შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2019 16:27
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019
შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-1665; 29.08.2019) ირკვევა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორები არიან: უცხოური საწარმო „International Online Networks LLC“, 1502554 (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია) – წილის 63,8%-ის მფლობელი; „ნელგადო ლიმითედი“, 1565890 (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) – წილის 36,2%-ის მფლობელი. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „International Online Networks LLC“-ის წილის 100%-ს ფლობს კომპანია „ნელგადო ლიმითედი“, შესაბამისად, „ნელგადო ლიმითედი“ პირდაპირ და არაპირდაპირ ჯამში ფლობს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ს. კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ წილის 100%-ის მფლობელი იყო ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია. შესაბამისად, იგი შპს „კავკასუს ონლაინში“ არაპირდაპირ ფლობდა წილის 100%-ს. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი №01-02/10438 (კომისიაში რეგისტრაციის №შ- 19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმადაც, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელი კომპანიის, „ნელგადო ლიმითედის“ წილის (დახურულია) შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის (დახურულია) არაპირდაპირი მფლობელი გახდა (დახურულია). ფაქტიურად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციით განხორციელდა ავტორიზებული პირის წილის მფლობელის ცვლილება, რომელიც ექვემდებარებოდა კომისიისაგან წინასწარ თანხმობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რითაც დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1665; 29.08.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი. შპს „კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება Nგ-19-03/2747 2019 წლის 9 სექტემბერს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომპანიას აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა 2019 წლის 9 სექტემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ ა/წ 9 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადება (Nშ-19-6/3654; 09.09.2019), რომლითაც მან მოითხოვა კომპანიის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, კერძოდ, „ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado Ltd) აქციონერების და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. ამავე განცხადებით შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საკითხის დახურულ სხდომაზე წარმოება და განცხადებაში წარმოდგენილი არგუმენტაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის არდაშვება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ გადადო შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა ა/წ 19 სექტემბრისთვის, რის თაობაზეც შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე გაფრთხილდა კომისიის ა/წ 12 სექტემბრის სხდომაზე.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადების (Nშ-19-6/3654; 09.09.2019) განხილვის მიზნით, კომპანიას წერილობით (Nგ-19-03/2817; 19.09.2019) მოეთხოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელის ,,ნელგადო ლიმითედის“ სათანადოდ დამოწმებული განახლებული ამონაწერი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის დეტალური დასაბუთება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო ა/წ 3 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ იურისტი. დ. კაპანაძე.
2019 წლის 27 სექტემბრის Nშ-19-6/3834 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი და ითხოვა დამატებითი ვადა ა/წ 5 ოქტომბრამდე დოკუმენტის ორიგინალის და ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად. ა/წ 4 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა 2019 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და ასევე, კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია, მას განესაზღვრა დამატებით ვადა ა/წ 15 ოქტომბრამდე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე სათანადოდ დამოწმებული ამონაწერის წარმოსადგენად (Nგ-19-03/2994; 03.10.2019). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო ა/წ 17 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი გაფრთხილდა კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე.
ა/წ 15 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი, ხოლო ა/წ 16 ოქტომბერს წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა ა/წ 17 ოქტომბერს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე და კომპანიის წარმომადგენლები დ. კაპანაძე და ე. მებონია.
