წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 594

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 16:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათის    (N19-10-1825,  23.09.19)    საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს   „რადიო  ჰოლდინგი       ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1825, 23.09.19) თანახმად, ამავე დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს განხორციელდა შპს "რადიო ჰოლდინგი ფორტუნას" (რადიოს ბრენდული სახელწოდება - „არ დაიდარდო“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.    აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 03 სექტემბერს, 16:33:20 სთ, მაუწყებლის ეთერში განთავსდა შემდეგი შინაარსის სასპონსორო განცხადება: „პატარა ყოველწამიერად სამყაროს შეცნობის პროცესშია. მნიშვნელოვანია ყველაფერი: გარემო, სითბო, სიყვარული, შეგრძნებები, განწყობა, ღიმილი. ახალი ჰიტის სპონსორია ჩვილბავშვთა კვება ”პლასმუნის ბაუჩი“ იტალიიდან. პლასმუნი - ვიზრდებით გემოსთან ერთად“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „სპონსორზე მითითება არ უნდა    შეიცავდეს    სარეკლამო    შეტყობინებას“,    ხოლო    მე-6    პუნქტის  თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების  გამოყენება  არ  შეიცავდეს  საქონლის/მომსახურების  შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.”

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს   „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი და საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 17 ოქტომბრისთვის; 

2019 წლის 17 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი ი.ჩხიკვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მსგავსი ტიპის სასპონსორო ხასიათის რეკლამები წინა პერიოდშიც ყოფილა განთავსებული და პრობლემა არ შექმნილა. მისი მოსაზრებით, სასპონსორო განცხადება არის ზოგადი ხასიათის ტექსტი, არ არის გადამეტებული, არ შეიცავს მოწოდებას ან წაქეზებას, არის თხრობითი წინადადება, ბოლოს კი არის სლოგანი.

II.       კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  თანდართული  CD-ით  (N19-10-1825, 23.09.19);

2.   შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნას“ შესახებ  მონაცემები  კომისიის  უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

3.   შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენლის ი.ჩხიკვაძის მიერ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.    კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს ,,რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“  კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N385/2, გადაწყვეტილების   საფუძველზე      წარმოადგენს N   B78      რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს;

2.   2019 წლის 3 სექტემბერს 16:33:20 სთ, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ ეთერში განთავსდა შემდეგი შინაარსის სასპონსორო განცხადება: „პატარა ყოველწამიერად სამყაროს შეცნობის პროცესშია. მნიშვნელოვანია ყველაფერი: გარემო, სითბო, სიყვარული, შეგრძნებები,    განწყობა,    ღიმილი.    ახალი    ჰიტის  სპონსორია ჩვილბავშვთა კვება „პლასმუნის ბაუჩი“ იტალიიდან. პლასმუნი - ვიზრდებით გემოსთან ერთად“;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სპონსორზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის შეძენისა და მოხმარებისაკენ წაქეზებას ამ პროდუქტზე სპეციალური მითითებით,  ვერბალური  ფორმით, სასპონსორო  მითითება  შეიცავს  სარეკლამო შეტყობინებებს;

3.   ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  მიმართ არ ყოფილა გამოყენებული    ,,მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონით გათვალისწინებული    ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1.    ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

4. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2016   წლის   14  იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ   შეიცავდეს   საქონლის/მომსახურების   შეძენის,   მიწოდებისა   და   მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის       შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი   საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი          უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან   პრევენცია.   კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა   განსახორციელებლად,    ხოლო    მე-2    პუნქტის    თანახმად,    კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ 2019 წლის 3 სექტემბრის სამაუწყებლო ბადეში, განთავსებულ ჩვილბავშვთა კვება „პლასმუნის ბაუჩის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლში სასპონსორო მითითება შეიცავს საქონლის შეძენისა და მოხმარებისაკენ წაქეზებას ამ პროდუქტზე სპეციალური მითითებით, ვერბალური ფორმით, სასპონსორო მითითება ასევე შეიცავს სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“    მიერ    დარღვეულია    „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და  2016 წლის 14 იანვარს კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა არ დაკისრებია, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია უნდა გაფრთხილდეს და უნდა დაეკისროს დარღვევის აღმოფხვრა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების,  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  ა)  ქვეპუნქტისა  და  70-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნას“  დაეკისროს  გაფრთხილება  451 მუხლის  მე-10 პუნქტის   ა)   ქვეპუნქტის   და   70-ე   მუხლის   პირველი   პუნქტისა   და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს ,,რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“   ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი წინამდებარე  გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი 

ელისო ასანიძე   წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები