შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 14:11
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2019
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1881, 27.09.19) თანახმად, 2019 წლის 21-22 აგვისტოს განხორციელდა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „სერენადა“, „ნიძლავი“, „ფოქსკეჩერი“, „ფეოლა“ და „ღვინის ქურდები“.
2019 წლის 30 აგვისტოს კომისიამ წერილობით (Nგ-19-04/2688) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის საპასუხო წერილის თანახმად, (26.09.2019, Nშ-19-6/3828) კომისიას განემარტა, რომ 2019 წლის 19-26 აგვისტოს სამაუწყებლო ბადის ფორმატით გათვალისწინებული იყო ( 21 აგვისტოს 12:00 სთ, 15:00 სთ და 21:00 სთ, ასევე 22 აგვისტოს 12:00 სთ და 15:00 სთ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის საეთერო დროში საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“-ს განთავსება. სამაუწყებლო კომპანიის განცხადებით, საჯაროდ ცნობილი გარემოებების გამო, 2019 წლის 20 აგვისტოს 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანებისა და საინფორმაციო გამოშვების მთლიანი გუნდის მიერ არაჯეროვნად, არაკეთილსინდისიერად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა პირდაპირ ეთერში არხის დატოვება, რამაც გამოიწვია მაუწყებლის პარალიზება. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამირების ყოფილი მენეჯერის მიერ (იმჟამინდელი პასუხისმგებელი პირი) მოხდა საეთერო ბადის ცვლილება. ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების გარეშე ეთერში განთავსებული იქნა შემდეგი მხატვრული ფილმები: „სერენადა“, „ნიძლავი“, „ფოქსკეჩერი“, „ფეოლა“, „ღვინის ქურდები“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიის წინაშე იშუამდგომლა მის მიმართ არ იქნას გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენები თ. მურჯიკნელი და ა. ბურდილაძე. თ. მურჯიკნელის განმარტებით, საჯაროდ ცნობილი გარემოებების გამო, რომელთაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, „9 საათიანი კურიერის“ მთელმა გუნდმა დატოვა ეთერი და ტელეკომპანია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შესაბამისად, მათ არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რამაც გამოიწვია საეთერო ბადის ცვლილება. იმ დროს, როდესაც ეთერში უნდა გასულიყო „კურიერი“, იმდროინდელმა მენეჯერმა გაუშვა ეს ფილმები. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარადგინა 2019 წლის 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება მხატვრული ფილმის „სერენადას“ ჩვენების უფლების თაობაზე და აღნიშნა, რომ სხვა ფილმებზე დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა ა.ბურდილაძემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების მაუწყებლის ეთერში განთავსება არ მომხდარა ტელეკომპანიის ბრალით, არამედ, გამოწვეული იყო შექმნილი ფორს-მაჟორული გარემოებიდან გამომდინარე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-1881, 27.09.19);
2. კომისიის წერილი (30.08.2019 Nგ-19-04/2688) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს;
3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (26.09.2019, Nშ-19-6/3828) კომისიას;
4. 2019 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულება მხატვრული ფილმი „სერენადას“ ჩვენების უფლების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის გადაცემის თაობაზე;
5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების თ. მურჯიკნელისა და ა. ბურდილაძის მიერ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. 2019 წლის 20-21 აგვისტოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ეთერში შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „ნიძლავი“, „ფოქსკეჩერი“, „ფეოლა“ და „ღვინის ქურდები“;
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 და 22 აგვისტოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატვრული ფილმები: „ნიძლავი“, „ფოქსკეჩერი“, „ფეოლა“ და „ღვინის ქურდები“. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ გამოუვლენია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან მხატვრული ფილმების შესაბამისი ნებართვების გარეშე სამაუწყებლო ეთერში განთავსების ფაქტი და არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევების ჩადენის გამო მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; აღნიშნული ფაქტისა და საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით (ტელეკომპანიის მესაკუთრის ცვლილება, რასაც მოჰყვა 2019 წლის 20 აგვისტოს კომპანიის თანამშრომლების დიდი ნაწილის მიერ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დატოვება), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სანქციის გამოყენების ნაწილში, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე- 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