კომისია აღნიშნავს, რომ ა/წ 17 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვამდე, კომისიამ დახურულ სხდომაზე განიხილა შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირის შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებები (Nშ-19-6/3654; 09.09.2019; N01-02/177; 12.09.2019), რომლებითაც მოთხოვნილი იყო შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, კერძოდ, „ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado Ltd) აქციონერების და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებები. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა გაიმართოს კომისიის ღია სხდომაზე იმგვარად, რომ კომისიის სხდომაზე არ გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობას ითხოვდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1665 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილი);
2. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ;
3. კომისიის შეტყობინება შპს „კავკასუს ონლაინს“ (Nგ-19-03/2747 09.09.2019) და მისი ჩაბარების დამადასტურებელი ინფორმაცია;
4. კომისიის წერილი (N16/2567-18, 27.07.2018) და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 20 მარტის Nშ-19-6/1143 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ“; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატი კომპანიის მონაცემების შესახებ);
6. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადება (Nშ-19-6/3654; 09.09.2019);
7. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადება (N01-02/10447; 12.09.2019);
8. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;
9. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;
11. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
12. „შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის ,,ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება;
13. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილება;
14. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N727/11 გადაწყვეტილება;
15. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N426/11 გადაწყვეტილება;
16. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორისა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
II. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა :მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;
2. შპს „კავკასუს ონლაინი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
4. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;
5. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კავკასუს ონლაინს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;
6. 2018 წლის 10 ივლისს, კომისიას №01-02/9781 წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3279-18, 10.07.2018), შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის თეიმურაზ არონიას („ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის მფლობელი) კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N426/11 გადაწყვეტილებით, კომისიამ მისცა თანხმობა შპს “კავკასუს ონლაინს“, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 47,27%-ის მფლობელის „ნელგადო ლიმითედის“ (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 52,73%-ის მფლობელის - “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ 100%- ის მფლობელს) აქციების 19,5%-ის შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარის, „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ (რომელიც წარმოადგენს „ნელგადო ლიმითედის“ წილის 24%-ის მფლობელს) მიერ შეძენაზე.
7. 2018 წლის 13 დეკემბერს, კომისიას №01-02/10029 წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6589-18, 13.12.2018), შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის „Nexus Group Limited“-ის („ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%-ის მფლობელი) კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N427/11 გადაწყვეტილებით, კომისიამ მისცა თანხმობა შპს “კავკასუს ონლაინს“, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 47,27%-ის მფლობელის „ნელგადო ლიმითედის“ (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 52,73%-ის მფლობელის - “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ 100%- ის მფლობელს) აქციების 43,5%-ის შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარის, ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას (რომელიც წარმოადგენს „ნელგადო ლიმითედის“ წილის 37%-ის მფლობელს) მიერ შეძენაზე;
8. 2018 წლის 31 დეკემბერს, კომისიას №01-02/10071 წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/16, 31.12.2018), კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერის, ხვიჩა მაქაცარიას მიერ, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერის, ფიზიკურ პირ თემურ კობახიძის („ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის მფლობელი) კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილებით, კომისიამ მისცა თანხმობა შპს ,,კავკასუს ონლაინს“, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 47,27%-ის მფლობელის „ნელგადო ლიმითედის“ (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 52,73%-ის მფლობელის - “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ 100%-ის მფლობელს) აქციების 19,5%-ის შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარის, ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენაზე;
9. (დახურულია)
10. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ.
11. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890.
(დახურულია)
13. შპს „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია.
14. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
III. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წინასწარი თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.
შპს „კავკასუს ონლაინს“ მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება.
ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ვალდებულია შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ აცნობოს კომისიას შერწყმის/შეძენის განხორციელებამდე.
შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა/შეძენა, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის შედეგების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შერწყმა/შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის/შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
კანონი არ ითვალისწინებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესაძლებლობას კომისიის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, არც რეგულაციებს ასეთი შემთხვევისთვის. ამდენად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა.
(დახურულია)
შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგებლობითა და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, 26-ე მუხლი და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „კავკასუს ონლაინი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებით კომისიას არ მიეცა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაეწყო კვლევა და კვლევის შედეგების მიხედვით დაედგინა ავტრიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენა გამოიწვევდა თუ არა მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
(დახურულია)
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, (დახურულია)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენა უკანონოა. ასევე, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა (დახურულია) ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მულების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს მონაცემებს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორი კომპანიის ,,ნელგადო ლიმითედის“ აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთებას განხორციელებული ტრანზაქციის შედეგსა და მის ზიანთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით ღიაობის უზრუნველყოფამდე (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (მ. კანკავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი