წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 565

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2019 17:44

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (03.09.2019 N19-10-1696) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 04-06 აგვისტოს განხორციელდა შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი:

შპს „ტელეკომპანია დიას“ 2019 წლის 4, 5 და 6 აგვისტოს სამაუწყებლო ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში. კერძოდ, 2019 წლის 4 აგვისტოს 21:23-დან 22:21-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა არის 28 წუთი, 2019 წლის 5 აგვისტოს 21:23-დან 22:22-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა არის 16 წუთი და 21 წამი, 2019 წლის 6 აგვისტოს 18:29- დან 19:24-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა არის 20 წუთი და 30 წამი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 სექტემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელეკომპანია დიას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი და სხდომა გადაიდო 2019 წლის 26 სექტემბრისთვის. 2019 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი და შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გადაიდო კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განსახილველად.

2019 წლის 3 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ დირექტორი  მ.  ტატულაშვილი,  რომელმაც  აღიარა  დარღვევა  და  განმარტა,  რომ შპს „ტელეკომპანია დიამ“ რეკლამის მოზიდვის მიზნით რეკლამის დამკვეთებს შესთავაზა უფრო დაბალი ფასები, გაყიდა სარეკლამო დრო ფიქსირებულ ფასად, ამ და სხვა რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად გამოიწვია ისეთი რეკლამების მოზიდვა, რომლებიც მანამდე არ ყოფილა ეთერში. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია კანონის დარღვევა და სამაუწყებლო საათში სარეკლამო დროის ლიმიტის გადაჭარბება. მ.ტატულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკვე შეცვლილია სარეკლამო ბადე და მაუწყებელი დიდი სიფრთხილით ეკიდება სარეკლამო ლიმიტის დაცვის საკითხს, რათა კანონდარღვევა აღარ განმეორდეს.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებე ბი

1.    კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (03.09.2019 N19-10-1696) თანდართული დოკუმენტაციით;

2.     შპს „ტელეკომპანია დიას“ შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერი (CD);

3.    მონაცემები   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან   და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ;

4.    2019   წლის   3   ოქტომბრის   კომისიის   სხდომაზე   შპს   „ტელეკომპანია   დიას“ დირექტორის  მ.    ტატულაშვილის    მიერ    კომისიისთვის    მიცემული    ახსნა- განმარტება.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ტელეკომპანია დია“ წარმოადგენს ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს; ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

2.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი განხორციელდა 2019 წლის 04, 05 და 06 აგვისტოს; 

3.   შპს „ტელეკომპანია დიას“ 2019 წლის 4, 5 და 6 აგვისტოს სამაუწყებლო ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა აღემატება 12 წუთს (სამაუწყებლო საათის 20%-ს), კერძოდ, 2019 წლის 4 აგვისტოს 21:23-დან 22:21-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობამ შეადგინა 28 წუთი, 2019 წლის 5 აგვისტოს 21:23-დან 22:22-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა იყო 16 წუთი და 21 წამი, 2019 წლის 6 აგვისტოს 18:29-დან 19:24-მდე სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობამ შეადგინა 20 წუთი და 30 წამი;

4.   ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს “ტელეკომპანია დიას“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV.       გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ტ)   ქვეპუნქტის თანახმად,                     მაუწყებელი   არის   საზოგადოებრივი   მაუწყებელი,   საზოგადოებრივი მაუწყებლის                          აჭარის     ტელევიზია     და     რადიო,     ამ     კანონის     საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო საათი არის სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი;

4.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან    დაკავშირებით    გაკეთებულ    განცხადებაზე,    ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე;

5.  რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკლამის  გამავრცელებელი    პასუხს    აგებს    რეკლამის    შესახებ    საქართველოს კანონმდებლობის   დარღვევისათვის    იმ    ნაწილში,    რომელიც    ეხება    რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს;

6.   „რეკლამის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-21  მუხლის  21) პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო  რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი   ვალდებულია   უზრუნველყოს   მის   მიერ   გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

8.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე  ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო დროის 20%-იანი ლიმიტის დარღვევით, სამაუწყებლო რეკლამის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ის წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  და   71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს   კანონის   მე-20   მუხლის   მე-3   პუნქტის,   21-ე   მუხლის   21)   პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14  და მე-15 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო; 

2.  დაევალოს  კომისიის   ადმინისტრაციას  წინამდებარე  გადაწყვეტილების  შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული    ასლის   შპს „ტელეკომპანია დიასთვის“   ჩაბარების დღიდან;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები