საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N 739/19 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2019 9:57
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019 9:57
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N 739/19 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 20 სექტემბერის N561/11 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს „ჯეოსელს“ (ს/კ 203841940) სს ,,სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2007 წლის 20 ივლისის N400\9 , 2011 წლის 25 იანვრის N26/9, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებით სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „ჯეოსელი“ცნობილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და სს „სილქნეტთან“ შერწყმის შედეგად, სს ,,სილქნეტი“, როგორც შპს ,,ჯეოსელის“ სამართალმემკვიდრე, გახდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N739/19 გადაწყვეტილებით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების ჩამონათვალში შპს „ჯეოსელის“ ნაცვლად განისაზღვრა სს „სილქნეტი“.
კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N739/19 გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში მექანიკურად გამორჩენილ იქნა „გ) შპს „მობიტელი“. იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა შპს „ჯეოსელის“ სს ,,სილქნეტთან“ შერწყმა, რის შედეგად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ჩამონათვალში შპს ,,ჯეოსელი“ ჩაანაცვლა სს ,,სილქნეტმა“, ხოლო შპს „მობიტელი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ჩამონათვალში დარჩა, ვინაიდან, გადაწყვეტილება მას არ შეხებია და მისი სამართლებრივი მდგომარეობა დარჩა უცვლელი, უნდა გასწორდეს კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N 739/19 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N 739/19 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები:
ა) სს „სილქნეტი“;
ბ) შპს „მაგთიკომი“;
გ) შპს ,,მობიტელი“.“
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3.წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
