საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19- 18/500 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2019 13:01
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს მიღებული იქნა Nგ-19-18/500 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კერძოდ შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრა ჯარიმა 23 513, 21 (ოცდასამი ათას ხუთას ცამეტი და ოცდაერთი) ლარი; მაუწყებელს აღნიშნული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამაუწყებლო ეთერში მხატვრული ფილმების: “Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Solo per Vendetta“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“, არამართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით განთავსების გამო;
შპს „ტელეკომპანია პირველმა“ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ, კომისიას წარმოუდგინა ხელშეკრულებები კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილებაში მითითებულ სადაო მხატვრულ ფილმებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და მოითხოვა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
შპს „ტელეკომპანია პირველის“ განცხადების განხილვა დაინიშნა კომისიის 2019 წლის 28 ნოემბერს, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია პირველს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელები ნ.აბურჯანიძე და მ. სიგუა, რომლებიც დაეთანხმნენ „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის საკითხს.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის 2019 წლის 03 სექტემბერს მიღებული იქნა Nგ-19-18/500 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
2. 2019 წლის 25 აპრილს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გახმოვანების მომსახურების შესახებ;
3. 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „ანკეს“ შორის გაფორმებული განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება (აუდიოვიზუალური ნაწარმოების ეთერში განთავსების შესახებ);
4. 2019 წლის 25 აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და შპს „ქართულ გახმოვანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-03/19;
5. 2019 წლის პირველ აპრილს „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება N LC-08/19/12;
6. შპს „ტელეკომპანია პირველის“ 30.07.2019 წერილი კომისიას;
7. შპს „ტელეკომპანია პირველის“ 15.08.2019 Nშ-19-6/3376 წერილი კომისიას;
8. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები 13.09.19 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3718) და 03.10.19 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3895);
9. შპს „ტელეკომპანია პირველის“ განცხადება კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე;
10. კომისიის 2019 წლის 04 ოქტომბრის წერილი (Nშ-19-6/3897) 2019 წლის 10 ოქტომბრის წერილი (Nგ-19-04/3055) შპს „ტელეკომპანია პირველს“ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
11. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ 2019 წლის 25 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4084) დამატებითი დოკუმენტაცია;
12. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2194 12.11.19);
13. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს მიღებულ იქნა Nგ-19-18/500 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კერძოდ შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრა ჯარიმა 23513, 21(ოცდასამი ათას ხუთას ცამეტი და ოცდაერთი);
2. კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შპს„ტელეკომპანია პირველს“ მხატვრული ფილმების: “Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“ ჩვენების უფლების თაობაზე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება შუამავალ კომპანია შპს „ქართულ გახმოვანებასთან“, თავის მხრივ შპს „ქართულ გახმოვანებას“ აღნიშნული ფილმების სამაუწყებლო ეთერში განთავსების თაობაზე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები შუამავალ კომპანიებთან: „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“-თან, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელს არაერთხელ მიეცა ვადა, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება შუამავალი კომპანიების მიერ სადავო მხატვრული ფილმების ჩვენების უფლების მოპოვებისა და მესამე პირებისთვის გადაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები არ წარმოადგენდნენ აღნიშნული საავტორო უფლებების მფლობელ ორგანიზაციებს, არამედ იყვნენ შუამავალი კომპანიები; რაც შეეხება მხატვრული ფილმის: „Solo per Vendetta“-ს ჩვენების უფლების თაობაზე მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ანკესთან“, თუმცა დარღვევის დაფიქსირების დროისათვის, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო ამოწურული;
3. 2019 წლის 13 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3718) და 2019 წლის 03 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3895) და 2019 წლის 25 ოქტომბრის (Nშ-19-6/4084) წერილებით შპს „ტელეკომპანია პირველმა“ წარმოადგინა მხატვრული ფილმების სამაუწყებლო ეთერში განთავსების უფლების მოპოვების თაობაზე ხელშეკრულებები ყველა სადაო ფილმზე;
4. 2019 წლის 04 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3897) შპს „ტელეკომპანია პირველმა“ მოითხოვა კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
5. 2019 წლის 10 ოქტომბერს წერილით (Nგ-19-04/3055) მიმართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ და მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ვინაიდან ზოგიერთ ფილმზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის და აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის შემდგომ დადგინდა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი შპს „ქართულ გახმოვანებასა“ და ფილმების უფლებამფლობელებს შორის და გაირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველს“ 2019 წლის აპრილიდან მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლება შემდეგ ფილმებზე: “Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“ და „Nine“. რაც შეეხება მხატვრულ ფილმს: „Solo per Vendetta“-ს, აღნიშნული ფილმის ჩვენება მოხდა ვადაგასული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამ ფილმის ჩვენების უფლების თაობაზე მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ანკესთან“;
6. შპს „ტელეკომპანია პირველს“ 2019 წლის 6 ნოემბერს ამოეწურა ჯარიმის გადახდის 30 დღიანი ვადა, თუმცა მას აღნიშნული ჯარიმის თანხა არ გადაუხდია და არც კომისიას გამოუწერია სააღსრულებო ფურცელი და არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსთვის კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით;
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, ხოლო ამავე ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით;
6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 3 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აუდიოვიზუალური დეპარტამენტის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტისა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაბამისად, კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ სადავო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოადგინა მხატვრული ფილმების ჩვენების უფლების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება შუამავალ კომპანია შპს „ქართულ გახმოვანებასთან“ და ასევე შპს „ქართულ გახმოვანებასა“ შუამავალ კომპანიებთან: „Langarus Commercial LTD”-სა და ООО „Капелла фильм“-თან გაფორმებული ხელშეკრულებები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არაერთხელ მიეცა ვადა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება შუამავალი კომპანიების მიერ სადავო მხატვრული ფილმების ჩვენების უფლების მოპოვებისა და მესამე პირებისთვის გადაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები არ წარმოადგენდნენ პირველადი საავტორო უფლებების მფლობელ ორგანიზაციებს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებების შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შპს „ტელეკომპანია პირველი“ მართლზომიერად ახორციელებდა შვიდი მხატვრული ფილმის („Aviator“, „The Rum Dairy“, „Moliere“, „Tetro“, „Bus 657“, „3 Days to Kill“, „Nine“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ მოახერხა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა კომისიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაში და ჯარიმის გადასახდელად კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ამოწურვამდე, კერძოდ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 დღეს, გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებამდე და შესაბამისად კანონიერ ძალაში შესვლამდე. რაც შეეხება მხატვრულ ფილმს - „Solo per Vendetta“, მაუწყებელს მოპოვებული ჰქონდა ეთერში მართლზომიერი ჩვენების უფლება, თუმცა კომისიის მიერ მონიტორინგის განხორციელების დროს ხელშეკრულებას ვადა ჰქონდა ამოწურული და ტელეკომპანიის თანამშრომლის ტექნიკური შეცდომის გამო განთავსდა სამაუწყებლო ეთერში. აღნიშნული ფაქტი კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის Nგ-19- 18/500 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იქნა გამოკვლეული და დანარჩენ შვიდ მხატვრულ ფილმზე სრულყოფილი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ ტექნიკურ შეცდომასთან დაკავშირებით, საკუთარი ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე, კომისიის მიერ, განემარტა შპს „ტელეკომპანია პირველს“ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შვიდ მხატვრულ ფილმზე სრულყოფილი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) წარმოდგენის პირობებში, ერთი მხატვრული ფილმის ტექნიკური შეცდომის შედეგად განთავსება ვერ გახდება სადავო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების გათვალისწინებით (ჯარიმის თანხის გათვალისწინებით). აღნიშნულის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა კომისიის 2019 წლის 3 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილების 2019 წლის 25 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლები, რითაც მიიღწევა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიზანი - მისი უფლებებში აღდგენა და ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლება.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი წარმოიშვა, შპს „ტელეკომპანია პირველის მიერ მხატვრული ფილმების სამაუწყებლო ეთერში მართლზომიერად განთავსების თაობაზე ხელშეკრულებების წარმოდგენის - ახლად გამოვლენილი გარემოებების კომისიისთვის წარდგენის შედეგად. აღნიშნული დოკუმენტაცია ტელეკომპანიამ კომისიას წარუდგინა 2019 წლის 13 სექტემბრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრის პერიოდში, ჯარიმის გადასახდელად კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ამოწურვამდე (ჯარიმის გადახდის ვადა ამოიწურა 2019 წლის 6 ნოემბერს). იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი წარმოიშვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ვადის დადგომამდე, კომისიას არ გამოუწერია სააღსრულებო ფურცელი და არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსთვის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ცნობამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების შესაფასებლად კომისია ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის (საქმე Nბს-388-377 (კ-13)) გადაწყვეტილებას.აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად: „ეფექტური მმართველობითი საქმიანობის იმპერატივი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს მმართველობითი აქტების რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება. სზაკ-ის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას მმართველობითი ღონისძიების (მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მართლწინააღმდეგობის შემთხვევაში, გააუქმოს იგი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მათ შორის განსხვავება გაუქმებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში მდგომარეობს. ქართულ სამართალში აქტის გაუქმების თითოეული სახის თავისებურება ვლინდებოდა მხოლოდ აქტის გაუქმების სამართლებრივ შედეგებში, აქტის მოქმედების ძალის დაკარგვის მომენტში. სზაკ-ში 24.06.2005წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად უარი ითქვა სამართლებრივი შედეგებით, აქტის ძალის დაკარგვის მომენტით გაუქმების ორი სახის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე. ამჟამად, გამიჯვნის უმთავრესი კრიტერიუმი გაუქმებული აქტის კანონშესაბამისობაა. ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის გამო გამოცემის მომენტში კანონიერი აქტის შემდგომში უკანონოდ ქცევა იწვევს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას და შესაბამისად მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან (სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილში 24.06.2005წ). იმის გათვალისწინებით, რომ სზაკ-ის 61-ე მუხლი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო აღმჭურველი აქტის გაუქმების შესაძლებლობას, მით უფრო არის შესაძლებელი შემზღუდავი აქტის გაუქმება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო ძალადაკარგულად ეცნო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. ბრძანება ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოეხდინა კასატორის უფლებებში აღდგენა, რადგან არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის შესახებაც ადმინისტრაციამ მოგვიანებით - ე. ბ-ის 28.01.2013წ. განცხადებით შეიტყო“. ამავე გადაწყვეტილების თანახმად: „აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ ნიშნავს გაუქმებული აქტის რეგულაციის ძალაში დატოვებას, ნორმის ასეთი გაგება აზრს დაუკარგავდა აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, დავის სასამართლოში განხილვას, ვინაიდან სასამართლოს უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა“.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-6 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი კომისიის 2019 წლის 3 სექტემბრის Nგ-19-18/500 გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ოქტომბრიდან;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ამოღება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
