შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2019 16:48
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2019
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-10-1653; 27.08.19) საფუძველზე,
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36- ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 29 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში მხატრული ფილმების: „შურისმაძიებლები“, „შეშლილთა კუნძული“ და „ლინკოლნი ადვოკატისთვის“ განთავსების გამო.
ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 8 აგვისტოს კომისიამ მიმართა წერილით შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 2019 წლის 14 აგვისტოს, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის განცხადების (კომისიაში რეგისტაციის: N19-6/3338, 14.08.19) თანახმად, მაუწყებელს მოპოვებული აქვს უფლება 70 უცხოური ფილმის ჩვენებაზე კომპანია „ქართული გახმოვანებისგან“, თუმცა კომისიის წერილში მითითებული ფილმების მართლზომიერი ჩვენების უფლება არ გააჩნია.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 5 სექტემბერს, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N-გ-19-03/2673, 29.08.19) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება კომპანიას 2019 წლის 3 სექტემბერს ჩაბარდა. საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 12 სექტემბერს, რის თაობაზეც შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ის ეცნობა შეტყობინებით (N-19-03/2729, 06.09.19).
2019 წლის 12 სექტემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: N19-6/3698, 12.09.19), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია ვერ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დასწრებას კომისიის სხდომაზე, ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარღვევა აღმოფხვრილია და 2019 წლის 12 სექტემბერის მდგომარეობით შპს
„დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო ბადედან ამოღებულია ის მხატრული ფილმები, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2019 წლის 12 სექტემბერს, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დღის, დროის და ჩატარების ადგილის თაობაზე შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა მის მიერ კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე და შეტყობინება შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის 2019 წლის 7 სექტემბერს ჩაბარდა. კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი კომპანიის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის Nშ-19-10-1653, 27.08.19 სამსახურებრივი ბარათი;
2. სადავო მხატვრული ფილმების ვიდეო ჩანაწერი დატანილი DVD-ზე;
3. 2019 წლის 14 აგვისტოს N19-6/3338 შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის წერილი სადავო მხატრულ ფილმებზე სანებართო წერილების არქონის თაობაზე;
4. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის 2019 წლის 12 სექტემბერის N19-6/3698 წერილი;
5. კომისიის მიერ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ისთვის გაგზავნილი შეტყობინებები (N-გ-19-03/2673, 29.08.19; N-19-03/2729, 06.09.19).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ წარმოადგენს კერძო, საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის ნომერი:BR-243; 14.07.15);
2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწვყეტილებები;
3. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ეთერში 2019 წლის 18 ივლისს განთავსდა მხატრული ფილმები შესაბამისი ნებართვების გარეშე, კერძოდ: „შურისმაძიებლები“, „შეშლილთა კუნძული“ და „ლინკოლნი ადვოკატისთვის“ ;
4. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოი- ყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწე- რილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზ- ნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ივლისს, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ეთერში განხორციელდა მხატრული ფილმების: „შურისმაძიებლები“, „შეშლილთა კუნძული“ და „ლინკოლნი ადვოკატისთვის“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამაუწყებლო ბადეში განთავსება, რითაც შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „მეგა ტვ“-იმ დაარღვია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, შესაბამისად მაუწყებელს უნდა დაეკისროს გაფთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების,
451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,
№6) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
