შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2019 16:45
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019
შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-1664; 29.08.2019) ირკვევა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს “რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია კომპანია „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, 1586140/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ). „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“. შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორები არიან: უცხოური საწარმო „International Online Networks LTD“ (“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია), წილის 63,8%-ის მფლობელი; „ნელგადო ლიმითედი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), წილის 36,2%-ის მფლობელი. „International Online Networks LTD“-ის წილის 100%-ს ფლობს კომპანია „ნელგადო ლიმითედი“, შესაბამისად, „ნელგადო ლიმითედი“ პირდაპირ და არაპირდაპირ ჯამში ფლობს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ს. (დახურულია) 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი №01-02/175 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521 23.08.2019), რომლის თანახმადაც, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელი კომპანიის „ნელგადო ლიმითედის“ წილის (დახურულია) შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის (დახურულია) არაპირდაპირი მფლობელი გახდა (დახურულია) შპს „კავკასუს ონლაინი“ შპს “რკინიგზის ტელეკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 100%-ს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე, (დახურულია) არაპირდაპირ ფლობდა შპს"რკინიგზის ტელეკომში“წილის (დახურულია). ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, შპს რკინიგზის ტელეკომის წილის (დახურულია) ფლობს (დახურულია). ზემოაღნიშნული ტრანზაქციით განხორციელდა ავტორიზებული პირის წილის მფლობელის ცვლილება, რომელიც ექვემდებარებოდა კომისიისაგან წინასწარ თანხმობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რითაც დაირღვა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლის მოთხოვნები.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1664; 29.08.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი. შპს „რკინიგზის ტელეკომს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება Nგ-19-03/2741 2019 წლის 9 სექტემბერს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომპანიას აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა 2019 წლის 9 სექტემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ ა/წ 12 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება (Nშ-19-6/3691; 12.09.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ აფილირებულ პირს და შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორის ,,ნოვასტარ კომერს ლიმითედის“ (Novastar Commerce Ltd) ერთადერთი დამფუძნებელი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ ა/წ 9 სექტემბერს წერილობით მიმართა კომისიას მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევასთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების და კომერციული საიდუმლოების დაცვის საფუძვლით. ამავე განცხადების თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილია იდენტური ინფორმაცია შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, „ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado Ltd) აქციონერების და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში 2019 წლის 23 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხთან ერთად შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის განხილვა და ასევე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი საკითხის განხილვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვება, კომისიის დახურულ სხდომაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ გადადო შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა ა/წ 19 სექტემბრისთვის, რის თაობაზეც შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი ე. მებონია გაფრთხილდა კომისიის ა/წ 12 სექტემბრის სხდომაზე.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებისა (Nშ-19-6/3654; 09.09.2019) და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადების (Nშ-19-6/3691; 12.09.2019) განხილვის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წერილობით (Nგ-19-03/2817; 19.09.2019) მოეთხოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელის ,,ნელგადო ლიმითედის“ სათანადოდ დამოწმებული განახლებული ამონაწერი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის დეტალური დასაბუთება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო ა/წ 3 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც კომისიის ა/წ 19 სექტემბრის სხდომაზე გაფრთხილდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი. დ. კაპანაძე.
2019 წლის 27 სექტემბრის Nშ-19-6/3834 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი და ითხოვა დამატებითი ვადა ა/წ 5 ოქტომბრამდე დოკუმენტის ორიგინალის და ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად. ა/წ 4 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა 2019 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და ასევე, კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია, მას განესაზღვრა დამატებით ვადა ა/წ 15 ოქტომბრამდე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე სათანადოდ დამოწმებული ამონაწერის წარმოსადგენად (Nგ-19-03/2994; 03.10.2019). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო ა/წ 17 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი ე. მებონია გაფრთხილდა კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე.
ა/წ 15 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი, ხოლო ა/წ 16 ოქტომბერს წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა ა/წ 17 ოქტომბერს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები დ. კაპანაძე და ე. მებონია.
კომისია აღნიშნავს, რომ ა/წ 17 ოქტომბერს, შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვამდე, კომისიამ დახურულ სხდომაზე განიხილა შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირის შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებები (Nშ-19-6/3654; 09.09.2019; N01-02/177; 12.09.2019), რომლებითაც მოთხოვნილი იყო შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, კერძოდ, „ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado Ltd) აქციონერების და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებები. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა გაიმართოს კომისიის ღია სხდომაზე იმგვარად, რომ კომისიის სხდომაზე არ გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობას ითხოვდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1664 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილი);
2. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ;
3. კომისიის შეტყობინება შპს „რკინიგზის ტელეკომს“ (Nგ-19-03/2741; 09.09.2019) და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კომისიის წერილი (N16/2567-18, 27.07.2018) და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 20 მარტის Nშ-19-6/1143 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ“; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატი კომპანიის მონაცემების შესახებ);
6. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება Nშ-19-6/3691; 12.09.2019;
7. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;
8. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
9. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;
10. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
II. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 2010 წლის 2 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;
2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
4. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;
(დახურულია)
6. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;
7. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის პარტნიორები არიან: ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედი“ (Novastar Commerce Ltd) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140. ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ ერთადერთი დამფუძნებელი არის შპს ,,კავკასუს ონლაინი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 211380833. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890.
(დახურულია)
9. შპს „რკინიგზის ტელეკომს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. 10. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
I. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წინასწარი თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. აღნიშნულის შესახებ, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობა კომისიის 2018 წლის 27 ივლისის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. ამდენად, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებულ პირთან შერწყმის,
ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება.
ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ვალდებულია შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ აცნობოს კომისიას შერწყმის/შეძენის განხორციელებამდე.
შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა/შეძენა, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის შედეგების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შერწყმა/შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის/შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
კანონი არ ითვალისწინებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესაძლებლობას კომისიის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, არც რეგულაციებს ასეთი შემთხვევისთვის. ამდენად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა.
(დახურულია)
შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და, შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობითა და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებით კომისიას არ მიეცა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაეწყო კვლევა და კვლევის შედეგების მიხედვით დაედგინა ავტრიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენა გამოიწვევდა თუ არა მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
(დახურულია)
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე,
(დახურულია)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენა უკანონოა. ასევე, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და (დახურულია) ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მულების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „რკინიგზის ტელეკომს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს მონაცემებს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორი კომპანიის ,,ნელგადო ლიმითედის“ აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთებას განხორციელებული ტრანზაქციის შედეგსა და მის ზიანთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით ღიაობის უზრუნველყოფამდე (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (მ. კანკავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
