წვდომის მენიუ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 513

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2019 16:14

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით ვადა გაუგრძელა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას 10 წლით 2013 წლის 23 ივლისიდან 2023 წლის 23 ივლისამდე. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 11,938,941.64  (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ცხრაასორმოცდაერთი და   64)   ლარით.   თანხის   დაანგარიშება   მოხდა   „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, მაგრამ აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშების მათემატიკურ წესს.

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილებით „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების მათემატიკური წესი. სწორედ ამ ახალი წესის შესაბამისად დაანგარიშდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასური.

სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ სასამართლო წესით გაასაჩივრეს „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილება და მოითხოვეს გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის   (საქმე   №3/3358-13)   გადაწყვეტილებით   სს   ,,გაერთიანებული   ტელეკომის“   და   სს „სილქნეტის“    სარჩელი    დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ კომისიას ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა

2013 წლის 5 ივნისს, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 და მე-15 მუხლების საფუძველზე, კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 5 ივლისს. კომისიამ კი სადავო ინდივიდუალური აქტი 2013 წლის 22 ივლისს გამოსცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილ ერთთვიან ვადაში გათვალისწინებული არ იქნებოდა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები, კომისიის მიერ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისათვის ვადა 2013 წლის 17 ივლისს ამოიწურებოდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უქმე და დასვენების დღეების გამოკლებით კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 17 ივლისის ჩათვლით, 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილების განცხადების განხილვის დროისთვის მოქმედი რედაქციით, მასში დამატების შეტანის გაუთვალისწინებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 7 ივნისს კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება უპირობოდ არ ადასტურებდა, რომ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებულ წესს გაითვალისწინებდა. თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჩამოყალიბებული ჰქონოდა მოსაზრება  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესთან დაკავშირებით, ნორმატიული აქტი 2017 წლის 17 ივლისს იქნა მიღებული. ასევე აღნიშნა, რომ ნორმის დროში მოქმედების არცერთი პრინციპი არ მიიჩნევს დასაშვებად ჯერ მიუღებელი, თუნდაც პროექტის დონეზე არსებული ნორმის გავრცელებას მის მიღებამდე განსახილველ განცხადებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომისა“ და სს „სილქნეტის“ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში განხილვის შემთხვევაში, კომისიას უნდა გამოეყენებინა დადგენილებაში დამატების შეტანამდე ამოწურვადი რესურსის საფასურის გამოთვლის არსებული წესი, მიუხედავად იმისა, ეს წესი ნორმატიულად იყო განსაზღვრული, თუ პრაქტიკით დადგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) გადაწყვეტილება კომისიის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კომისიის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის №507(კ-19) გადაწყვეტილებით სასამართლომ დაუშვებლად სცნო კომისიის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,   თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში. კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური უნდა განისაზღვროს 2013 წლის 17 ივლისამდე არსებული გაანგარიშების მეთოდით.

კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა  მართვის  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის  (N10/840-13, 18.07.2013) თანახმად, ვინაიდან მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით (მობილური და ფიქსირებული სამსახურები) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა არცერთი აუქციონი, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებით.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის (N19-10-1617) თანახმად, 2013 წლის 22 ივლისის მდგომარეობით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებულ   რადიოსიხშირული   სპექტრის   სათანადო    ზოლით   სარგებლობის   უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული ბოლო სამი აუქციონის შედეგები შემდეგნაირია:

ა) კომისიის 2006 წლის 23 მაისის N210/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად,     ჯამში     35     მჰც    სიხშირულ ზოლზე  (1950მჰც÷1965მჰც; 2140მჰც÷2155მჰც; 2010მჰც÷2015მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე,  გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსასოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა  35მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 18,681,072/35 = 533,744.91 (ხუთასოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი და 91) ლარი.

ბ) კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N533/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10 მჰც სიხშირულ ზოლზე (1740,4მჰც÷1741,2მჰც;1835,4მჰც÷1836,2მჰც;1780,6მჰც÷1784,8მჰც; 1875,6მჰც÷1879,8მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯეოკომ ინვესტი“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური- 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასრვა ათას ხუთასთვრამეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 17,808,518/10 = 1,780,851.80 (ერთი მილიონ შვიდასოთხმოცი ათას რვაასორმოცდათერთმეტი და 80) ლარი.

გ) კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N795/8 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10.98 მჰც სიხშირულ ზოლზე (880.335მჰც÷883.365;887.055მჰც÷889.515მჰც; 925.335მჰც÷928.365მჰც; 932.055მჰც÷934.515მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მობიტელი“, აღნიშნულ აუცქიონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაასსამოცდათოთხმეტი ათას ასსამოცდათხუთმეტი და 00) ლარი, შესაბამისად  1 მჰც სიხშირის საფასურმა 10.98მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 27,874,175/10.98 = 2,538,631.60 (ორი მილიონ ხუთასოცდათვრამეტი ათას ექვსასოცდათერთმეტი  და 60) ლარი.

კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების მიხედვით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს 7.38მჰც (827,955მჰც÷831,645მჰც და 872,955მჰც÷876,645მჰც) სიხშირული ზოლით სარგებლობის უფლებას. ამავე მოხსენებითი ბარათის (N19-10-1617) თანახმად 2013 წლის 17 ივლისამდე  კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით განსაზღვრული საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების მეთოდის მიხედვით,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად:  1 მჰც ზოლის საშუალო ართითმეტიკული საფასური არის (18,681,072.35 + 17,808,518.00 + 27,874,175.00)/3)/((35 +  10 + 10,98)/3)) = 1,149,763.58ლარი; ხოლო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  საფასური  იქნება  7.38×1,149,763.58=8,485,255.24 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2013 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 8,485,255.24 (რვა მილიონ ოთხასოთხმოცდახუთი ათას ორასორმოცდათხუთმეტი და 24) ლარს. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში  უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასური   უნდა   განისაზღვროს 8,485,255.24  ლარით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 7,163,365.20 ლარი (მოხსენებითი ბარათი (N19-10-1617, 20.08.19), შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილი შეადგენს 1,321,890.04 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“    წერილი    (კომისიაში    რეგისტრაციის    Nშ-19-6/3482),    რომლის    თანახმად    სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ითხოვს 8,485,255.24 ლარის კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით   განსაზღვრული   გრაფიკის   შესაბამისად   გადანაწილებას,   კერძოდ,   2013 წლიდან ყოველწლიურად გადასახდელი 1,193,894.20 ლარის ნაცვლად 848,525.519 ლარის ჩაწერას, რის შედეგადაც მის მიერ 2019 წლის 21 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 2,072,211.89 ლარს.  სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ითხოვს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, რათა კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს უკან დაიბრუნოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა 2,072,211.89 ლარი. ამავე წერილით კომპანია ასევე ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გაუქმებას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და თეა ტყეშელაშვილი. კომისიის  სხდომაზე    სს    „გაერთიანებული    ტელეკომის“    წარმომადგენლმა    კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიაში რეგისტრირებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით დადგენილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გრაფიკი,  რომლითაც      თანხები      გაწერილი      იყო      ლიცენზიის      ათწლიან      ვადაზე თანაბარპროპორციულად,            დაადგინა     თავად    კომისიამ     (ეკონომიკის     სამინისტროსთან შეთანხმებით) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული ზოლის სპეციფიკიდან გამომდინარე. კერძოდ კომისიამ აღნიშნა შემდეგი - “იმის გამო, რომ 800/900მჰც დიაპაზონების ევროპის ფარგლებში არსებული სტანდარტების შესაბამისად განაწილებისას, პრობლემას ქმნის CDMA 850 ტექნოლოგიისთვის განაწილებული და გაცემული სიხშირული რესურსი მათ შორის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის ფარგლებში გათვალისწინებული სიხშირეები, 800-900 მჰც დიაპაზონების ევროპული ჰარმონიზებული        პრაქტიკის        თანახმად        მობილური ტექნოლოგიებისათვის განაწილების გადაწყვეტილების მიღებისას დღის წესრიგში დადგება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სარგებლობაში არსებული ლიცენზიის მიმართ სამომავლო მიდგომის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F11 ლიცენზიით  გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით, კერძოდ, 2×3.69 მჰც სიხშირული რესურსის გამოყენებით ხორციელდება 100 000-მდე აბონენტისთვის  ფიქსირებულ და მობილურ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიმართული იქნება 800 მჰც დიაპაზონში სიხშირული სპექტრის დანაწილების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისაკენ,  შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელის დღევანდელი CDMA 850 ქსელის შემდგომ განვითარებაზე და მის კონკურენტუნარიანობაზე. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადანაწილება განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე, 10 წელზე”.

კახი ყურაშვილის განმარტებით სწორედ ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, 2013 წელს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და თანაბარპროპორციულად გაანაწილა 10 წელზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ჯამური საფასური.  ასევე 2015  წელს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით  დამტკიცებულ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“  განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებს, დროებითი გამოყენების სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულმა კორექციამ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში, ასევე ტექნოლოგიამ (CDMA), რომელიც ამ სიხშირეზე გამოიყენება, განაპირობა ის, რომ აღნიშნული ტექნოლოგიით სერვისების  მიწოდება  ნაკლებკონკურენტუნარიანია.  სწორედ  ამით  არის  განპირობებული  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელთანაც სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ გაფორმებული ჰქონდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გადაპირების ხელშეკრულება იყო სს „სილქნეტი“. სს „სილქნეტმა“ აღნიშნული ლიცენზიით სარგებლობა შეწყვიტა 2019 წლის 23 ივლისს, რის თაობაზეც   მან აცნობა კომისიას და საკუთარ აბონენტებს დადგენილი წესის შესაბამისად 1 თვით ადრე, 2019 წლის 23 ივნისს და აღარ გააგრძელა სს „გაერთიანებულ ტელეკომთან„ გაფორმებული ლიცენზიის გადაპირების შესახებ ხელშეკრულება. შესაბამისად სს

„გაერთიანებული ტელეკომის“ მოლოდინიც და მოთხოვნაც, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, იყო ზედმეტად დაანგარიშებული, დარიცხული და გადახდილი თანხის კორექცია იმისთვის, რომ მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან მიღების საშუალება ჰქონოდა კომპანიას, რაც უცხო პრაქტიკა არ არის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ასევე მოთხოვნილი იყო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გაუქმება.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის კახი ყურაშვილის აზრით, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში მითითებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის (10 წლიანი პროპორციული) განწილვადების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომისია უარს განაცხადებს კომპანიაზე ზედმეტად დარიცხული ამოწურვადი რესურსის საფასურის გადაანგარიშებაზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც პირდაპირი, უშუალო და გაზრდილი ზიანის მომტანი იქნება სს ,,გაერთიანებული ტელეკომისა“ და სს ,,სილქნეტისთვის“, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპანიას გაცხადებული აქვს თავისი ნება, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით ის აღარ ისარგებლებს და ითხოვს მის გაუქმებას. ლიცენზიანტის განცხადება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე არის ამ ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველი. აღნიშნული გამორჩეულად დისკრიმინაციულია და მისი აზრით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ სხვა კონკურენტებთან მიმართებით, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავებულ და კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას ამკვიდრებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში მითითებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის (10 წლიანი პროპორციული) განწილვადება სასამართლო დავის საგანი არ ყოფილა.

კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 5 სექტემბერს. 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და თეა ტყეშელაშვილი. სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის წერილი საკითხის განხილვის 12 სექტემბრამდე გადადების მოთხოვნის თაობაზე. როგორც წერილიდან ირკვევა, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა მიიღო შეტყობინება, რომ საქმის მასალები 2017 წელს სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დღეის მდგომარეობით არ არის დაბრუნებული. 2019 წლის 4 სექტემბერს კომპანიამ მიმართა როგორც სააპელაციო სასამართლოს, ასევე უზენაეს სასამართლოს და იმედოვნებს, რომ 12 სექტემბრამდე მიიღებს სხდომის ოქმს.

სხდომაზე კომისიის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ სასამართლოს  სხდომის ოქმში მოცემული იქნება მხარეთა მოსაზრებები, როგორც სს „გაერთიანებული ტელეკომის“, ასევე კომისიის წარმომადგენლის. სხდომის ოქმში არ იქნება მოსამართლის მოსაზრებები განსახილველ საკითხზე. მოთხოვნები ჩამოყალიბებულია სარჩელში. შესაბამისად, სასამართლო სხდომის ოქმში ვერ იქნება ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ შორის განმარტების კუთხითაც. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება სასამართლო სხდომის ოქმს ამ საკითხის კომისიაში განხილვისას.

სს   „გაერთიანებული   ტელეკომის“   წარმომადგენელმა   კახი   ყურაშვილმა   სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი წინადადებაა, კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი. მას მიაჩნია, რომ სასამართლოს სხდომის ოქმი მისცემს კომისიას საშუალებას მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხები სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად ვერ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო დავის საგანი არ ყოფილა გადახდის გრაფიკი, ამიტომ ამ ნაწილში კომისია არ უნდა შეეხოს გადაწყვეტილებას. დავა შედგებოდა ორი ნაწილისგან. ერთი იყო არასწორად დათვლილი საფასური, ხოლო მეორე პირდაპირი და უშუალო ზიანი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

სხდომაზე კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი ითხოვს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას და გასული თარიღების მიხედვით გადასახდელი თანხების ასახვას გრაფიკში. მისთვის გაუგებარია თუ როგორ უნდა შეადგინოს კომისიამ გასული პერიოდის გრაფიკი და 2019 წელს ისაუბროს 2013-2018 წლებში გადასახდელ თანხებზე. დღეის მდგომარეობით თანხის ნაწილი გადახდილია, ნაწილი კი დარჩენილია. კომპანიას, რომ არ დაეყენებინა მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმების შესახებ, შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობა მომდევნო 4 წელიწადში გადასახდელი თანხის გრაფიკის შედგენაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიას ლიცენზიის ვადის გაგრძელების არცერთი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული მსგავსი პირობებით. კომისია ლიცენზიის 10 წლის ფლობის საფასურის გადახდას კომპანიებს ავალებდა ერთ, ორ ან მაქსიმუმ 6 თვეში. მან ასევე აღნიშნა, რომ

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმაში“  აღნიშნულ სიხშირეებზე მითითებულია -„დროებითი სარგებლობისთვის“, მაგრამ ეს ეჭვქვეშ არ აყენებს ლიცენზიის მოქმედებას ვადის დასრულებამდე - 2023 წლამდე. ყველა პირობა, რაც კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაშია გაწერილი, არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისთვის, როდესაც სახელმწიფოს ან კომისიის მხრიდან შეიძლებოდა დამდგარიყო ამ ლიცენზიის გაუქმების ან შეზღუდვის საფუძველი. ასეთს ადგილი არ ჰქონია. პირიქით, როდესაც კომისიამ გამოაცხადა ახალი აუქციონები 800 მჰც დიაპაზონში, როგორც სააუქციონო პირობებში, ასევე გაცემულ ლიცენზიებში გათვალისწინებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დაცვის მექანიზმი და ხელშეშლის აღმოფხვრის ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ევალება ახალი ლიცენზიის მფლობელს. შესაბამისად,    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას რაიმე შეზღუდვა (ხელშეშლების თმენის ვალდებულება ან სახელმწიფოს მხრიდან გაუქმების მოთხოვნა) არ დაწესებია.

კომისიის სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა თეა ტყეშელაშვილმა განმარტა თუ რატომ იყო ჩაწერილი კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში შესაბამისი დასაბუთება. ამერიკული სტანდარტის თანახმად 800 მჰც-იან და ნაწილი 900 მჰც-იან დიაპაზონში ყველა სიხშირე განაწილებულია CDMA 850 ტექნოლოგიისთვის. რადგან ქვეყანამ სწორად გადაწყვიტა, რომ წასულიყო არა ამერიკული, არამედ ევროპული სტანდარტით, ამერიკული და ევროპული სტანდარტების 800 მჰც-იან დიაპაზონში შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ამიტომ თუ LTE-სთვის მოხდებოდა 800 მჰც-იანი დიაპაზონის განაწილება, 850- იანი დიაპაზონი ვეღარ იარსებებდა და ოპერატორები ქსელს ვეღარ განავითარებდნენ. კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში სწორედ ეს წერია - როგორც კი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას და დაადგენს სიხშირეთა განაწილების ევროპულ სქემას, CDMA 850 ვეღარ განვითარდება.   სწორედ  ამიტომ ჩაიწერა, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმაში“,   რომ   სიხშირეები   დროებით სარგებლობაშია, ვიდრე არ მოხდება ლიცენზიის ჩაბარება. თანხაც იმიტომ განწილვადდა, რომ ინიციატივა მისცემოდა კომპანიას, დროზე ადრე ჩაებარებინა ლიცენზია და თანხაც არ ჰქონოდა გადასახდელი. კომპანიას მთლიანი საფასური, რომ ჰქონოდა გადახდილი, ლიცენზიას არ ჩააბარებდა მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის წარმომადგენლის შუამდგომლობა და კომისიის სხდომა დანიშნა  2019 წლის 10 სექტემბერს.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3659) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის, 30 დეკემბრისა და 2017 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომების ოქმები (აუდიო ჩანაწერები).

კომისიის    2019    წლის    10    სექტემბერს    გამართულ    სხდომას    ესწრებოდნენ    სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და თეა ტყეშელაშვილი. კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან, კომისიას და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს“ განსხვავებული პოზიცია აქვთ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით, 2019 წლის 9 სექტემბერს კომპანიამ განცხადებით მიმართა  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტს (საქმე №3/3358-13) მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტების მიღების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  262-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად თავისივე გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. შესაბამისად, კახი ყურაშვილმა დააყენა შუამდგომლობა კომისიის წინაშე, რომ დროებით შეჩერდეს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და კომისია დაელოდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას.

კომისიამ იმსჯელა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე და აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ სასამართლოში გაასაჩივრეს „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილება და მოითხოვეს გადაწყვეტილების სხვა პუნქტებთან  ერთად     მე-3     პუნქტის     ბათილად     ცნობა,     რომელიც     ითვალისწინებდა რადიოსიხშირული     სპექტრით     სარგებლობის     NF11     ლიცენზიის          ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას გრაფიკის  მიხედვით, რაც დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიის  2017  წლის  23  მარტის  (საქმე№3/3358-13) გადაწყვეტილებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში არსად არ არის მითითებული, რომ კომისიის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ დაანგარიშებული თანხის ოდენობის ნაწილში ან/და ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი ამ პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის ნაწილში, ამასთან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მასზე. შესაბამისად, კომისიისთვის ბუნდოვანი არ არის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია სავარაუდოდ დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ექნება შესაძლებლობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებით წარუდგინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიაც თავისი მხრიდან წერილობით წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ასევე არგუმენტებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს განმარტება განსხვავებული იქნება კომისიის გადაწყვეტილებისგან, კომისია გამოთქვამს მზაობას მყისიერად შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

კომისია ვერ გაიზიარებს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 8,485,255.24 ლარის გადახდა უნდა გადანაწილდეს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ბათილად არ უცვნია კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკი.

როგორც უკვე აღინიშნა, სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ სასამართლოში  გაასაჩივრეს  „რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  NF11  ლიცენზიისმოქ მედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილება და მოითხოვეს გადაწყვეტილების სხვა პუნქტებთან ერთად მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას გრაფიკის  მიხედვით, რაც დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიის  2017  წლის  23  მარტის (საქმე №3/3358-13) გადაწყვეტილებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში არსად არ არის მითითებული, რომ    კომისიის    გადაწყვეტილების    მე-3    პუნქტი    ბათილად    არის    ცნობილი    მხოლოდ დაანგარიშებული თანხის ოდენობის ნაწილში ან/და ბათილად არ არის ცნობილი ამ პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის ნაწილში. ამასთან,    კომისია    აღნიშნავს,    რომ    კომისიის    2013    წლის    22    ივლისის    №460/6 გადაწყვეტილების  თანახმად,  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  საფასურის  გადახდის გრაფიკი   მიღებულ   იქნა   აღნიშნული   გადაწყვეტილების   მიღების   დროისთვის   არსებული ფაქტორების   გათვალისწინებით.   კერძოდ:   მობილური   ფართოზოლოვანი   ტექნოლოგიების განვითარებას  შედეგად,  ევროპის  მასშტაბით  790-862  მჰც  სიხშირული  ზოლი    (ე.წ.  800  მჰც დიაპაზონი) განაწილდა მობილური ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო სისტემების დასანერგად. შესაბამისად, საქართველო იდგა მობილური სიხშირეების განაწილების, მართვისა და გამოყენების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული და ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავების ძალზედ მნიშვნელოვანი  ამოცანის  წინაშე  და  უნდა  განესაზღვრა  თუ  რა  მიმართულებას  აირჩევდა სახელმწიფო  800  მჰც  დიაპაზონთან  დაკავშირებით,  რომელიც  ფარავდა  სს  ,,გაერთიანებული ტელეკომის“   მფლობელობაში   არსებულ       CDMA   850   ტექნოლოგიისათვის   განსაზღვრულ სიხშირულ  რესურსს.     800-900  მჰც  დიაპაზონების  ევროპული  ჰარმონიზებული  პრაქტიკის თანახმად მობილური ტექნოლოგიებისათვის განაწილების გადაწყვეტილების მიღებისას დღის წესრიგში დადგებოდა სს  „გაერთიანებული ტელეკომის“ სარგებლობაში არსებული ლიცენზიის მიმართ  სამომავლო  მიდგომის  საკითხი  და  იმის  გათვალისწინებით,  რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F11 ლიცენზიით  გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით, კერძოდ,   2×3.69   მჰც   სიხშირული   რესურსის   გამოყენებით   ხორციელდებოდა   100   000-მდე აბონენტისთვის ფიქსირებულ და მობილურ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნებოდა 800 მჰც დიაპაზონში სიხშირული სპექტრის დანაწილების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისაკენ,   შესაძლოა ნეგატიური გავლენა ექონია   რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის   NF11   ლიცენზიის   მფლობელის   იმ

დროინდელი CDMA 850 ქსელის განვითარებაზე და მის კონკურენტუნარიანობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის

472  მუხლისა და ევროკომისიის   2010/267/EU, 2012/688/EU და 2011/251/EU გადაწყვეტილებებით განსაზღვრული CEPT-ის (სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ევროპული ადმინისტრაციების კონფერენცია)       მიერ       შემუშავებული       ტექნიკური       პირობების       გათვალისწინებით,„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 7 ნოემბერი ს № 8, 2015  წლის  12 ივნისის № 1 და 2015 წლის 3 ნოემბერის № 11 დადგენილებებით განხორციელდა ცვლილებები რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში და 800/900მჰც დიაპაზონების დანაწილების გეგმა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროპულ სტანდარტებთან. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებები განხორციელდა ასევე 2017 წლის 9 თებერვალის № 1 დადგენილებით.

კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N633/8 გადაწყვეტილებით 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი  გამოცხადდა. გამოცხადებულ აუქციონში ლიცენზიის მომავალი მფლობელის (და არა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელის) სალიცენზიო ვალდებულებად განისაზღვრა შემდეგი პირობა: „827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის  ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა.“

კომისიის 2016 წლის 17 მარტის N185/8 გადაწყვეტილებით 800/900/1800/2100 სიხშირულ დიაპაზონებში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ცხრა (თანმიმდევრული) აუქციონი გამოცხადდა. აქედან ოთხი აუქციონი გამოცხადდა 800 მჰც დიაპაზონში. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ ოთხივე აუქციონში ლიცენზიის მომავალი მფლობელის (და არა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელის) სალიცენზიო ვალდებულებად განისაზღვრა შემდეგი პირობა: „827.955-831.645 მჰც და 872.955-876.645 მჰც რესურსის ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა. ხელშეშლების აღმოფხვრის ვალდებულება ძალაშია კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;“

ასევე კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N387/8 გადაწყვეტილებით 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი  გამოცხადდა. გამოცხადებულ აუქციონში ლიცენზიის მომავალი მფლობელის (და არა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელის)   სალიცენზიო ვალდებულებად განისაზღვრა შემდეგი პირობა: „827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის  ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, რის საფუძველზეც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის გადანაწილება განხორციელდა ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე10 წელზე, რომელიც ეფუძნებოდა იმ   შესაძლებლობას, რომ მოხდებოდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის გათვალისწინებული მიწისზედა სისტემების სადგურებისათვის განკუთვნილი ჰარმონიზებული Uplink 832-837, Down-link 791-796 და Up-link 857-862, Down-link 816-821 მჰც სიხშირული ბლოკების შესაბამისი სიგნალების ინტერფერენცია სს

”სილქნეტის” (იმ დროისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია გადაპირების საფუძველზე იყო სს „სილქნეტის“ სარგებლობაში) 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც სიხშირული ბლოკების შესაბამის სიგნალებთან, რაც შეუძლებელს გახდიდა ერთიდაიგივე სიხშირულ დიაპაზონში სიხშირეების დანაწილების ორი სხვადასხვა სტანდარტის შენარჩუნებას არ დამდგარა. მეტიც კომისიის მიერ 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ ყველა აუქციონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის ,ხელშეშლების არსებობის შემთხვევაში, ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა ევალებოდა ახალი ლიცენზიის მფლობელს და არა №F11 ლიცენზიის მფლობელს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლიდან დღემდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელს თავის საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა (ხელშეშლების თმენის ვალდებულება ან სახელმწიფოს მხრიდან გაუქმების მოთხოვნა) ან ხელშეშლა კომისიის ან 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ლიცენზიის მფლობელი სხვა ოპერატორის მხრიდან არ შექმნია, ხოლო „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული CDMA 850 ტექნოლოგიისათვის განსაზღვრულ სიხშირეებზე მითითებული ჩანაწერი („დროებით სარგებლობაში“)    უფლებას აძლევდა ლიცენზიის მფლობელს აღნიშნული სიხშირული რესურსი გამოეყენებინა გეგმაში მითითებული ტექნოლოგიით საქმიანობისთვის ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულებამდე - 2023 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2013 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 8,485,255.24 ლარს. 2019 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით  სს „გაერთიანებული  ტელეკომის“  მიერ საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 7,163,365.20 ლარი, შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილი შეადგენს 1,321,890.04 ლარს. ამდენად, უსაფუძვლოა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2019 წლის 21 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 2,072,211.89 ლარს და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანით კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა უკან დაიბრუნოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს“ მაშინ წარმოეშობოდა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების უფლება თუ მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის გადახდილი იქნებოდა 8,485,255.24 ლარზე მეტი.

აქვე კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია ლიცენზიის მფლობელის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს მის მიერ გადახდილი, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ის უარს იტყვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვეტს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად ითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 8,485,255.24 (რვა მილიონ ოთხასოთხმოცდახუთი ათას ორასორმოცდათხუთმეტი და 24) ლარით.

3. უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 1,321,890.04 (მილიონ სამასოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი და 04) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2019 წლის 15 სექტემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

4.      ლიცენზიის      მფლობელი      ვალდებულია      წინამდებარე      გადაწყვეტილების      მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;“

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)          აღნიშნული         გადაწყვეტილების           დამოწმებული   ასლის  სს        ,,გაერთიანებული ტელეკომისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული  გადაწყვეტილების      კომისიის     ოფიციალურ      ვებ-გვერდზე    (www.gncc.ge)

გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-

12 კმ, №6) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

  ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

  გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი 

 მერაბ ქათამაძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები