წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 115 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2019 18:30

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

შპს „ტელეიმედის“ მიმართ  ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

I.დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ (შემდგომში „ქარტია“) კომისიას მიმართა საჩივრით (28.02.19 Nშ-19-6/878) და მოითხოვა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.  

„ქარტიამ“ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართა საჩივრით, წინასაარჩევნო პერიოდში შპს „ტელეიმედის“  ჟურნალისტების მიერ, „ქარტიის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანომ დაარღვია საჩივრის განხილვის კანონმდებლობით განსაზღვრული 72 საათიანი ვადა და საკითხი განიხილა 3 თვის შემდეგ, „ქარტიის“ მიერ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვისა და ამ უკანასკნელის მიერ საჩივრის განხილვის დავალდებულების შემდეგ. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებია  „ქარტიას“.

„ქარტიის“ მოთხოვნა:

იმსჯელოს კომისიამ შპს „ტელეიმედმა“ დაარღვია თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ქარტიის“ საჩივრის (29.02.19 Nშ-19-6/878) კომისიის მიერ განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა 2019 წლის 7 მარტის კომისიის სხდომაზე. სხდომის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ, როგორც „ქარტიას“, ისე შპს „ტელეიმედს“ და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2019 წლის  7   მარტის   კომისიის   სხდომაზე   გამოცხადდა   „ქარტიის“ წარმომადგენელი ნ. ძველიშვილი, არ გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი.

„ქარტიის“ წარმომადგენელმა ნ. ძველიშვილმა მხარი დაუჭირა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ქარტია“ ასაჩივრებს შპს „ტელეიმედის“ მიერ, თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს, ხოლო შპს “ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მას, როგორც მაუწყებელს ავალდებულებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით და დავის საგანს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებელზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კომისიას მიაჩნია, რომ „ქარტიის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება „ქარტიის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად, განისაზღვროს 2019 წლის 28 მარტი.

III.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. კომისიის მიერ მიღებული იქნას განსახილველად შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 28 მარტს 15:00 სთ-ზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. შოვნაძე);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაეკისროს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები