წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 119 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2019 17:46

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 1.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/36; 08.01.19), რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მოითხოვა კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“  მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადების თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ისე შეცვალა კადრი ტრანსლაციის დროს, რომ დაიკარგა პირველი არხის ლოგო.

 2019 წლის 05 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“  წერილი, რომლის თანახმად, „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის იანვარის თვეში განახორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის თანახმად, 2019 წლის 6 და 7 იანვარს,  სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ  დამზადებული სიუჟეტის (საშობაო ლიტურგიის) ტრანსლირება, რასაც სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო და  წარწერა „პირველი არხი გილოცავთ შობა-ახალ წელს“.  

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს ა) გადაცემის ჩაწერა ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება დ) გადაცემის გადაცემა ეთერში“. 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოსაზრებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულია მომიჯნავე უფლებების თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა, ნებართვის და ჰონორარის გადახდის გარეშე, ანუ მომიჯნავე უფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა წინამდებარე შემთხვევა არ აკმაყოფილებს არც ერთ პირობას, რომელიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით. გარდა ამისა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ პირველი არხის სიუჟეტის ნაწილის ასეთი გამოყენება ლახავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გარანტირებულ მაუწყებლის კანონიერ ინტერესს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ უნდა ჩაითვალოს მომიჯნავე უფლებების დამრღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოხდა მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლებების დარღვევა, რომლებიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 21 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაზე ასევე მოწვეული იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის  სხდომაზე გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელი ზ. ქორიძე და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა, კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შობის ლიტურგიის ტრანსლაციას ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რა დროსაც, გამოყენებული იყო არხის როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი. 2019 წლის 6 და 7 იანვარს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განხორციელდა  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია, შესაბამისი ნებართვის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ამასთან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ტრანსლაციისას, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელა კადრის ცვლილება იმგვარად, რომ  დაიკარგა პირველი არხის ლოგო.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის, ზ. ქორიძის განმარტებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. მათ მიერ, ტრადიციულად განხორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული იყო ასევე სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალი. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული საშობაო ლიტურგიიდან ჩართვა, თუმცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  წინა წლებში აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჰქონია, ამასთან, ზ. ქორიძემ აღნიშნა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე ახორციელებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაცემ(ებ)ის გადაცემას საკუთარ ეთერში წინასწარი ნებართვის გარეშე, რაზეც არასდროს ტელევიზიას პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან ორივე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქმე ეხება საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომლის გადაღება/პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ წარმოადგენს რომელიმე არხის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას.

კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომდგენელმა ასევე, განმარტა, რომ აჭარის ტელევიზიას არ ჰქონდა პირველი არხის ლოგოს დაფარვის წინასწარი განზრახვა, ერთ-ერთი ჩართვის დროს, როცა ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის პარალელურად განთავსდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერიდან ჩართვა, ორივე არხის გადაცემა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით მოექცა ჩარჩოში (დაპატარავდა კადრი), რის გამოც, დაიფარა პირველი არხის ლოგო (ჩარჩომ დაფარა). ამასთან,  ზ. ქორიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია ჩათვლის, რომ აჭარის ტელევიზიამ ლიტურგიის ტრანსლირებისას დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, გამოყენებულ უნდა იქნას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით დაშვებულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტის ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში. მოცემულ შემთხვევაში, ზ. ქორიძის განმარტებით, საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს მთელი ღამე, ხოლო გადაცემის ნაწყვეტების გამოყენება ჯამში ნახევარი საათის განმავლობაში, აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის გამომრიცხავ შემადგენლობას.

კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“  ეთერით ტრანსლირებული საშობაო ლიტურგიის ზუსტი ხანგძლივობის დადგენა, ხოლო გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 მარტი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.

კომისიის 2019 წლის 7 მარტის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“  წარმომადგენელი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად დადგინა, რომ  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განხორციელდა  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია 43 წუთის განმავლობაში.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 12.02.19, Nშ-19-10-282 სამსახურებრივი ბარათი;

2. სადავო სიუჟეტის ვიდეო ჩანაწერი დატანილი  DVD-ზე;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 08.01.19, Nშ-19-6/36 განცხადება;

4. 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“  წარმომადგენლის ზ. ქორიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

5. 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2019 წლის 6 და 7 იანვარს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ახორციელებდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან;

2. 2019 წლის 6 და 7 იანვარს (23:06 წთ.), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განხორციელდა  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია 43 წუთის განმავლობაში, რომლის დროსაც, ერთ-ერთი ჩართვისას, დაფარულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ არ მოუპოვებია შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის ნაწილის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე.

4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მომართა კომისიას და მოითხოვა საკითხის შესწავლა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გამო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, გა­და­ცე­მის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ანაზღაურების მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გა­და­ცე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს გა­და­ცე­მის ჩანა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც გა­და­ცე­მა ჩა­წე­რი­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბით და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმა­ვე მიზ­ნით, რის­თვი­საც მოხ­და მი­სი ჩა­წე­რა;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 6 და 7 იანვარს (23:06 წთ.), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განხორციელდა  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია 43 წუთის განმავლობაში, რომლის დროსაც, ერთ-ერთი ჩართვისას, დაფარულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო. ზემოაღნიშნული ტრანსლირება განხორციელდა შესაბამისი  ნებართვის გარეშე,  რომელზეც არ ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლებების თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა, ნებართვის და ჰონორარის გარეშე, ვინაიდან მოცემული შემთხვევა არ აკმაყოფილებს არც ერთ პირობას, რომელიც გათვალისწინებულია მითითებული კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის   ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, შესაბამისად მაუწყებელს  უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,   „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის მხარეებისთვის   ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები