შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2019 12:51
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019
შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივარი (შ-19-6/3529, 26.08.19). საჩივარში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 31 ივლისს სსიპ „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ შპს „სტუდია მაესტროს“ წარუდგინა ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით, თუმცა, 2019 წლის 9 აგვისტოს, სსიპ „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ შპს „სტუდია მაესტროსგან“ მიიღო უარი სოციალური რეკლამის სახით ვიდეო რგოლის საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.
საჩივრის თანახმად, სსიპ „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ წერილით მიმართა შპს „სტუდია მაესტროს“ 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სატელევიზიო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განეთავსებინა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან განახლებული 10 ლარიანის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული 60-წამიანი საინფორმაციო გრაფიკული ვიდეო რგოლი, რომლის მიზანია აღნიშნული ფაქტის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება. საჩივრის თანახმად, წარდგენილი ვიდეომასალა აკმაყოფილებს „მაწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტით დადგენილ, სოციალური რეკლამის ძირითად კრიტერიუმებს - მიმართულია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, ასევე არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ მიაჩნია, რომ მის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი წარმოადგენს სოციალურ რეკლამას და შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებულია გაუშვას თავის ეთერში.
სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მოთხოვნა:
დაევალოს შპს „სტუდია მაესტროს“ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2019 წლის 5 სექტემბერს. კომისიის სხდომას ესწრებოდა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ წარმომადგენელი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვ. ბურკიაშვილი და იურისტი მ. ღუბიანური, რომლებმაც დაადასტურეს სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში.
2019 წლის 5 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება საკითხის განხილვის თაობაზე შპს „სტუდია მაესტროს“ 2019 წლის 2 სექტემბერს ჩაბარდა.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან განცხადებზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განუთავსებლობის საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საჩივარი, ხოლო საჩივრის განხილვის დღედ 2019 წლის 12 სექტემბერი განისაზღვრა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და 65-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ (შ-19-6/3529, 26.08.19) საჩივრი შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მიღებულ იქნას განსახილველად;
2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2019 წლის 12 სექტემბერს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ
„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
