხედვით, 2019 წლის 17 ივლისს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს ,,ნეტკომის” შესახებ  რეგისტრირებულ  მონაცემებში  განხორციელდა  ცვლილება.  კერძოდ,  შპს „ნეტკომის“ წილის მფლობელმა შპს „Georgianairlink”-მა წილის 26% გაასხვისა არისი ბოჭოიძეზე;

5. 2019 წლის 12 აგვისტოს, კომისიაში შემოვიდა შპს „ნეტკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19/6-3277; 12.08.2019), რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ შპს „ნეტკომის“ წილის მფლობელი შპს „Georgianairlink”-ი აპირებდა შპს „ნეტკომის“ წილის 26 % ფიზიკურ პირ არისი ბოჭოიძეზე გასხვისებას. შპს „ნეტკომმა“ კომპანიის წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე შეტყობინება კომისიაში წარმოადგინა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს ,,ნეტკომის” შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემდეგ და ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით არ მოუღია კომისიის წინაწარი თანხმობა;

7. შპს „ნეტკომს“კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების  თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;

6.  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  შპს  „ნეტკომის“  მიმართ  არ  გამოყენებულა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

1.         „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის  ან/და  ნებართვის  მფლობელების  მიერ  რადიოსიხშირული  სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო  პირობების,  აგრეთვე  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

6.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული     მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

9.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

შპს „ნეტკომის“ მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებით და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს ,,ნეტკომის” შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2  პუნქტის  ბ),  გ)  და  მ)  ქვეპუნქტები  და  26-ე  მუხლი.  ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული   პირის  სანქცირების   საფუძველია.   იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ნეტკომი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ამავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ნეტკომს“ უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში    წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „ნეტკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

V. სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,    მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  და  36-ე  მუხლის  მე-13  და  მე-14  პუნქტების   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ნეტკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ნეტკომს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „ნეტკომის“ წილის შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „ნეტკომის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

დ) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს

(დ. გოგიჩაიშვილი) შპს „ნეტკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნეტკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს „ნეტკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნეტკომისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (ე.   ჭახრაკია)   შპს „ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

ელისო ასანიძე   კომისიის წევრი 

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები