წვდომის მენიუ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 627

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2019 12:05

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2019

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარების შედეგად მსოფლიოში M2M/IoT მომსახურებების განვითარების ტენდენცია გამოკვეთილია. აღნიშნული მომსახურებები თვისობრივად განსხვავდება ტრადიციული მობილური მომსახურებებისგან, რის გამოც ვლინდება მათი დამოუკიდებელი აღრიცხვისა და ანალიზის საჭიროება. ამასთან, მზარდია მოთხოვნა ამ მომსახურებების იდენტიფიკატორებზე, კერძოდ ნუმერაციის რესურსზე.

კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  დანერგვის  უზრუნველსაყოფად  და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შეფასდა M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის ცალკე რესურსის გამოყოფის საჭიროება საქართველოში არსებული მდგომარეობის გაანალიზების, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე. ამ ტიპის მომსახურებისათვის ცალკე ნუმერაციის რესურსის გამოყოფის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ M2M/IoT მომსახურებები ფუნდამენტალურად განსხვავდება სხვა ტრადიციული მობილური მომსახურებებისგან და შესაბამისად, მისი მარეგულირებელი პოლიტიკა შესაძლოა იყოს განსხვავებული; სპეციფიური   მოხმარების,  შემოსავლის  ოდენობისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით მიზანშეწონილია ამ მომსახურებების ცალკე აღრიცხვა; ოპერატორების მხრიდან მოსალოდნელია განსხვავებული ბიზნეს მოდელისა და პირობების შეთავაზება დაინტერესებული მომხმარებლებისათვის.

შედეგად, კომუნიკაციების კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოიყოს ნუმერაციის რესურსი ცალკე, მხოლოდ M2M/IoT მომსახურებებისთვის გამოსაყენებლად, კერძოდ, “საქართველოს ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელების   ნუმერაციის   ეროვნული სისტემის  დებულების  დამტკიცების  შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების დანართი N2-ით გათვალისწინებული „მომსახურების სხვადასხვა სახეობებისათვის“ განსაზღვრული 708-729 ინდექსის    22 მილიონიანი დიაპაზონი.

კომისია აღნიშნავს, რომ M2M/IoT მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის  ან/და  მისი  გაზრდის  საჭიროების  საკითხებთან  დაკავშირებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მისაღებად, კომისიამ გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი: „M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები“.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ    მიზანშეწონილია ავტორიზებული პირებისათვის ნუმერაციის რესურსის გაცემასთან დაკავშირებით ელექტრონული განაცხადის შემოღება, რაც გაამარტივებს თავისუფალი რესურსის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებას, შესაძლებელს გახდის ნუმერაციის ბლოკების არჩევას, განაცხადისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენას და ნუმერაციის რესურსის გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი საფასურის შესახებ ინფორმაციის ავტომატურად გენერირებას. აღნიშნული პროცესის ელექტრონიზაციით, გამარტივდება ნუმერაციის რესურსის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ჩატარებული   სამუშაოების   გათვალისწინებით,   კომისიას   მიზანშეწონილად  მიაჩნია „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

1. M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინტერნეტი) მომსახურების ორგანიზებისათვის   ნუმერაციის   რესურსით   (708xxxxxx – 729xxxxxx)       სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

2. დადგენილების მე-3 მუხლს ემატება 21  პუნქტი, რომლის თანახმად, ნუმერაციის რესურსით   სარგებლობის   უფლების   მისაღებად   მაძიებელი   ავტორიზებული   პირი კომისიას მიმართავს ელექტრონული განცხადებით და განცხადებაში მითითებული თანდართული დოკუმენტაციით კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელ არაავტორიზებულ პირს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე.

4. ვინაიდან, ავტორიზებული პირების მიერ ნუმერაციის რესურსის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცესის ელექტრონიზაცია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ნუმერაციის რესურსის საფასური და გადახდის წესიც განისაზღვრება, ხოლო ნუმერაციის მაძიებელ არაავტორიზებულ პირებზე ნუმერაციის რესურსი გაიცემა უფასოდ, კომისიის 2012 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ უნდა იქნეს.

5.   ასევე, ცვლილებები შედის დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტებში. კერძოდ, მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ სრულყოფილი ელექტრონული განაცხადის მიღებიდან 15 დღის ვადაში. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, მე-7 პუნქტი არ ეხება ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს, რომლის მინიჭების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.

6. M2M/IoT მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები

ა. M2M მომსახურება არის მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს შორის ავტომატურ რეჟიმში ან ადამიანის მინიმალური ჩარევით.

ბ. IoT (საგანთა ინტერნეტი) არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ელემენტებით აკავშირებს სხვა მოწყობილობებს ან/და სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შორის მონაცემთა გადაცემას ან/და კავშირს.

7. M2M/IoT მომსახურების მიწოდების მიზნით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური სააბონენტო ნომრისთვის შეადგენს - 0,25 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.

8. M2M/IoT მომსახურებისათვის გამოყენებული ნუმერაციის რესურსი სრულად ჩანაცვლდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.

9. ავტორიზებულ პირებს უნდა მიეცეთ ვადა 2020 წლის 1 თებერვლამდე, არსებული ნუმერაციის რესურსი  გასცენ M2M/IoT    მომსახურებისათვის    ამ    დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

10. დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა   და   ანგარიშსწორების   წესების   დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

3.  ზეპირი   მოსმენა   გაიმართოს   2019   წლის    5   დეკემბერს,   15:00   საათზე,   ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება  ცალკე  გასაჩივრებას  არ  ექვემდებარება  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები