ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2019 17:35
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3654) მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე. კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, კერძოდ, „ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado Ltd) აქციონერების და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
2019 წლის 12 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინთან“ აფილირებული პირის შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N01-02/177), რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილი იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა შპს „კავკასუს ონლაინს“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში (Nშ-19-6/3654; 09.09.2019) აღნიშნულია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ უნდა დაიცვას ავტორიზებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც ითვლება პერსონალურ მონაცემად. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, კომპანიის 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის სახელს, გვარს, მოქალაქეობას და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და მესამე პირებზე არ გაცემა თავად პერსონალური მონაცემის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში (Nშ-19-6/3654; 09.09.2019) ასევე, აღნიშნულია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ უნდა დაიცვას ავტორიზებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციულ საიდუმლოებას, მათ შორის, წარმოადგენს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, კონკურენტუნარიანობისთვის საფრთხის შექმნა ნიშნავს, სუბიექტის შესახებ იმგვარი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც ამ უკანასკნელს საფრთხეს შეუქმნის სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე, ამა თუ იმ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ მსჯელობისას გათვალისწინებული იქნას ინფორმაციის გამჟღავნებით მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები და პირის ეკონომიკური ინტერესების დაზარალების შესაძლებლობა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, კომპანიის სამომხმარებლო ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით და კომპანია სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს უცხო ქვეყნებშიც რეგისტრირებულ კომპანიებს. ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა კომპანიას დააკარგვინოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები, რაც ზიანს მიაყენებს საერთაშორისო ბაზარზე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას და დააზარალებს კომპანიის ეკონომიკურ ინტერესებს. საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ იყოს მესამე პირებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ,,ნელგადო ლიმითედის“ აქციონერებისა და ბოლო ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წერილობით (Nგ-19-03/2817; 19.09.2019) მოეთხოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელის ,,ნელგადო ლიმითედის“ სათანადოდ დამოწმებული განახლებული ამონაწერი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის დეტალური დასაბუთება. 2019 წლის 27 სექტემბრის Nშ-19-6/3834 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი და ითხოვა დამატებითი ვადა ა/წ 5 ოქტომბრამდე დოკუმენტის ორიგინალის და ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად. ა/წ 4 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა 2019 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და ასევე, კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია, მას განესაზღვრა დამატებით ვადა ა/წ 15 ოქტომბრამდე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე სათანადოდ დამოწმებული ამონაწერის წარმოსადგენად (Nგ-19-03/2994; 03.10.2019). ა/წ 15 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარებისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე აპოსტილით დამოწმებული ამონაწერის ასლი, ხოლო ა/წ 16 ოქტომბერს წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
2019 წლის 17 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გაიმართა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებების განხილვა. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რევაზ კოპალაძე და დირექტორის მოადგილე ვაჰან მღებრიანი, ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები ელენე მებონია და დავით კაპანაძე. კომპანიების წარმომადგენლებმა მოითხოვეს კომისიის სხდომის დახურვა იმ საფუძვლით, რომ არგუმენტების ჩამოყალიბება არაპირდაპირ, მაგრამ გარკვეული დოზით შეიძლება მიანიშნებდეს იმ საკითხებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი კომპანიის კონკურენტუნარიანობისთვის. მათი განცხადებით, ინფორმაცია რომ კომერციულ საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული, მათ აქვთ მტკიცების ტვირთი დაასაბუთონ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღვანება მართლაც მიაყენებს ზიანს კომპანიის კონკურენტუნარიანობას ხოლო ზოგადი ფრაზებით აღნიშნულის დასაბუთება შეუძლებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი, კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის უზრუნველყოფა, ხოლო 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ მხედველობაში ღებულობს განმცხადებლების არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ თავის პოზიციას ვერ დაასაბუთებენ იმ ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვენ და ასევე, იმ გარემოებას, რომ საჯაროდ წარმართულ სხდომაზე აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, აზრს მოკლებული იქნება ამ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, ხოლო თუ წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად მისი ღია სხდომაზე დეტალურად განხილვის პირობებში, შეუძლებელი იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი: კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე) დააკმაყოფილა განმცხადებლების მოთხოვნა სხდომის დახურვის თაობაზე.
კომისიამ განიხილა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 9 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3654) შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის თაობაზე, ასევე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N01-02/177) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის თაობაზე და აღნიშნული წერილებით წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კომერციული საიდუმლოება. ამასთან ერთად, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ვერ მიაყენებს ზიანს ავტორიზებული პირის კონკურენტუნარიანობას, მით უფრო, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებების გამო.
ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ტრანზაქციის განხორციელებამდე იყო საქართველოს მოქალაქე. „შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%- ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ” კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ვალდებულება შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიის თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი, რის თაობაზეც კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. განმცხადებლები ითხოვენ კომისიამ კომერციულ საიდუმლოებად ცნოს კომისიის თანხმობის გარეშე განხორციელებული ქმედება, რომელსაც კომისია შეისწავლის სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რომლის განხორციელებისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვენ განმცხადებლები, არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით კომერციული საიდუმლოებისთვის განსაზღვრულ არცერთ კრიტერიუმს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 27-ე მუხლით განსაზღვრული კომისიის კომპეტენციის გათვალისწინებით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით და შემდგომი რეგულირება. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებები საჯარო დაწესებულებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია არის.
კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეკონომიკური აგენტის მიერ დაკავებული ბაზრის წილის განსაზღვრა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონცენტრაციის საშუალებით ეკონომიკური აგენტის დომინანტური პოზიციის ჩამოყალიბება და შესაბამისად, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის დადგენა, ბაზარზე არსებულ ავტორიზებულ პირებთან აფილირებული ბენეფიციარი ფიზიკური პირების დადგენის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ბენეფიციარების, მათ შორის ბენეფიციარი ფიზიკური პირების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა შეუძლებელს გახდის კომისიის მიერ გამჭვირვალედ და ობიექტურად განხორციელდეს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის სრულყოფილი გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება და წინააღმდეგობაში მოდის კომისიის ვალდებულებასთან, უზრუნველყოს კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯაროობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მოთხოვნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების, კერძოდ, „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერებისა და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამ რეესტრიდან ამონაწერი. ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
ზემოაღნიშნულიდან საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე და ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საჯაროდ ხელმისაწვდომია რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების პარტნიორების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომია სამეწარმეო სუბიექტების ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებული სხვა სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორებს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გამოქვეყნებულია დოკუმენტი, საიდანაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ (Nelgado LTD) აქციონერია ხვიჩა მაქაცარია.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დახურვის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ როდესაც პერსონალურ მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს. საჯარო ინფორმაციის გარკვეული კატეგორიის მიმართ შესაძლოა, არსებობდეს ღიაობის მომეტებული ინტერესი. ამგვარ განსაკუთრებულ ინტერესზე უპირველესად მიუთითებს ინფორმაციის არსი, დანიშნულება და ის სიკეთე, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს ამგვარი ინფორმაციის საჯაროობა (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №1/4/693,857).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა, ხოლო ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალეობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები ემსახურება კომისიის საქმიანობის გამჭვირვალეობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების და კომისიის მიერ დარგის რეგულირებაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის უზრუნველყოფას. ცალკეულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გარეშე შეუძლებელია, სრულყოფილად შეფასდეს, რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ესა თუ ის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირების პერსონალური ინფორმაცია არ უნდა დაიხუროს და უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებები წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ და ასევე, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნას ღიად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრეს ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებებში მოცემულ მოთხოვნებს (გარდა გარემოებების აღწერილობისა, რომლებსაც ემყარება მოთხოვნები), კომისიის სხდომის დახურვის საკითხის განხილვას, კენჭისყრის შედეგებს და კომისიის სხდომის დახურვის სამართლებრივ დასაბუთებას, ასევე, სარეზოლუციო ნაწილს (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ და შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან 15 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
