შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 14:05
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2019
შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19.10.1949 07.10.2019) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 04-06 აგვისტოს განხორციელდა შპს „ქართული რადიოს“ (ბრენდული სახელწოდება - „რადიო მაესტროს“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.
ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი: შპს „ქართული რადიოს“ 2019 წლის 02 - 04 სექტემბრის პერიოდში, სამაუწყებლო ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში. კერძოდ, 2 სექტემბრის ერთ სამაუწყებლო საათში 3 სარეკლამო ჭრა: 1) 09:27:52 - რეკლამის ხანგრძლივობა: 05 წთ. 29 წმ; 2) 09:45:48 - რეკლამის ხანგრძლივობა: 05 წთ. 08 წმ; 3) 10:18:39 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ. 06 წმ. სულ ჯამში ერთ საათში: 16 წთ. 43 წმ. ნაცვლად 12 წუთისა (20%-ისა). 4 სექტემბრის ერთ სამაუწყებლო საათში 3 სარეკლამო ჭრა: 1) 09:25:23 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ 27 წმ; 2) 09:50:09 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ.06 წმ; 3) 10:19:48 - რეკლამის ხანგრძლივობა: 07 წთ. 01 წმ; სულ ჯამში ერთ საათში: 19 წთ. 34 წმ. ნაცვლად 12 წუთისა (20%-ისა).
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.
შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის მიერ საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ქართული რადიოს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2019 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ქართული რადიოს“ წარმომადგენელი თ. ბაკურაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და განმარტა, რომ კომისიის მონიტორინგი ჩატარდა სექტემბერში - საშვებულებო პერიოდში და სტაჟიორი მუშაობდა მედია მენეჯერის თანაშემწედ, რომელმაც სათანადოდ ვერ უზრუნველყო სამაუწყებლო ბადის სწორად დაგეგმვა.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19.10.1949 07.10.2019) თანდართული დოკუმენტაციით;
2. შპს „ქართული რადიოს“ შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერი (CD);
3. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ქართული რადიოს“ შესახებ;
4. 2019 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „ქართული რადიოს“ წარმომადგენლის თ. ბაკურაძის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ქართული რადიო“ გარდა სხვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიებისა, კომისიის 2018 წლის 6 სექტემბრის N514/5 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს N B167 რადიომაუწყებლობის ლინცენზიის მფლობელ პირს;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ქართული რადიოს“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი განხორციელდა 2019 წლის 2, 3 და 4 სექტემბერს;
3. შპს „ქართული რადიოს“ 2019 წლის 2 და 4 აგვისტოს სამაუწყებლო ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა აღემატება 12 წუთს (სამაუწყებლო საათის 20%-ს), კერძოდ 2 სექტემბრის, ერთ სამაუწყებლო საათში 3 სარეკლამო ჭრა: 1) 09:27:52 - რეკლამის ხანგრძლივობა: 05 წთ. 29 წმ; 2) 09:45:48 - რეკლამის ხანგრძლივობა: 05 წთ. 08 წმ; 3) 10:18:39 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ. 06 წმ. სულ ჯამში ერთ საათში: 16 წთ. 43 წმ. ნაცვლად 12 წუთისა (20%-ისა). 4 სექტემბრის ერთ სამაუწყებლო საათში 3 სარეკლამო ჭრა: 1) 09:25:23 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ 27 წმ; 2) 09:50:09 - რეკლამის ხანგრძლივობა: 06 წთ.06 წმ; 3) 10:19:48 - რეკლამის ხანგრძლივობა: 07 წთ. 01 წმ; სულ ჯამში ერთ საათში: 19 წთ. 34 წმ. ნაცვლად 12 წუთისა (20%-ისა).
4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ქართული რადიოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო საათი არის სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე;
5. რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს;
6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის 21) პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო დროის 20%-იანი ლიმიტის დარღვევით, სამაუწყებლო რეკლამის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ქართულ რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ის წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის 21) პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ქართულ რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ქართული რადიოსათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძეწევრი
ელისო ასანიძეწევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
