წვდომის მენიუ

შპს „გირჩი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 592

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 14:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019

შპს „გირჩი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1932, 03.10.19) თანახმად, 2019 წლის 09-14 სექტემბერს განხორციელდა შპს „გირჩი ტვ“-ს სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „kill shot“, „scanner darkey“, „fast food nation“, „the fall“, „snatch“, „waltz with bashir“, „rumble fish“, „die kehrseite der madaille“, „attack on titan“, „million dollar baby“, „rocketman“, „anti christ“, „ciudade de deus“, „hot hail“, „the apartment“, „ghost in the shell“, „donnie darko“, „ghost dog - the way of the samurai“, „the greasers“.

2019 წლის 18 სექტემბერს კომისიამ მიმართა წერილობით შპს „გირჩი ტვ-ს“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. კომისიის წერილი ჩაბარდა შპს „გირჩი ტვ“-ს, თუმცა მაუწყებლისგან კომისიას პასუხი არ მიუღია.

შპს „გირჩი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „გირჩი ტვ“-ს და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გირჩი ტვ“-ს წარმომადგენელი და საკითხი განსახილველად გადაიდო 2019 წლის 17 ოქტომბრისთვის.

კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გირჩი ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე ჩაბარდა შპს „გირჩი ტვ“-ს, ამდენად, კომისიამ შეასრულა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „გირჩი ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე კომისიას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მოახსენა შპს „გირჩი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით, კომისიის საჯარო სხდომაზე გამოცხადებულმა პირმა იაგო ხვიჩიამ. ი.ხვიჩიამ განმარტა რომ არის პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელი, მაგრამ არ არის შპს „გირჩი ტვ“-ს წარმომადგენელი, ვინაიდან კანონმდებლობა უკრძალავს მაუწყებლის მესაკუთრეობას, თუმცა არ მალავს, რომ მისი ინტერესები არის ამ ტელევიზიაში. ი.ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია კომისიაში შპს „გირჩი ტვ“-ს დაბარების მიზეზი, კერძოდ, მხატვრული ფილმების განთავსების გამო მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება; ი.ხვიჩიას განცხადებით, შპს „გირჩი ტვ“-ს მიზანი არასდროს ყოფილა ფილმების გაშვება, სხვა მიზნით შეიქმნა ტელევიზია. მაუწყებლის მენეჯმენტს თანამშრომლებისთვის დავალებული ჰქონდა, რომ ტელეკომპანიას პრობლემები არ შექმნოდა ადმინისტრაციულ ორგანოებთან. კომისიის წერილის მიღების შემდეგ ტელევიზიაში დასაქმებულებმა აგეს პასუხი იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა არასწორად იყო აღებული. ი.ხვიჩიას განმარტებით, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა, რადგან საჭიროდ ჩათვალა კომისიისთვის რეალური სიტუაციის ახსნა. მისი ინფორმაციით, შპს „გირჩი ტვ“ არ აპირებს ფილმების გაშვებას, ახლაც არსებობს სამაუწყებლო ბადე, რომელიც მისგან დამოუკიდებლად იქნა კომისიაში წარმოდგენილი. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებელს არ აქვს გაფორმებული ფასიანი ხელშეკრულებები, არ აქვს შემოსავალი, არ გაუშვია არცერთი რეკლამა. ი.ხვიაჩიამ ასევე აღნიშნა, რომ სამართლიანი იქნება თუ დამწყებ მაუწყებელს არ დაეკისრება ფინანსური სანქცია, ვინაიდან ჯერ შემოსავალიც არ მიუღია, თუმცა აღიარებს კანონდარღვევის ფაქტს.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-1932, 03.10.19) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

2.   კომისიის  წერილი  (18.09.2019 Nგ-19-04/2806) შპს „გირჩი ტვ“-ს;

3.  შპს „გირჩი ტვ“-ის  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

4.   შპს   „გირჩი   ტვ“-სთვის   გაგზავნილი   შეტყობინება   (Nგ-19-03/3066   10.10.2019) კომისიის 2017 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „გირჩი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;

2.   2019 წლის 09-14 სექტემბერს შპს „გირჩი ტვ“-ს სამაუწყებლო ეთერში შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „kill shot“, „scanner darkey“, „fast food nation“, „the fall“, „snatch“, „waltz with bashir“, „rumble fish“, „die kehrseite der madaille“, „attack on titan“, „million dollar baby“, „rocketman“, „anti christ“, „ciudade de deus“, „hot hail“, „the apartment“, „ghost in the shell“, „donnie darko“, „ghost dog - the way of the samurai“, „the greasers“;

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „გირჩი ტვ“-ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული    ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა    ავტორის    განსაკუთრებული,    ექსკლუზიური    უფლებაა    და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის  რეპროდუცირება,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  გადაცემა  ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს    სამოქალაქო,    ადმინისტრაციულ    და    სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის  თანახმად,   მაუწყებლობის   სფეროში   კომისის   ფუნქციას  წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 09-14 სექტემბრის პერიოდში შპს „გირჩი ტვ“-ს ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იქნა შემდეგი მხატრული ფილმები: „kill shot“, „scanner darkey“, „fast food nation“, „the fall“, „snatch“, „waltz with bashir“, „rumble fish“, „die kehrseite der madaille“, „attack on titan“, „million dollar baby“, „rocketman“, „anti christ“, „ciudade de deus“, „hot hail“, „the apartment“, „ghost in the shell“, „donnie darko“, „ghost dog - the way of the samurai“, „the greasers“.   შესაბამისად,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   შპს   „გირჩი   ტვ“-ს   მიერ   დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი,  37-ე,  38-ე  და  42-ე,  50-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტების  მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

შპს „გირჩი ტვ“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შესაბამისად, შპს „გირჩი ტვ“-ს უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2019 წლის 7 მარტის N117/18 გადაწყვეტილების „შპს   „ტელეკომპანია  პირველისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, ასევე კომისიის 2019 წლის 30 მაისის Nგ-19-18/330 გადაწყვეტილების „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „გირჩი ტვ“-ს დაეკისროს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „გირჩი ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გირჩი ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „გირჩი    ტვ“-სთვის    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები