წვდომის მენიუ

„5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 646

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 18:12

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019

„5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. ახალი თაობის (5G) ქსელისა და მომსახურებების კომერციული გაშვება დიდი გამოწვევაა, რადგან დროული და სწორი მოდელით პროექტის ამუშავება მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებას, მათ შორის საქართველოს როგორც რეგიონულ სატელეკომუნიკაციო ჰაბად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, კომისიისთვის   მნიშვნელოვანია,   რომ   მისი   კომპეტენციის ფარგლებში     გადადგას დროული ნაბიჯები და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით დარგის განვითარებას.

კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად   და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და  არადისკრიმინაციული პირობებისა  და  წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შეიმუშავა „5G ქსელისა და მომსახურებების  განვითარების  ხელშეწყობის  სტრატეგია“,  რომელიც მიზნად ისახავს 5G ტექნოლოგიის დანერგვის და 5G მომსახურებებისთვის სიხშირეების განაწილების კუთხით,   დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს კომუნიკაციების კომისიის ხედვა და შექმნას სიხშირეების მართვის მხრივ განჭვრეტადი გარემო. დოკუმენტში წარმოდგენილი მიდგომები და სამომავლო ხედვა ეფუძნება ევროპულ მიდგომებსა და  გამოცდილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „5G ქსელისა  და მომსახურებების  განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია“ გამოქვეყნებული კომისიის ვებ-გვერდზე და განხილულ იქნა საკონსულტაციო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა 2019 წლის 8 ივლისიდან 2019 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. დაინტერესებული  მხარეების  მხრიდან  წარმოდგენილი  იყო კომენტარები  და კითხვები. კომისიამ   წერილობითი   პასუხი   გასცა   ყველა დასმულ შეკითხვას, რომელიც გასაჯაროვდა და ხელმისაწვდომია კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისია  მიზნად  ისახავს დროულად უზრუნველყოს  მობილური  ფართოზოლოვანი  მომსახურებისათვის განკუთვნილი    სიხშირული    რესურსის    ხელმისაწვდომობა,    რომელიც კომპანიებს საშუალებას  მისცემს  ქვეყანაში  განავითარონ  და  დანერგონ     ახალი თაობის   (5G) მომსახურებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI, VII და IX თავების შესაბამისად   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში „კომისია), კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყ ვიტა:

1.  დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „5G   ქსელისა   და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით;

2.  ზეპირი    მოსმენა    გაიმართოს    2019    წლის     12    დეკემბერს,    15:00    საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.     დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.     ვოტ)     საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება     ცალკე     გასაჩივრებას     არ     ექვემდებარება     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები