წვდომის მენიუ

შპს „ჯეო მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 586

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 14:29

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2019

შპს „ჯეო მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათის    (N19-10-1861,  25.09.19) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „ჯეო  მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის  აპარატის   აუდიოვიზუალური მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-1861, 25.09.19) ირკვევა, რომ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 3 სექტემბერს განხორციელდა შპს „ჯეო მედიას“ (რადიოს ბრენდული სახელწოდება - „დარდიმანდი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მაუწყებლის ეთერში სპონსორზე მითითება განთავსდა 2019 წლის 3 სექტემბერს, 19:09:52 სთ-ზე. შპს „ჯეო მედიას“ საავტორო გადაცემაში „პაატა გულიაშვილის ანეგდოტები“, გადაცემის წამყვანი პაატა გულიაშვილი ასახელებს გადაცემის სპონსორს  - მზესუმზირა „სოლოს“.  წამყვანი ამბობს: „მშვენიერია, ახალი, ძალიან კარგი და გულს გადააყოლებ როგორც იტყვიან... ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დაფქვათ სახლში, ქუჩაში მთავარია, რომ არ დავყაროთ ნარჩენები... რაც მთავარია განწყობას ფიქრის, სიხარულის, სიყვარულის და რაც მთავარია იმ კარგი წლების გახსენების საშუალებას გვაძლევს... ეხლა გვაქვს ამის საშუალება, რომ არ დავანაგვიანოთ, მაგრამ სამაგიეროდ შევექცეთ უგემრიელეს მზესუმზირას...“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „სპონსორზე მითითება არ უნდა    შეიცავდეს    სარეკლამო    შეტყობინებას“,    ხოლო    მე-6    პუნქტის  თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების  გამოყენება  არ  შეიცავდეს  საქონლის/მომსახურების  შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.”

შპს ,,ჯეო მედიასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „ჯეო მედიას“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯეო მედიას“ წარმომადგენელი მ.დგებუაძე, რომელმაც განმარტა, რომ სასპონსორო განცხადება გადაამეტა გადაცემის წამყვანმა, გადაცემა გადის პირდაპირ ეთერში, არ მონტაჟდება და შესაბამისად დაფიქსირდა დარღვევა.

II.       კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.    კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  თანდართული  CD-ით  (N19-10-1861, 25.09.19);

2.   შპს  „ჯეო  მედიას“   შესახებ  მონაცემები  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან  და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

3.   შპს ,,ჯეო მედიას“ წარმომადგენლის მ.დგებუაძის მიერ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.    ფაქტობრივი გარემოებები

1.   1.  შპს ,,ჯეო მედია“  გარდა სხვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიებისა, კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N28/5 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს N B76რადიომაუწყებლობის ლინცენზიის მფლობელ პირს;

2.   შპს „ჯეო მედიას“ 2019 წლის 3 სექტემბრის სამაუწყებლო ეთერში, 19:09:52 სთ-ზე საავტორო გადაცემაში „პაატა გულიაშვილის ანეგდოტები“,   გადაცემის წამყვანი პაატა გულიაშვილი ასახელებს გადაცემის სპონსორს   - მზესუმზირა „სოლოს“. წამყვანი ამბობს: „მშვენიერია, ახალი, ძალიან კარგი და გულს გადააყოლებ როგორც იტყვიან... ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დაფქვათ სახლში, ქუჩაში მთავარია, რომ არ დავყაროთ ნარჩენები... რაც მთავარია განწყობას ფიქრის, სიხარულის, სიყვარულის და რაც მთავარია იმ კარგი წლების გახსენების საშუალებას გვაძლევს... ეხლა გვაქვს ამის საშუალება, რომ არ დავანაგვიანოთ, მაგრამ სამაგიეროდ შევექცეთ უგემრიელეს მზესუმზირას...“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სპონსორზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის შეძენისა და მოხმარებისაკენ წაქეზებას ამ პროდუქტზე სპეციალური მითითებით, ვერბალური ფორმით,  ამასთან, სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებებს.

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ჯეო მედიას“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1.    ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

4.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე   მითითების  სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია   საქონლის/მომსახურების    შეძენის,    მიწოდებისა    და    მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით,        მათ    შორის    საქონლის/მომსახურების    დეტალური    აღწერა    როგორც ვერბალური,   ასევე   ვიზუალური   ფორმით.   სპონსორზე   მითითებისას   დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის       შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი   საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი          უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან   პრევენცია.   კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა   განსახორციელებლად,    ხოლო    მე-2    პუნქტის    თანახმად,    კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეო მედიას“ 2019 წლის 3 სექტემბრის სამაუწყებლო ბადეში, განთავსებულ მზესუმზირა „სოლოს“ სასპონსორო რგოლში სასპონსორო მითითება შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენისა და მოხმარებისაკენ წაქეზებას ამ პროდუქტზე სპეციალური მითითებით, ვერბალური ფორმით, ამასთან, სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „ჯეო მედიას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და2016 წლის 14 იანვარს კომისიის დადგენილებით დამტკიცებული„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტები.

შპს „ჯეო მედიას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა არ დაკისრებია, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია უნდა გაფრთხილდეს წერილობით და უნდა დაეკისროს დარღვევის აღმოფხვრა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის, 451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა)   ქვეპუნქტისა   და   70-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ჯეო მედიას“ დაეკისროს გაფრთხილება 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტების დარღვევის გამო;

2.   შპს ,,ჯეო მედიას“  დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს ,,ჯეო მედიასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დ.  აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,ჯეო მედიასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეო მედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი წინამდებარე  გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გიორგი ფრუიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები