წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 02 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2019 10:36

მიღების თარიღი იანვარი 10, 2019

ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/6068-18; 16.11.2018)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/6068-18; 16.11.2018) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის დირექტორი გ.ლილუაშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N82. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Перец“, „MGM“, “THT”, “Авто 24”, “TV3”, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“, „CTC“, “TV 1000 Ru”, “ТВЦ”,  “XXI”, „Explorer“, “Zee TV”, “Иллюзион ru”, “Viasat Sport”, “TV 1000 action”, “Футбол 2”. 

ი/მ  „გოჩა ლილუაშვილს“ 2018 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „MGM“, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“,“Футбол 2 uk”. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  ი/მ  „გოჩა ლილუაშვილის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.    

ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 13 დეკემბერი, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შეტყობინებით  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.  კომისიის შეტყობინება (03/3869-18, 7,12.2018) ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“ არ ჩაბარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადადიო და კომპანიას განმეორებით გაეგზავნა შეტყობინება (N03/3942-18, 14.12.2018) საკითხის განხილვის თაობაზე, რომელიც კომპანიას ჩაბარდა  2018 წლის 15 დეკემბერს.

კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე  გამოცხადდა ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ ტექნიკოსი შ. ხაჟალია რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ არ იცოდა ქართულ არხებთან ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის თაობაზე.  შ.ხაჟალიამ მოითხოვა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად და აღნიშნა, რომ ქართულ არხებთან შეძლებენ 2 კვირის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო იმ არხებს, რომლებზედაც ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება გათიშავენ ქსელიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 10 იანვარს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N03/4024-18, 21.12.2018), რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-19, 09.01.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 8 იანვარს განხორციელდა ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ განმეორებითი მონიტორინგი 2018 წლის 13 ნოემბრის N82 შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის აღმოფხვრის გადამოწმების მიზნით, რის შესაბამისად, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და შესაბამისად, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი არ ხორციელდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები (შ-19-6/61, 09.01.2019; შ-19-6/62, 09.01.2019; შ-19-6/63, 09.01.2019) შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „РТР Планета“, „Первый канал.Всемирная сеть“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „აჭარის ტელევიზია“, „მეგა ტვ“, „რიონი“, “Viasat Explorer”, “Viasat Histori{“, “Viasat Sport”, “Viasat Nature”, “TB 1000”, “TB 1000 Action”, “TB 1000 Русское Кино”, “DaVinci Learning“, „Детский“, „Зоопарк“, „Авто 24“, „Еврокино“, „Иллюзион“, „Фенникс Оружие“, „Фенникс+Кино“, „ТНТ Комеди“, „Пятница“, „ТНТ 4“, „СТС“, „Перец“, „Домашний“, „Амедиа 1“,  „Амедиа 2“, „Амедиа Хит“, „Амедиа Премиум“.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2019 წლის 10 იანვარს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილი“, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება (N03/4024-18, 21.12.2018) სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას  ჩაბარდა (ჩაბარების თარიღი: 26.12.2018; ჩაიბარა: გ.ლილუაშვილმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ვინაიდან, კომისიამ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/6068-18, 16.11.2018);
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 13 ნოემბრის შემოწმების აქტი N82;
  3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  5. კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N422/18 გადაწყვეტილება „ი/მ გოჩა ლილუაშვილისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
  6. ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  7. ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ ტექნიკოსის შ.ხაჟალიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება კომისიის 2018 წლის 20 დეკემბერის სხდომაზე;
  8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-19, 09.01.2019) თანდართული ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ შემოწმების ვიდეო ჩანაწერით -1 CD;
  9. ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ 2019 წლის 9 იანვარს კომისიაში წარმოდგენილი რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები (შ-19-6/61, 09.01.2019; შ-19-6/62, 09.01.2019; შ-19-6/63, 09.01.2019);
  10. კომისიის შეტყობინება (N03/4024-18, 21.12.2018) და აღნიშნული შეტყობინების ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი:AP01005467823).

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17.03.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი); 
  2.  2018 წლის 13 ნოემბერს, 13:51 საათზე,  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ ოფისში,  მისამართზე  ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. N92, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი №82. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე გ. ლილუაშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს,  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „Перец“, „MGM“, “THT”, “Авто 24”, “TV3”, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“, „CTC“, “TV 1000 Ru”, “ТВЦ”,  “XXI”, „Explorer“, “Zee TV”, “Иллюзион ru”, “Viasat Sport”, “TV 1000 action”, “Футбол 2”;
  4. 2018 წლის 13 ნოემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 13 ნოემბრის №82 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  5. ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“ 2018 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „MGM“, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“,“Футбол 2 uk”;
  6. 2019 წლის 8 იანვარს განხორციელდა ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ განმეორებითი მონიტორინგი 2018 წლის 13 ნოემბრის N82 შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის აღმოფხვრის გადამოწმების მიზნით, რის შესაბამისად, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი არ ხორციელდება;
  7. 2019 წლის 9 იანვარს ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები (შ-19-6/61, 09.01.2019; შ-19-6/62, 09.01.2019; შ-19-6/63, 09.01.2019) შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „РТР Планета“, „Первый канал.Всемирная сеть“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „აჭარის ტელევიზია“, „მეგა ტვ“, „რიონი“, “Viasat Explorer”, “Viasat Histori{“, “Viasat Sport”, “Viasat Nature”, “TB 1000”, “TB 1000 Action”, “TB 1000 Русское Кино”, “DaVinci Learning“, „Детский“, „Зоопарк“, „Авто 24“, „Еврокино“, „Иллюзион“, „Фенникс Оружие“, „Фенникс+Кино“, „ТНТ Комеди“, „Пятница“, „ТНТ 4“, „СТС“, „Перец“, „Домашний“, „Амедиа 1“,  „Амедиа 2“, „Амедиа Хит“, „Амедиа Премиум“-ის მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია  მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და   რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ  არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;
  15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ სამაუწყებლო არხების „MGM“, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“,“Футбол 2 uk”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  ინდ მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ მიერ 2019 წლის 8 იანვრის მდგომარეობით შეწყვეტილ იქნა სამაუწყებლო არხების „MGM“, „რიონი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „პალიტრა ტვ“, „რაგბი ტვ“,  „სილქ უნივერსალი“, “იბერია”, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ენკი ბენკი“,“Футбол 2 uk” ტრანზიტი. შესაბამისად, კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და  ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

  1. შეწყდეს ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფოციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                          

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები