შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2019 9:46
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2019
შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-2205, 14/11/2019) თანახმად, კომისიაში 2019 წლის 26 სექტემბერს შემოსული შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი. კერძოდ: კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 2018 წლის 15 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლები (განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის ფონდმა თავისი კუთვნილი 20%-იანი წილი სრულად გაასხვისა კომპანია Telehouse Holding Aps-ის სასარგებლოდ; ასევე შეიცვალა შპს ნიუტელკო ჯორჯიას ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია NewTelco GmbH-ს დამფუძნებელი, კერძოდ Christoph Meinhardt-მა თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი სრულად დათმო Maatias Hartman-ის სასარგებლოდ, რის შედეგედაც Maatias Hartman ზემოაღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა). ასევე, სამასახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 4 ოქტომბერს (Nგ-19-03/3011) შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ გაეგზავნა წერილი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით) ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. პასუხი წერილზე კომპანიას 2019 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით არ ქონდა წარმოდგენილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის Nგ-19-03/3011 წერილის პასუხად, 2019 წლის 15 ნოემბერს შპს „ნიუტელკო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4391, 15.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ 100%-ის მესაკუთრეა: დანიური კომპანია Telehouse Holding Aps, ს/კ:34230153. თავად Telehouse Holding Aps-ს ყავს სამი დამფუძნებელი: 1) NewTelco GmbH, Germany - 44.59%; 2) Growing Market Invest Aps, Denmark - 37.53%; 3) გიორგი გოთოშია - 17.88%.
შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/439, 15.11.2019) ასევე აღნიშნულია, რომ დანიის სამეწარმეო რეესტრი აღრიცხავს კომპანიაში 20%-დე, 20%- დან 25%-მდე, 25%-დან 33.33%-მდე (ე.ი. 1/3) და 33.33%-დან 50%-მდე წილებს. ასევე კონკრეტული ბენეფიციარის Hannes Harm Spliedt-ის წილი ცალსახადაა განსაზღვრული 37.53%-ით. NewTelco GmbH, Germany-ს ერთპიროვნული 100%-იანი მფლობელი გახლავთ Matthias Hertman (წერილს თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერი და პასპორტის ასლი).
Growing Market Invest Aps, Denmark-ის 100%-იანი მეწილე არის Hannes Harm Spliedt, რაც დასტურდება დანიის რეესტრიდან აპოსტილით დამოწმებული Telehouse Holding Aps-ის ამონაწერით, სადაც გამოყოფილად მითითებულია, რომ Telehouse Holding Aps-ის დანიელი ბენეფიციარი არის Hannes Harm Spliedt – 37.53%-ით, რაც მთლიანად არის Growing Market Invest Aps-ის წილის Telehouse Holding Aps-ში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ (ჩაბარდა:1.08.2018; გზავნილის კოდი: AP01004956030) განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში.
კომისიის წერილის (N16/2567-18, 27.07.2018) პასუხად შპს „ნიუტელკო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3865-18, 13.08.2018) საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მესაკუთრეები არიან: 1) Telehouse Holding Aps, დანია - 80% და განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის ფონდი, დანია - 20%. აქედან, Telehouse Holding Aps-ის დამფუძნებლები არიან: 1) NewTelco GmbH, Germany- 40% (მემკვიდრეები: Matthias Hartmann -50% და Christoph Meinhardt -50%); 2) Growing Market Invest Aps, Denmark - 40% (Hannes Harm Spliedt – 100%); 3) გიორგი გოთოშია - 20%.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-2205, 14/11/2019) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტესა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 21 ნოემბერი, რის შესახებ შეტყობინება (N გ-19-03/3526; 15/11/2019) გაეგზავნა შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ასევე, ზემოაღნიშნული შეტყობინებით, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ ეთხოვა 2019 წლის 15 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4391, 15.11.2019) წერილით კომისიაში წარმოდგენილი უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა. შეტყობინება (N გ-19-03/3526; 15/11/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 18 ნოემბერს.
2019 წლის 19 ნოემბერს შპს „ნიუტელკო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4445, 19.11.2019).
კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ჯ. აფციაური, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წილის 20% მფლობელი - განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის ფონდი გავიდა წილიდან და შესაბამისად, კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა Telehouse Holding Aps-ი. ასევე, აღნიშნა, რომ შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია NewTelco GmbH, 50%-ის მფლობელის Christoph Meinhardt-ის გარდაცვალების შემდგომ მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის დასრულების შემდგომ კომპანიის 100% მფლობელი გახდა Matthias Hertman. ჯ. აფციაურმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილების თაობაზე შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წინასწარი თანხმობის მისაღებად კომისიისთვის არ მიუმართავს.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-2205, 14/11/2019);
2. კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის წერილი (Nგ-19-03/3011, 4.10.2019) გაგზავნილი შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“;
3. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ19-6/3823, 26.09.2019) თანდართული დოკუმენტაციით;
4. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4391, 15.11.2019);
5. კომისიის წერილი (N16/2567-18, 27.07.2018) გაგზავნილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ და აღნიშნული წერილის კომპანიისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01004956030);
6. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3865-18, 13.08.2018);
7. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ19-6/4445, 19.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით (უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B17116998, 20/10/2017; B18195940, 15/11/2018; B19039108, 04/04/2019) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ შესახებ;
9. კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/3526; 15/11/2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ჯ. აფციაურის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ნიუტელკო ჯორჯია“ წლის 19 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება);
2. შპს „ნიუტელკო ჯორჯია“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ19-6/3823, 26.09.2019) ირკვევა, რომ შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2018 წლის 15 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლები, კერძოდ: განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის ფონდმა თავისი კუთვნილი 20%-იანი წილი სრულად გაასხვისა კომპანია Telehouse Holding Aps-ის სასარგებლოდ; ასევე შეიცვალა შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია NewTelco GmbH-ს დამფუძნებელი, კერძოდ Christoph Meinhardt-მა თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი სრულად დათმო Maatias Hartman-ის სასარგებლოდ, რის შედეგედაც Maatias Hartman-ი ზემოაღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა;
4. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ (ჩაბარდა:
1.08.2018; გზავნილის კოდი: AP01004956030) განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;
5. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ და თავისი წილის მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის გასხვისების/შეძენის განზრახვის თაობაზე არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
6. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვისდამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
11. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წინასწარი თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაში თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის)გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. აღნიშნულის შესახებ, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ ეცნობა კომისიის 2018 წლის 27 ივნისის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში,საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. ამდენად, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ თავისი წილის გაყიდვის/შეძენის განზრახვის შესახებ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია ქმედების განხორციელებამდე.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება.
ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ვალდებულია შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ აცნობოს კომისიას შერწყმის/შეძენის განხორციელებამდე.
შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა/შეძენა, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის შედეგების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შერწყმა/შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის/შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
კანონი არ ითვალისწინებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესაძლებლობას კომისიის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, არც რეგულაციებს ასეთი შემთხვევისთვის.
ამდენად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მიერ წინასწარი თანხმობის გარეშე თავისი წილის გასხვისებით და თავისი წილის მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის გასხვისებით/შეძენით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი. აღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ნიუტელკო ჯორჯია“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის ე-11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუქნტის გ0 ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ა) ქეპუნქტის, 26-ე და 27-ე მუხლების, 43-ე მუხლის პირვველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუქნტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წილის შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე) შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
