სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2019 17:50
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019
სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-1846, 24/09/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-1846, 24/09/2019) თანახმად, 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ 1 ივლისამდე. ამასთანავე, „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 17 იანვრის N1 დადგენილების თანახმად სს „სილქნეტს“ კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის (N გ-19-08/401, 19.02.2019) წერილით ასევე მოეთხოვა 2018 წლის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში ცალკე გამოეყო: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; გ) „მეტი S”, „მეტი M“, „მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე.
სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 25 ივლისს კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3098) აუდირებული განცალკევებული აღრიცხვა ნაწილობრივ. კომპანიამ არ წარმოადგინა 2019 წლის 19 თებერვლის წერილით (N გ-19-08/401, 19.02.2019) მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც 2019 წლის 1 აგვისტოს კომისიის Nგ-19-18/454 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“ დაევალა 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის (სრულყოფილად) კომისიაში წარმოდგენა 2019 წლის 19 სექტემბრამდე.
2019 წლის 19 სექტემბერს სს „სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3773) არააუდირებული ფორმით მობილური ქსელის საცალო ბიზნეს ერთეულის შემოსავლებისა და ხარჯების დაყოფა შემდეგ სეგმენტებად: კონსოლიდირებული ტენდერი; სხვა კორპორატიული აბონენტები; ფიზიკური პირი მომხმარებლები.
სს „სილქნეტის“ 2019 წლის 19 სექტემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-196/3773) თანახმად, 2019 წლის იანვარში კომპანიაში განხორციელდა საბილინგო სისტემის ცვლილება, რის შედეგადაც კომპანიას შეეზღუდა წვდომა ახალი ფორმატის მქონე ისტორიულ მონაცემებზე და კომპანიას წაერთვა შესაძლებლობა კომისიის მიერ მოთხოვნილი მონაცემები გამოეცალკევებინა ფიზიკური პირების ქვე-ბიზნეს ერთეულში, რის გამოც 2019 წლის 19 თებერვლის Nგ-19-08/401 წერილით განსაზღვრული მოთხოვნით ანგარიშის აუდიტორული შემოწმება ვერ იქნა უზრუნველყოფილი, აუდიტორული კომპანიისთვის შესაბამისი მონაცემების წარდგენის შეუძლებლობის გამო.
სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 17 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/3081; 11/10/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „სილქნეტს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (Nგ-19-03/3081; 11/10/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 17 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის ნ.ნიჟარაძის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3996, 17.10.2019) რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომას ვერ დაესწრება. შესაბამისად, ითხოვა, საკითხის განხილვის გადადება, რათა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცეს მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში და წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 7 ნოემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სს „სილქნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/3106, 21/10/2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 22 ოქტომბერს.
კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სტანდარტული განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში წარმოდგენილია კომისიაში. კომისიის მიერ დამატებით იყო მოთხოვნილი 3 მონაცემის წარმოდგენა, კერძოდ: კონსოლიდირებული ტენდერის, კორპორატიული აბონენტების შესახებ ინფორმაცია და „მეტი S”, „მეტი M“, „მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე. კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 19 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა განმარტება, რომ ეს ინფორმაცია წარმოდგენილი აქვთ, მხოლოდ არა აუდირებული სახით. ზემოაღნიშნული 3 ინფორმაციიდან ორზე წარმოდგენილია მონაცემები, ხოლო ფიზიკური პირი მომხმარებლების ნაწილში ვერ მოხერხდა ჩაშლილი მონაცემების აუდირება პაკეტების ჭრილში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჯერ კიდევ იანვარში კომპანიამ შეცვალა ბილინგის სისტემა და კომპანია „Peter Service”-ი ჩაანაცვლა სხვა კომპანიამ, რომელმაც ისტორიული მონაცემები ახალი ფორმატით არ აღადგინა. ამის გამო ვერ მოხერხდა მხოლოდ ამ 1 ნაწილის წარმოდგენა 2018 წლის ჭრილში და ვერც მოხერხდება. კ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის მონაცემების წარმოდგენის პრობლემა არ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ იყო კომუნიკაცია ახალ კომპანიასთან ამ საკითხზე, თუმცა მათ უარი განაცხადეს მონაცემთა აღდგენაზე. წინა კომპანიასთან გაწყვეტილია სახელშეკრულებო ურთიერთობა და მიიღეს უარი მომსახურებაზე ყოველგვარი ახსნის გარეშე. კომპანიას ისტორიულ მონაცემებზე წვდომა აქვს, მაგრამ ეს მონაცემები არ არის იმ ფორმატის, როგორიც კომისიაში უნდა წარმოედგინათ, ანუ პაკეტების ჭრილში ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია.
კ. ყურაშვილმა დაამატა, რომ როგორც მას განუმარტეს, აუდიტორები მხოლოდ ციფრების ნამდვილობას არ ადასტურებენ, არამედ უნდა დაადასტურონ კომისიის წერილით მოთხოვნილი მონაცემები. კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ აუდიტორი ვერ ადასტურებს სამივე კომპონენტს, ვინაიდან ერთ-ერთ ინფორმაციას კომპანია ვერ წარუდგენს მათ. კ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია შეიტანს ცვლილებას ამ ინფორმაციის წარმოდგენის ნაწილში, დანარჩენ ინფორმაციას აუდირებული სახით წარმოადგენენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, თუმცა ზუსტად ვერ დაასახელებს, როდის.
კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 14 ნოემბერს, 15 საათზე.
აღნიშნულის თაობაზე სს „სილქნეტი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ასევე, წარმოადგინა კომპანია „Peter Service“-სა და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება (პროგრამული უზრუნველყოფის 2019 წლის პირველი თებერვლიდან შეწყვეტის თაობაზე; წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია - წარმოდგენილია მხოლო ხელშეკრულების პიველი,მე-2 და მე-12 გვერდი) და სს „სილქნეტსა“ და „Whale Cloud”-ის წარმომადგენელთან მიმოწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სს „სილქნეტს“ ჰქონდა კომუნიკაცია აუდიტორებთან, რომლებსაც სჭირდებათ კომისიის წერილი მოთხოვნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ წარმოადგენენ ისინი თავიანთ პასუხს ვადასთან დაკავშირებით. ნ.ნიჟარაძემ ასევე დააყენა შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე და ითხოვა კომისიამ შეცვლილი მოთხოვნით მიმართოს სს „სილქნეტს“ რის საფუძველზეც კომპანია წარმოადგენს აუდირებულ ინფორმაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს, სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა წერილით N5879/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-196/3773, 19.09.2019) და აღნიშნულ წერილზე თანდართული ფორმით წარმოადგინა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მობილური ქსელის საცალო ბიზნეს ერთეულის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიში არაუდირებული ფორმით, სადაც კომპანიას საცალო ბიზნეს ერთეული საქმიანობა დაყოფილი იყო შემდეგ ქვე-ბიზნეს ერთეულებად: კონსოლიდირებული ტენდერი; სხვა კორპორატიული აბონენტები; ფიზიკური პირი მომხმარებელი. კომისიისთვის წარმოდგენილი ანგარიში სს „სილქნეტის“ მიერ მომზადებულ იქნა „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესახებ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებისა და წესების შესაბამისად, ხოლო სააღრიცხვო ჩანაწერები, თანხები და ბალანსები, რომლებიც ანგარიშის მომზადებისთვის იქნა გამოყენებული, აღებული იყო შესაბამისი ფინანსური უწყისებიდან, რომლებიც კომპანიის მიერ მომზადებულ იქნა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ 2019 წლის 19 სექტემბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3773, 19.09.2019), ისევე როგორც კომისიაში მიმდინარე საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომებზე აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შედეგად, 2019 წლის იანვარში შეიცვალა სს „სილქნეტის“ საბილინგო სისტემა და კომპანიას შეეზღუდა წვდომა ახალი ფორმატის მქონე ისტორიულ მონაცემებთან. სს „სილქნეტს“ ძველ კონტრაქტორთან, „Peter Service“-თან (რომელიც წარმოადგენდა შპს „ჯეოსელის“ კონტრაქტორს“) სახელშეკრულებო ურთიერთობები და შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია შეწყდა 2019 წლის პირველი თებერვლიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ შეეზღუდა წვდომა ისტორიულ მონაცემზე.
სს „სილქნეტის“ წერილობით შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით სს „სილქნეტმა“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე ზეპირად მიმართა სს „სილქნეტის“ ახალ კონტრაქტორს, კომპანია Whale Cloud”-ს, ხოლო კომისიის მოთხოვნისა და კომისიისთვის შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით, 2019 წლის 13 ნოემბერს, უკვე დამატებით წერილობით (ელ.ფოსტის მეშვეობით) კიდევ ერთხელ მიმართა კომპანიას, თუმცა სს „სილქნეტმა“ პასუხად მიიღო, რომ „Whale Cloud”-ის მხარდაჭერის სისტემ „ZSmart” ოპერირებს 2019 წლის იანვრიდან და წინა საბილინგო სისტემაში არსებულ ისტორიულ მონაცემებთან წვდომის გარეშე, Whale Cloud”-ი ვერ განახორციელებს კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, იმ მონაცემების იმ ფორმით ამოღებას საბილინგო სისტემიდან, რომელიც აუცილებელია აუდიტორის მიერ მის დასამოწმბლად.
როგორც, სს „სილქნეტის“ წერილობით შუამდგომლობაშია აღნიშნული, მიუხედავად სს „სილქნეტის“ დიდ ძალისხმევისა, იმის გათვალისწინებით, რომ ძველი საბილინგო სისტემის მომწოდებელმა არ უზრუნველყო რიგი ისტორიული მონაცემების შესაბამისი ფორმით აღდგენა, კომპანიას წაერთვა შესაძლებლობა განეხორციელებინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად დამუშავება. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ვერ იქნა უზრუნველყოფილი და სამწუხაროდ ვერც მომავალში იქნება შესაძლებელი კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის Nგ-19-08-401 წერილით განსაზღვრული მოთხოვნით ანგარიშის აუდირებული შემოწმება, აუდიტორული კომპანიისთვის შესაბამისი მონაცემების წარდგენის შეუძლებლობის გამო.
სს „სილქნეტის“ წერილობით შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის თანხმობისა და დაინტერესების შემთხვევაში სს „სილქნეტი“ მზადაა უზრუნველყოს 2019 წლის 19 სექტემბრის N5879/05-8 წერილზე (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3773, 19.09.2019) თანდართული ანგარიშის აუდიტორული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ კომისიისაგან მიიღებენ მოთხოვნას აღნიშნულის თაობაზე, რაც კომპანიის მიერ წარდგენილი იქნება აუდიტორული კომპანიისთვის.
ასევე, წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ფაქტს, კერძოდ, სს „სილქნეტის“ ქმედებაში არ არის არც მართლწინააღმდეგობის და არც ბრალეულობის კომპონენტი, იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად კომპანიის დიდი ძალისხმევისა, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კომისიის მოთხოვნა მონაცემების წარმოდგენის თაობაზე, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი თუ კომისია მიუხედავად წარმოდგენილი არგუმენტაციისა და ფაქტობრივი მოცემულობისა, გამოიყენებს სანქციას სს „სილქნეტის“ მიმართ და ამავდროულად დაავალდებულებს კომპანიას ინფორმაციის წარდგენას იმ ფორმით და მოცულობით, რაც ეს მოთხოვნილი ჰქონდა კომისიას 2019 წლის 19 თებერვლის Nგ-19-08/401 წერილით და კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18/454 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელი იქნება კომპანიის მხრიდან ფაქტობრივი მიზეზების გამო, რაც თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით შექმნის კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად გამოცხადების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტი“ ითხოვს შეწყდეს სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილ სს „სილქნეტსა“ და „Whale Cloud”-ის წარმომადგენელთან მიმოწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანიდან ირკვევა, რომ „Whale Cloud”-ის ბიზნეს მხარდაჭერის სისტემა „ZSmart“ სს „სილქნეტის“ მობილურ ქსელში ფუნქციონირებს 2019 წლის იანვრიდან. როგორც Whale Cloud”ის წერილშია აღნიშნულია, ზოგიერთი ისტორიული მონაცემები ასევე გადატანილ იქნა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მობილური ბილინგის პროცესის უწყვეტობა, მაგრამ წინა კომპანიის „Peter Service”-ის ბილინგის აპლიკაციის შიდა მონაცემთა სტრუქტურის სიღრმისეული ცოდნის გარეშე, რომელსაც „Whale Cloud”-ი სამწუხაროდ არ ფლობს, შეუძლებელია 2018 წლის მობილური ინტერნეტის გამოყენების ჩაშლა ისე, როგორც სს „სილქნეტი“ ითხოვს.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოადგინა კომპანია „Peter Service“-სა და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია - წარმოდგენილია მხოლოდ ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-12 გვერდი. წარმოდგენილი დოკუმენტის მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის მოქმედების ვადა იწურება 2019 წლის პირველი თებერვლის 00:00 საათზე.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-1846, 24/09/2019) თანდართული დოკუმენტაციით (სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3773, 19.09.2019);
- „სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18 / 454 გადაწყვეტილება;
- კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1923, 03/10/2019);
- სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (წერილობითი შუამდგომლობა სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ; კომპანია „პეტერ-სერვისსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება (პროგრამული უზრუნველყოფის 2019 წლის პირველი თებერვლიდან შეწყვეტის თაობაზე); სს „სილქნეტსა“ და „Whale Cloud”-ის წარმომადგენელთან მიმოწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
- სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების მიერ 2019 წლის 7 და 14 ნოემბრის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. ა) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე სს „სილქნეტს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;
ბ) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს - სს „სილქნეტს“, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
გ) „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - სს „სილქნეტი“ ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება ცალცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;
დ) „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს - სს „სილქნეტს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;
ე) „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის თანახმად, სს „სილქნეტს“, როგორც საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, დამატებით დაევალა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალო მომსახურება ცალ- ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N411 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;
ვ) ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სს „სილქნეტი“ ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ და დაკისრებული აქვს კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით (კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2019 წლის 30 აპრილის 267/9 გადაწყვეტილება „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“).
მტკიცებულება; კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ; კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზოსაკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“; კომისიის 2019 წლის 30 არილის N267/9 გადაწყვეტილება „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ .
3. კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18 / 454 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო და დაევალა 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის (სრულყოფილად) კომისიაში წარმოდგენა 2019 წლის 19 სექტემბრამდე.მტკიცებულება: „სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18 / 454 გადაწყვეტილება.
4. 2019 წლის 19 სექტემბერს სს „სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3773) არააუდირებული ფორმით მობილური ქსელის საცალო ბიზნეს ერთეულის შემოსავლებისა და ხარჯების დაყოფა შემდეგ სეგმენტებად: კონსოლიდირებული ტენდერი; სხვა კორპორატიული აბონენტები; ფიზიკური პირი მომხმარებლები.მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3773, 19.09.2019); კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-1846, 24/09/2019).
5. შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შედეგად, 2019 წლის იანვარს შეიცვალა სს „სილქნეტის“ საბილინგო სისტემა და კომპანიას შეეზღუდა წვდომა ახალი ფორმატის მქონე ისტორიულ მონაცემებთან. სს „სილქნეტს“ ძველ კონტრაქტორთან, „Peter Service“-თან (რომელიც წარმოადგენდა შპს „ჯეოსელის“ კონტრაქტორს“) სახელშეკრულებო ურთიერთობები და შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია შეწყდა 2019 წლის პირველი თებერვლიდან; სს „სილქნეტსა“ და „Whale Cloud”-ის წარმომადგენელთან მიმოწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანიდან ირკვევა, რომ „Whale Cloud”-ის ბიზნეს მხარდაჭერის სისტემა „ZSmart“ სს „სილქნეტის“ მობილურ ქსელში ფუნქციონირებს 2019 წლის იანვრიდან. როგორც Whale Cloud”-ის წერილშია აღნიშნულია, ზოგიერთი ისტორიული მონაცემები ასევე გადატანილ იქნა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მობილური ბილინგის პროცესის უწყვეტობა, მაგრამ წინა კომპანიის „Peter Service”-ის ბილინგის აპლიკაციის შიდა მონაცემთა სტრუქტურის სიღრმისეული ცოდნის გარეშე, რომელსაც „Whale Cloud”-ი სამწუხაროდ არ ფლობს, შეუძლებელია 2018 წლის მობილური ინტერნეტის გამოყენების ჩაშლა ისე, როგორც სს „სილქნეტი“ ითხოვს.მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (წერილობითი შუამდგომლობა სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ; კომპანია „პეტერ-სერვისსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება (პროგრამული უზრუნველყოფის 2019 წლის პირველი თებერვლიდან შეწყვეტის თაობაზე); სს „სილქნეტსა“ და „Whale Cloud”-ის წარმომადგენელთან მიმოწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
6. 2019 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში (სრულყოფილად) კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი;მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 19-10-1846, 24/09/2019) მოხსენებითი ბარათი; სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3773, 19.09.2019).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ ვალდებული იყო კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოედგინა სრულყოფილად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. შესაბამისად, 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის სრულყოფილად კომისიის დადგენილებითა და კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18/454 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტი, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ19-18/454 გადაწყვეტილება, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შედეგად, 2019 წლის იანვარში შეიცვალა სს „სილქნეტის“ საბილინგო სისტემა და კომპანიას შეეზღუდა წვდომა ახალი ფორმატის მქონე ისტორიულ მონაცემებთან. სს „სილქნეტს“ ძველ კონტრაქტორთან, „Peter Service“-თან, რომელიც წარმოადგენდა შპს „ჯეოსელის“ კონტრაქტორს“, სახელშეკრულებო ურთიერთობები და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია შეწყდა 2019 წლის პირველი თებერვლიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ შეეზღუდა წვდომა ისტორიულ მონაცემზე, ხოლო, სს „სილქნეტის“ ახალი პარტნიორი „Whale Cloud”-ი ვერ ახდენს მობილური ინტერნეტის გამოყენების ჩაშლას, ისე, როგორც ეს სს „სილქნეტს“ აქვს მოთხოვნილი, ვინაიდან არ ფლობს „Peter Service”-ის ბილინგის აპლიკაციის შიდა მონაცემთა სტრუქტურის გამოყენების ცოდნას, კომისიას მიზანშეზონილად მიაჩნია სს „სილქნეტი“ სცნოს სამართალდამრღვევად (ვინაიდან განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი) და გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან (ვინაიდან დღეის მდგომარეობით ინფორმაციის იმ სახით წარმოდგენა რა სახითაც იყო გამოთხოვილი შეუძლებელია). ამასთან, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ინფორმაციის იმ სახით წარმოდგენა, რა სახითაც იყო გამოთხოვილი შეუძლებელია, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ უნდა დაევალოს 2020 წლის 1 იანვრამდე, მის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერის წერილზე (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ19-6/3773) დართული ანგარიშის აუდირებული ფორმით კომისიაში წარმოდგენა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 2018 წლის მობილური ქსელის საცალო ბიზნეს ერთეულის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიში შემდეგ მომსახურებებზე ცალ-ცალკე: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; გ) მობილური ქსელით ფიზიკური პირი მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- სს „სილქნეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18/454 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- სს „სილქნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- დაევალოს სს „სილქნეტს“ 2020 წლის 1 იანვრამდე, მის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერის წერილზე (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-19-6/3773) დართული ანგარიშის აუდირებული ფორმით კომისიაში წარმოდგენა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 2018 წლის მობილური ქსელის საცალო ბიზნეს ერთეულის განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ანგარიში შემდეგ მომსახურებებზე ცალ-ცალკე: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; გ) მობილური ქსელით ფიზიკური პირი მომხმარებლებისაგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
