შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2019 17:59
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2019
შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (კომისიაში რეგისტრაციის N9-10-1259; 09.07.19) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36- ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში მხატრული ფილმების: „Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Solo per Vendetta“, „Bus 657“, „3Days to Kill“, „Nine“ განთავსების გამო.
კომისიის მიერ საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის პირველ აგვისტოს, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია პირველს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2019 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი ი.ჩანქსელიანი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველს“ შემდეგ მხატვრულ ფილმებზე: „Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ატვირთულიც აქვს შესაბამის პორტალზე, ხოლო მხატვრულ ფილმზე: „Solo per Vendetta“ ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2018 წლის 10 ოქტომბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 15 მაისამდე, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო ფილმი ნაჩვენები იყო 2 ივლისის ჩათვლით. საკითხის განხილვა დამატებითი მოკვლევის მიზნით გადაიდო 2019 წლის 8 აგვისტოსთვის.
2019 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი და კომპანიამ წერილობით (08.08.19 Nშ-19-6/3227) იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 22 აგვისტოსთვის.
2019 წლის 15 აგვისტოს კომისიას მომართა (შ-19-6/3376) შპს „ტელეკომპანია პირველმა“ და წარმოადგინა „Langarus Commercial LTD“-სა და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება N LC-03/19. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, „Langarus Commercial LTD“ გადასცემს შპს „ქართულ გახმოვანებას“ მხატვრული ფილმების: „Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“ შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების უფლებას, ქ. თბილისის ტერიტორიაზე.
2019 წლის 21 აგვისტოს კომისიამ წერილობით (Nგ-19-04/2539) მიმართა შპს „ტელეკომპანია პირველს“. აღნიშნული წერილის თანახმად, კომისიამ აცნობა მაუწყებელს, რომ „Langarus Commercial LTD“ არ წარმოადგენს უფლებამფლობელ კომპანიას ხელშკრულებით განსაზღვრულ მხატვრულ ფილმებზე და განუმარტა, რომ აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება არ დასტურდება. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაევალა: „Langarus Commercial LTD“-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების მესამე პირებზე გადაცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილით შპს „ტელეკომპანია პირველს“ ასევე განემარტა, რომ შპს „ქართულ გახმოვანებასა“ და „Langarus Commercial LTD“-ს შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის შესაბამისად, მხატვრული ფილმების გავრცელების ტერიტორიად განსაზღვრულია მხოლოდ ქ. თბილისი, თუმცა შპს „ტელეკომპანია პირველის“ გავრცელების არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.
კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით იმსჯელა 2019 წლის 22 აგვისტოს, 29 აგვისტოსა და 3 სექტემბრის სხდომებზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ტელეკომპანია პირველმა“ დამატებით წარმოადგინა შემდეგი ხელშეკრულებები:
1. 2019 წლის 25 აპრილს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გახმოვანების მომსახურების შესახებ;
2. 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ანკეს“ შორის გაფორმებული განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება (აუდიოვიზუალური ნაწარმოების ეთერში განთავსების შესახებ);
3. 2019 წლის 25 აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-03/19, რომლის შესაბამისად, საავტორო უფლების გავრცელების არეალად მითითებულია საქართველო, განსხვავებით 2019 წლის 15 აგვისტოს Nშ-19-6/3376 წერილით კომისიაში წარმოდგენილი, იმავე მხარეებს შორის, იმავე თარიღითა და ნომრით გაფორმებული ხელშეკრულებისაგან, სადაც საავტორო უფლებების გავრცელების არეალად მითითებული იყო თბილისი;
4. 2019 წლის პირველ აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-08/19/12.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის N19-10-1259, 09.07.19 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
2. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მონიტორინგის ჩატარების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერი დატანილი DVD-ზე;
3. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის სხდომებზე შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
4. 2019 წლის 25 აპრილს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გახმოვანების მომსახურების შესახებ;
5. 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ანკეს“ შორის გაფორმებული განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება (აუდიოვიზუალური ნაწარმოების ეთერში განთავსების შესახებ);
6. 2019 წლის 25 აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-03/19;
7. 2019 წლის პირველ აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-08/19/12;
8. შპს „ტელეკომპანია პირველის“ 30.07.2019 წერილი კომისიას;
9. შპს „ტელეკომპანია პირველის“ 15.08.2019 Nშ-19-6/3376 წერილი კომისიას;
10. კომისიის 21.08.2019 Nგ-19-04/2539 წერილი შპს „ტელეკომპანია პირველს“;
11. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ 2019 წლის 29 აგვისტოსა და 3 სექტემბრის სხდომებზე წარმოდგენილი წერილობითი პოზიციები;
12. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (29.08.2019 N19-10-1666);
13. „Langarus Commercial LTD“-ს წერილი (02.03.2019), წარმოდგენილი შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ კომისიის 2019 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე;
14. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის 29 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაცია (ელექტრონული წერილი) შპს „ტელეკომპანია პირველის“ წლიური შემოსავლის ოდენობის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეკომპანია პირველი“ წარმოადგენს კერძო, საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის ნომერი:BR-1155; 14.01.15);
2. შპს „ტელეკომპანია პირველი“, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 2019 წლის 29 ივნისიდან 2019 წლის 3 ივლისამდე პერიოდში განთავსდა მხატრული ფილმები შესაბამისი ნებართვების გარეშე, კერძოდ: “Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Solo per Vendetta“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“;
4. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შპს„ტელეკომპანია პირველს“ მხატვრული ფილმების: “Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“ ჩვენების უფლების თაობაზე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შუამავალ კომპანია შპს „ქართულ გახმოვანებასთან“, თავის მხრივ შპს „ქართულ გახმოვანებას“ აღნიშნული ფილმების სამაუწყებლო ეთერში განთავსების თაობაზე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები შუამავალ კომპანიებთან: „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“-თან, თუმცა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება შუამავალი კომპანიების მიერ სადავო მხატვრული ფილმების ჩვენების უფლების მოპოვებისა და მესამე პირებისთვის გადაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები არ წარმოადგენენ აღნიშნული საავტორო უფლებების მფლობელ ორგანიზაციებს, არამედ არიან შუამავალი კომპანიები; რაც შეეხება მხატვრული ფილმის: „Solo per Vendetta“-ს ჩვენების უფლების თაობაზე მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ანკესთან“, თუმცა დარღვევის დაფიქსირების დროისათვის, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო ამოწურული;
5. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2019 წლის 7 მარტის N117/18 გადაწყვეტილებით - „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო (ანალოგიური დარღვევა);
6. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2019 წლის 30 მაისის Nგ-19-18/330 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 3496,74 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო (ანალოგიური დარღვევა).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატრული ფილმები: „Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Solo per Vendetta“, „Bus657“, „3 Days to Kill“, „Nine“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ კომისიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევისთვის გამოყენებული იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2019 წლის 7 მარტის N117/18 გადაწყვეტილება), ხოლო 2019 წლის 30 მაისის Nგ-19-18/330 გადაწყვეტილებით კომისიამ შპს „ტელეკომპანია პირველს“ დააკისრა ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.1%-ის - 3496,74 ლარის ოდენობით და პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, კერძოდ 2 თვის განმავლობაში, ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია პირველს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,6%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 23 513, 21 ლარს. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა უზრუნველყოფს დარღვევის აღმოფხვრას და პრევენციას.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,
58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის მეორე პუნქტის და „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 30 მაისის Nგ-19-18/330 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისროს ჯარიმა 23 513, 21(ოცდასამი ათას ხუთას ცამეტი და ოცდაერთი) ლარი „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
მერაბ ქათამაძე კომისიის თავმჯდომარის მ.შ.
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
