შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2019 14:11
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2019
შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (19-10-1847, 24/09/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (19-10-1847, 24/09/2019) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ მაქსიმუმ 1 ივლისამდე.
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს „კავკასუს ონლაინს“, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, 2019 წლის 18 ივლისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (Nგ-19-18/428), რომლის მიხედვითაც შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა 2018 წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება შპს „კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდათ 2019 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად მოთხოვნილი ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი.
2019 წლის 20 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/3454), რომელიც ეხება 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადის გაგრძელებას, და რაზეც კომპანიას კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს (N გ-19-08/2562) წერილით ეცნობა, რომ კომისიის 2019 წლის 18 ივლისის №გ-19-18/428 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. ამასთან, ვინაიდან წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას ესაჭიროება მასზე დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების დადგენილ ვადებში შესასრულებლად, შპს „კავკასუს ონლაინს“ ეთხოვა 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 17 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/3080; 11/10/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/3080; 11/10/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.
კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე და იურისტი დ. კაპანაძე. შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა რ. კოპალაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ დაასრულა ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 ოქტომბერს. რ.კოპალაძის განმარტებით, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ 2018 წელს კომპანიას ჰქონოდა სრულფასოვანი დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე, რათა კომისიასაც და აქციონერებსაც სრულყოფილი მონაცემები მიეღოთ. რ.კოპალაძემ განაცხადა, რომ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას 1 ოქტომბერს მოეწერა ხელი და ფიზიკურად ვერ მოხერხდა განცალკევებული აღრიცხვის აუდიტი. მათ თხოვნით მიმართეს აუდიტორულ კომპანიას, რომ დახმარებოდნენ პოლიტიკის განსაზღვრაში შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ და მოკლე ვადაში შეედგინათ განცალკევებული ანგარიშგების აუდიტი კომისიაში წარმოსადგენად. ანგარიშგება არსებობს, საუბარია მის აუდირებაზე.
შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტმა დ.კაპანაძემ აღნიშნა, რომ ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული კომპანიის მხრიდან ამ ინფორმაციის წარმოდგენის დაგვიანება და ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს. პირიქით, მათი სურვილია კომისიაში წარმოადგინონ სრულფასოვანი, გამართული დოკუმენტი და ამისთვის დასჭირდებათ დამატებითი დრო. შესაბამისად, დ.კაპანაძემ ითხოვა საკითხის განხილვის გადადება.
კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 7 ნოემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „კავკასუს ონლაინი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4284, 7.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით, რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვ. მღებრიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 7 ნოემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4284, 7.11.2019) შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 12 ნოემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „კავკასუს ონლაინი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვ. მღებრიანი, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.
კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო შუბითიძემ დაადასტურა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 7 ნოემბერს წარმოდგენილი 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა შეესაბამება კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების - „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების ” მოთხოვნებს.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (19-10-1847, 24/09/2019);
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (შ-19-6/3454, 20.08.2019);
3. კომისიის წერილი გაგზავნილი შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ (N გ-19-08/2562, 23/08/2019);
4. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006631821);
5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1927, 03/10/2019);
6. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1927, 03/10/2019);
7. შპს „კავკასუს ონალინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3080; 11/10/2019) და აღნიშნული შეტყობინების შპს „კავკასუს ონლაინისთის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006827160);
9. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4284, 7.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა);
10. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების მიერ 2019 წლის 17 ოქტომბრის, 7 და 12 ნოემბრის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
11. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ნინო შუბითიძის მიერ 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვა);
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება ცალ-ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;
მტკიცებულება: კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“
3. კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა 2018 წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება შპს „კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდათ 2019 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად მოთხოვნილი ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 12 სექტემბერი.
მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილება „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006631821).
4. 2019 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით შპს „კაუკასუს ონლაინის“ მიერ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში წარმოდგენილი არ იყო.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (19-10-1847, 24/09/2019) მოხსენებითი ბარათი.
5. 2019 წლის 7 ნოემბერს შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
მტკიცებულება: შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4284, 7.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის
რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებულიაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადში წარმოუდგენლობით და კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი და კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილება, რაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „კავკასუს ონლაინმა“ შეასრულა კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,
45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის და კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/428 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. გათავისუფლდეს შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „კავკასუ ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ნ.შუბითიძე).
მერაბ ქათამაძე კომისიის თავმჯდომარის მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
