შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2019 18:32
მიღების თარიღი მარტი 07, 2019
შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საჩივრით (Nშ-19-6/479; 07.02.19) მომართა კომისიას. საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარუდგინა (წერილი 24.01.2019 N2-01/273) ვიდეორგოლი, სოციალური რეკლამის სტატუსით 2019 წლის პირველი თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით განთავსების მოთხოვნით; ვიდეორგოლი მომზადებულია საქართველოში ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის ე.წ. „დამრგვალების მეთოდით“ ცვლილების თაობაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ აღნიშნული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ვიდეორგოლი შესაძლოა განთავსდეს, მხოლოდ, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის განთავსება შესაძლებელია სატელევიზიო ეთერის შესყიდვის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა:
დაევალოს შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვა გაიმართა 2019 წლის 21 თებერვლის კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მ.ლუბიანური, თ.ებანოიძე, ა.ქოჩიაშვილი, ასევე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს; შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას და განაცხადეს, რომ წარდგენილი ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს. კომისიამ მხარეებს მოუწოდა მორიგებისკენ და მომდევნო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 28 თებერვალს, თუმცა აღნიშნული სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო და საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 7 მარტს.
2019 წლის 6 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მომართა წერილობით (შ-19-6/963) და იშუამდგომლა შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ, საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული წერილის თანახმად, მაუწყებლებმა დააკმაყოფილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა და წარდგენილი ვიდეო რგოლი განათავსეს სოციალური რეკლამის სტატუსით.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუსლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარი განაცხადა თავის საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 65-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს ეროვნული ბანკის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
