შპს „ინ სპორტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 22:07
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2019
შპს „ინ სპორტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინ სპორტმა“ (ს/ნ 402137905) (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/3276, 12.08.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ინ სპორტი” ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას კერძო სპეციალიზებულ (ქართული სპორტი, საერთაშორისო სპორტი) მაუწყებლობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინ სპორტს“ ხარვეზით ჰქონდა წარმოდგენილი საავტორიზაციო განცხადება: განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია შეუსაბამოდ იყო შევსებული, კერძოდ მე-6 პუნქტში, მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიებად მითითებული იყო ინტერნეტი, ხოლო მე-8 პუნქტში, მე-6 პუნქტის შესაბამისი ხელმისაწვდომობის გარდა დამატებით მითითებული იყო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ღია (უფასო), თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით (უფასო) და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით (უფასო) მაუწყებლობა. განცხადების მე-7 პუნქტში არ იყო მითითებული მაუწყებლობის დაწყების ზუსტი თარიღები გავრცელების ტექნოლოგიების შესაბამისად. ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი განაცხადებაზე თანდართული დოკუმენტები:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ ფულად გასავლებში მითითებული არ იყო ტექნოლოგიების მიხედვით გავრცელების ხარჯები; ასევე არ იყო მითითებული განცხადებაზე თანდართული სესხის ხელშეკრულებაში ასახული თანხა;
ბ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას;
გ) სესხის ხელშეკრულების 1.2 და 1.4 პუნქტებში ფიქსირდებოდა უზუსტობები. განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (განცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი დოკუმენტით, ხოლო განაღდებული ნაწილის თაობაზე ინფორმაცია აუდიტორული კომპანიის მიერ);
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა ყოფილიყო აუდიტორული კომპანიის მიერ);
გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-16-/2488, 15.08.2019წ.). შპს „ინ სპორტმა“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში არ წარმოადგინა განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ინ სპორტის“ (ს/ნ 402137905) მიერ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის№19-6/3276, 12.08.2019) და შეწყდეს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. განემარტოს შპს „ინ სპორტს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინ სპორტისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ინ სპორტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ინ სპორტისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
