”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2019 15:40
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 მაისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილ იქნა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები:
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით).
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა იწურება 2019 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადის გაგრძელების განხილვის მიზნით, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის თაობაზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, წინააღმდეგი, კომისიის წევრი ელისო ასანიძე):
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 26 დეკემბერს 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
