შპს „პალიტრა TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2019 17:47
მიღების თარიღი მარტი 07, 2019
შპს „პალიტრა TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
1. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/36; 08.01.19), რომლის თანახმად შპს „პალიტრა TV“-იმ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მოითხოვა კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა და შპს „პალიტრა TV“-ის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-245; 07.02.19) თანახმად, 2019 წლის 6 და 7 იანვარს, შპს „პალიტრა TV“-ის ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დამზადებული სიუჟეტის (საშობაო ლიტურგიის) ტრანსლირება სრულად, 3 საათის და 30 წუთის განმავლობაში, რასაც სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს ა) გადაცემის ჩაწერა ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება დ) გადაცემის გადაცემა ეთერში“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოსაზრებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულია მომიჯნავე უფლებების თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა, ნებართვის და ჰონორარის გადახდის გარეშე, ანუ მომიჯნავე უფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა წინამდებარე შემთხვევა არ აკმაყოფილებს არც ერთ პირობას, რომელიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით. გარდა ამისა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს. შპს „პალიტრა TV”-ის მიერ პირველი არხის სიუჟეტის ნაწილის ასეთი გამოყენება ლახავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გარანტირებულ მაუწყებლის კანონიერ ინტერესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“ უნდა ჩაითვალოს მომიჯნავე უფლებების დამრღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოხდა მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლებების დარღვევა, რომლებიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
შპს „პალიტრა TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 21 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაზე ასევე მოწვეული იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი ა. სამსონია და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა, კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შობის ლიტურგიის ტრანსლაციას ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რა დროსაც, გამოყენებული იყო არხის როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი. 2019 წლის 6 და 7 იანვარს, შპს „პალიტრა TV“-ის ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია, შესაბამისი ნებართვის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ამასთან, შპს „პალიტრა TV“-ის ტრანსლაციისას, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხის ლოგოსთან ერთად განათავსა საკუთარი კომპანიის ლოგოც.
შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 6 და 7 იანვარს საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან, საშობაო ლიტურგია შპს „პალიტრა TV“-ის ეთერში განთავსდა მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებული იყო მაყურებლის ინფორმირების მიზნით.
კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „პალიტრა TV“-ის ეთერით ტრანსლირებული საშობაო ლიტურგიის ზუსტი ხანგძლივობის დადგენა, ხოლო გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 მარტი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.
კომისიის 2019 წლის 7 მარტის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად დადგინა, რომ შპს „პალიტრა TV“-ის საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია განთავსებული აქვს სრულად. საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება დაიწყო 23:07 წუთზე და გრძელდებოდა 3 საათის და 30 წუთის განმავლობაში.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 07.02.19, Nშ-19-10-245 სამსახურებრივი ბარათი;
2. სადავო სიუჟეტის ვიდეო ჩანაწერი დატანილი DVD-ზე;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 08.01.19, Nშ-19-6/36 განცხადება;
4. 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
5. 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2019 წლის 6 და 7 იანვარს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ახორციელებდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან;
2. 2019 წლის 6 და 7 იანვარს (23:07 წთ.), შპს „პალიტრა TV“-ის ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია სრულად, 3 საათის და 30 წუთის განმავლობაში;
3. შპს „პალიტრა TV“-ის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ არ მოუპოვებია შესაბამისი ნებართვები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის ნაწილის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე;
4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა კომისიას და მოითხოვა საკითხის შესწავლა და შპს „პალიტრა TV“-ის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
5. შპს „პალიტრა TV“-ის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 6 და 7 იანვარს (23:07 წთ.), შპს „პალიტრა TV“-ის ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია 3 საათის და 30 წუთის განმავლობაში, შესაბამისად, შპს „პალიტრა TV“-ის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ესაჭიროებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნებართვა, რაც მაუწყებელს არ მოუპოვებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“-ის მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პალიტრა TV“-ის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, შესაბამისად მაუწყებელს უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პალიტრა TV“-ის მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „პალიტრა TV“-ისთვის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
