მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2019 18:04
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019
მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 7 სექტემბერის N684/19 გადაწყვეტილებით, მობილურ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულების მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი შემცირდა 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე. ამავე გადაწყვეტილებით, საბითუმო ტარიფები შემცირდა მობილურ ქსელში ზარის წამოწყების მომსახურებაზე 3,5 თეთრიდან 1,44 თეთრამდე. საბითუმო ტარიფების ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება მობილურ საცალო მომსახურებაზე კონკურენტული ფასების ჩამოყალიბების წინაპირობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №267/9 გადაწყვეტილების მიღებისას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) მიერ მობილური მომსახურების ბაზარზე შესვლის ხელშეწყობისთვის, მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვებაზე სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №268/9 გადაწყვეტილების მიღებისას, მობილური ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისათვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) მიერ მობილური მომსახურებების ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა და შესაბამისად, მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქსელთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე, როგორც ეროვნული როუმინგის, ასევე, მობილური ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების წესებისა და ვალდებულებების შემუშავების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „PricewaterhouseCoopers Advisory, s.r.o“-მა (“PWC”). გამარჯვებულ კომპანიას აქვს სათანადო საერთაშორისო გამოცდილება შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებაზე. საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი კონსულტაციების წარმოების საშუალებით კომისია შეიმუშავებს როგორც ეროვნული როუმინგის, ასევე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისათვის (MVNO) ქსელთან დაშვების პირობებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია ავტორიზებული პირებისგან საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთან, კვლევის და ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა ავტორიზებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 7 ნოემბერს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამგადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (მ.კანკავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
