წვდომის მენიუ

„მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის Nგ-19- 23/567 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 628

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2019 18:00

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2019

„მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის Nგ-19-23/567 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ   „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის Nგ-19-23/567 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო   ადმინისტრაციული   წარმოება   მობილური   მომსახურების   საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

მობილური მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევის პროცესში ძირითადად გამოყენებულ იქნა კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება კვლევასა და ანალიზს, საკმაოდ მოცულობითია და მათი დამუშავება მოითხოვს ხანგრძლივ პერიოდს. ამასთან ერთად, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში შესაბამისი კომპანიების მიერ მოხდა ადრე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების გარკვეული ნაწილის კორექტირება, რამაც გამოიწვია უკვე ასახული მონაცემების შეცვლის აუცილებლობა და მობილური მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევის შედეგებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ამასთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია „PricewaterhouseCoopers Advisory, s.r.o“-მა (“PWC”), რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომისიას, 2019 წლის 1 ნოემბერს წარმოადგინა სარეკომენდაციო დოკუმენტი ეროვნული როუმინგისა და ვირტუალური ქსელის ოპერატორის მობილურ ბაზარზე დაშვების წესებისა და ვალდებულებების შემუშავების თაობაზე. ვინაიდან, აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებულ უნდა იქნას  მობილური  მომსახურების  საბითუმო  ბაზრის  შესაბამისი  სეგმენტის  მიმდინარე კვლევისას, წარმოდგენილი დოკუმენტების გასაცნობად და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად დამატებითი დრო არის საჭირო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს,  რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდეს 2019 წლის 5 დეკემბერს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ : 

1.   „მობილური   ქსელით   მომსახურების   საბითუმო   ბაზრის   შესაბამის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის Nგ-19-23/567 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 5 დეკემბერს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ო.ვოტ);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (მ. კანკავა).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები