წვდომის მენიუ

შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 648

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 13:50

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2019

შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-2095; 29/10/2019) თანახმად, კომისიაში 2019 წლის 4 ოქტომბერს შემოსული შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ს წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი. კერძოდ: კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 2019 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა ცვლილება კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და შეიცვალა შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის დამფუძნებლები (ვასილ მღებრიშვილმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 51% გაასხვისა შპს UNISONG TV UK LIMITED-ის სასარგებლოდ).

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-1998, 10/10/2019) თანახმად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს სამსახურებრივი ბარათის (№19-10-1978, 09.10.2019) პასუხად, ეცნობა, რომ დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების პროექტი წილის შეძენასთან დაკავშირებით შპს „იუნისონგ უორლდ   ტვ“-სთან   დაკავშირებით   არ   მომზადებულა.  შესაბამისად, კომისიას შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ს წილის შეძენასთან დაკავშირებით, წინასწარი თანხმობა გაცემული არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 ნოემბერი, რის შესახებ შეტყობინება (Nგ-19-03/3263; 04/11/2019) გაეგზავნა შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით

გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (Nგ-19-03/3263; 04/11/2019) კომპანიას არ ჩაბარდა, შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 21 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ს ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-19-03/3497, 15.11.2019), რომელიც ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-iunisong-uorld-tv-s.page). კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3497, 15.11.2019) შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ს ჩაბარდა 2019 წლის 19 ნოემბერს (ჩაიბარა: გ.გოგიტიძემ).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 21 ნოემბერის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“- ის წარმომადგენელი. ვინაიდან,      შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა და ასევე შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის დაუსწრებლად.

II.         გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  ავტორიზაციის  და ლიცენზირების  ჯგუფის   სამსახურებრივი   ბარათი   (N19-10-2095;  29/10/2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „უნისონგ უორლდ ტვ“-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3888, 04.10.2019); სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ამოღებული დოკუმენტაცია);

2.   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1998, 10/10/2019);

3.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B19068363, 20/06/2019; B19103063, 27/09/2019) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „უნისონგ უორლდ ტვ“-ს შესახებ;

4. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3263; 04/11/2019) და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01006932263);

5. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3497, 15.11.2019) და აღნიშნული შეტყობინების შპს „იუნისონგ უოლდ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს   „იუნისონგ   უორლდ   ტვ“   წარმოადგენს   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 04/07/2019 ; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;   თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო    სისტემის     ტერმინალური     საშუალებების     ფუნქციური    რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება);

2. შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. 2019 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა ცვლილება კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და შეიცვალა შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის დამფუძნებლები (ვასილ მღებრიშვილმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 51% გაასხვისა შპს UNISONG TV UK LIMITED-ის სასარგებლოდ). შესაბამისად, შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის წილის შეძენის შემდგომ, შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის წილები გადანაწილდა შემდეგი სახით:  ვასილ მღებრიშვილი -  49%,  შპს „UNISONG  TV  UK LIMITED“ - 51%;

4.   შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

5. შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.        სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი   პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის   ან/და   ნებართვის   მფლობელების   მიერ   რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე         მათ   მიერ    ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში   საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,  კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა     მიერ     ელექტრონული     კომუნიკაციების      სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

8.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

9. „საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე თავისი წილის გასხვისებით   დარღვეულ   იქნა   „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის  სანქცირების საფუძველია.  იმის  გათვალისწინებით, რომ  კომპანიის  მხრიდან ბოლო ერთი  წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“- ი წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ამავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე   მუხლის   მე-3   პუნქტის   შესაბამისად,   შეტყობინების   კომისიაში   წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის წილის შეძენის ფორმა.   შეტყობინება  აგრეთვე   უნდა შეიცავდეს  შემდეგ  ინფორმაციას   შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე) შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის     ავტორიზებულ     პირთა     უწყებრივ     რეესტრში     შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები