წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 623

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2019 17:50

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2019

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (19-10-1847, 24/09/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (19-10-1847, 24/09/2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს „ვიონი საქართველოს“, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია.

შესაბამისად, 2019 წლის 25 ივლისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (Nგ-19-18/438), რომლის მიხედვითაც შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა 2018 წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება  შპს „ვიონი საქართველოს“ ჩაბარდათ 2019 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად მოთხოვნილი ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი.

2019 წლის 5 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3624), რომელიც ეხება 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადის გაგრძელებას, და რაზეც კომპანიას კომისიის 2019 წლის 10 სექტემბრის წერილით (N გ-19-08/2754) ეცნობა, რომ კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-18/438 გადაწყვეტილებით, შპს „ვიონი საქართველოს“ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. ამასთან, ვინაიდან წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას ესაჭიროება მასზე დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების დადგენილ ვადებში შესასრულებლად, შპს „ვიონი საქართველოს“  ეთხოვა 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 17 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/3082; 11/10/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ვიონი საქართველოს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა  და შუამდგომლობების  წარმოდგენის, აგრეთვე    საქმის    გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/3082; 11/10/2019)  კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.

2019 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი ესართიას წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3986, 16.10.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 11 ოქტომბრის Nგ-19-03/3082 შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო სხდომა დანიშნულია 2019 წლის 17 ოქტომბერს. ი.ესართია წერილში აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2019 წლის 17 ოქტომბერს იქნება მივლინებაში და იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულებების წარსადგენად არ აქვთ საკმარისი დრო, ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას გონივრული ვადით.

კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე   შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კომისიამ სხდომაზე განიხილა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3986, 16.10.2019) საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და დააკმაყოფილა შუამდგომლობა. შესაბამისად, 2019 წლის 17 ოქტომბერს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის   7 ნოემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა შეტყობინებით (Nგ-19-03/3107, 21.10.2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 22  ოქტომბერს.

კომისიის  2019    წლის    7    ნოემბრის    სხდომაზე    გამოცხადდა    შპს    „ვიონი  საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ აუდიტორულმა კომპანიამ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის აუდირება ვერ დაასრულა. შპს „ვიონი საქართველოს“ შეუძლია მხოლოდ არა აუდირებული მონაცემები წარმოადგინოს, თუ ეს კომისიისთვის იქნება მისაღები. ი.ესართიამ ასევე განაცხადა, რომ აუდირებული მონაცემების მოწოდების ბოლო ვადად აუდიტორული კომპანია ასახელებს 2019 წლის 7 დეკემბერს.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (19-10-1847, 24/09/2019);

2.    შპს „ვიონი საქართველოს“  წერილი (შ-19-6/3624, 05.09.2019);

3.  კომისიის წერილი გაგზავნილი შპს „ვიონი საქართველოსთვის“ (N გ-19-08/2754, 10/09/2019);

4. „შპს    „ვიონი    საქართველოსთვის“    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების თაობაზე“ კომისის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006631825);

5.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1923, 03/10/2019);

6.     შპს  „ვიონი  საქართველოს“  შესახებ  ამონაწერი  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;

7.     კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/3082; 11/10/2019) და აღნიშნული შეტყობინების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006827163);

8.     შპს   „ვიონი   საქართველოს“   წარმომადგენლის   ი.ესართიას   წერილობითი   შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3986, 16.10.2019);

9.     კოსმიის  შეტყობინება  (Nგ-19-03/3107,  21.10.2019)  და  აღნიშნული  შეტყობინების  შპს  „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცი (AP01006827266);

10.  შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 7 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.     შპს   „ვიონი   საქართველო“   2010   წლის   12   თებერვლიდან   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.     „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა და ურთიერთჩართვის  (სატელეფონო  ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი  ქსელის  საკომუტაციო  ტერმინალურ ელემენტებთან      დაშვებისა      და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის  სეგმენტებზე ამ     გადაწყვეტილებით     განსაზღვრულ,     მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე    ავტორიზებულ    პირს,    ამავე    გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერხარჯთაღრიცხვისადა   დანახარჯების  განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.

მტკიცებულება; კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“

3.     კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438 გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა 2018 წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება   შპს „ვიონი საქართველოს“ ჩაბარდათ 2019 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად მოთხოვნილი ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი.

მტკიცებულება: „შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე“  კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438  გადაწყვეტილება  და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006631825).

4.    2019 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი;

მტკიცებულება:     კომისიის      აპარატის      სატელეკომუნიკაციო      ბაზრის      რეგულირების დეპარტამენტის (19-10-1847, 24/09/2019)  მოხსენებითი ბარათი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს  ზედამხედველობა      და      მათი      დარღვევისას      გაატაროს      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების            სფეროში     საქართველოს     კანონმდებლობის,     მათ     შორის,     კომისიის დადგენილებებითა            და      გადაწყვეტილებებით      განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების        სფეროში    საქართველოს    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.     საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2006   წლის   20   აპრილის   №   5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის                 გადაწყვეტილებით    დაკისრებული    აქვს    დანახარჯებისა    და    შემოსავლების განცალკავებული        აღრიცხვის    სპეციფიკური    ვალდებულება,    სააღრიცხვო    პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;

7.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45–ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს                                   კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების    საფუძველია კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438   გადაწყვეტილებით   განსაზღვრულ   ვადაში   წარმოუდგენლობით   დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი    და მე-3 პუნქტები და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის   Nგ-19-18/438 გადაწყვეტილება.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით   განსაზღვრული   ერთობლივი   შემოსავალი   დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ   3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438 გადაწყვეტილებით შპს „ვიონი  საქართველოს“  მიეცა  გაფრთხილება,   ამჯერად  მის  მიმართ  გამოყენებულ  უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-1923, 03/10/2019) თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს „ვიონი საქართველოს“    ბოლო    12    კალენდარული    თვის    შემოსავლის  0,5 პროცენტი  აღემატება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით.

ამასთან, შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს  „ვიონი  საქართველოს“  დაეკისროს  ჯარიმა  30  000  ლარის  ოდენობით  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების  და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-18/438 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს შპს „ვიონი საქართველოს“ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში ერთი თვის ვადაში წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)   შპს   „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის  შპს   „ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან;

8.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ.დევდარიანი);

10.  კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   მე-5,   მე-6   და   მე-9 პუნქტებისა)  დაევალოს  კომისიის  აპარატის  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტს (მ.კანკავა).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები