წვდომის მენიუ

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 120 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2019 10:36

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

შპსინტერ თრეიდერ კომპანისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე

I.             საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო   ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-325; 15 თებერვალი 2019წ) ირკვევა, რომ განხორციელდა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის ცვლილება, კერძოდ, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ პარტნიორის  შალვა დოლიძის 100% წილიდან 50% შეიძინა  ბაკურ რაზმაძეზემ,  ხოლო 25% მაია დილევსკაიამ; შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ დირექტორად დაინიშნა ბაკურ რაზმაძე. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, კომისიასთან შეთანხმების გარეშე შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ პარტნიორის  შალვა დოლიძის 100% წილიდან 50% შეიძინა ბაკურ რაზმაძემ, ხოლო 25% მაია დილევსკაიამ. დირექტორად დაინიშნა ბაკურ რაზმაძე.  

ვინაიდან, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის შეძენა განხორციელდა კანონდარღვევით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 28 თებერვალი. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის  4 მარტს.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2019 წლის 7 მარტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „შპს ინტერ თრეიდერ კომპანის“  დირექტორი ბაკურ რაზმაძე, რომელმაც დაადასტურა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონდარღვევით შეძენის ფაქტი.

II.            გამოკვლეული მტკიცებულებები 

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (N19-10-325; 15.02.2019წ);
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ შესახებ;
  3. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/503; 28.02.2019წ) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი).

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები 

  1. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანი“ 2018 წლის 10 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი.
  2. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2019 წლის 8 თებერვალს განხორციელდა წილის ცვლილება, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ პარტნიორის  შალვა დოლიძის 100% წილიდან  50% შეიძინა ბაკურ რაზმაძეზემ, ხოლო 25% მაია დილევსკაიამ; შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ დირექტორად დაინიშნა ბაკურ რაზმაძე;
  4. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.          სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამევე მუხლის მე-2 პუქნტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ კომისიის თანხმობის გარეშე წილის  გასხვისებითა და ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი პირობების დარღვევით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. 

ამავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. 

V.            სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

:

1. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ (ს/ნ405220924) მიეცეს გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის შეძენის ფორმა.  შეტყობინება აგრეთვე  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას  შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის შეძენაში მონაწილე ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს   კომისიის   აპარატის   სატელეკომუნიკაციო     ბაზრის     რეგულირების     დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

 კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები