წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

ნომერი: 121 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2019 17:51

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

შპსკავკასუს ონლაინისსამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-160, 30.01.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-160, 30.01.2019) თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №618/18 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინს“ 2019 წლის 25 იანვრამდე მიეცა ვადა კომისიაში განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოსადგენად.  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/329; 08.02.2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება (Nგ-19-03/329; 08.02.2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 თებერვალს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 13 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/613, 13.02.2019) წარმოდგენილ იქნა წერილი თანდართული დოკუმენტაციით. წერილში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილ იქნა შპს „კავკასუს ონლაინის“ „ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების სააღრიცხვო ანგარიში“ 2017 წლის პერიოდის მონაცემების აუდირებული ვერსია.

კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები ვ.მღებრიანი და ნ.გიორგობიანი.

კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დ. გოგიჩაიშვილმა, აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშთან დაკავშირებით აუდიტმა არ გამოთქვა მოსაზრება და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნა. კომისიის აუცილებელი პირობაა, რომ ანგარიში იყოს აუდირებული და ახლდეს აუდიტორის  დასკვნა. ასეთი სახით წარმოდგენილი ანგარიში კომისიისთვის უსარგებლოა.

კომისია აღნიშნავს, რომ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის დადგენილება №5 „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ყოველწლიური აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) შესავალს; ბ) ავტორიზებული პირის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის განაცხადს; გ) გარე აუდიტორის მოსაზრებას/დასკვნა; დ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ მოგება-ზარალის ანგარიშგებებს; ე) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ დატვირთული კაპიტალის უწყისებს; ვ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ შეჯერების ანგარიშებს; ზ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ ტრანსფერული ფასების უწყისებს; თ) დანართი №2-ის ძირითად დატვირთულ კაპიტალზე უკუგების ანგარიშებს; ი) ახსნა-განმარტებით შენიშვნებს; კ) სხვა დამხმარე ცხრილებს.

შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსურმა დირექტორმა ვ.მღებრიანმა, კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განმარტა, რომ ჩატარდა შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაზეც აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა იყო უარყოფითი. კერძოდ, აუდიტორმა არ დაადასტურა  ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება. კომპანიის გაყოფის დროს, როდესაც მოხდა საცალო და კორპორატიული აქტივების გადაცემა, ეს ფაქტი არ იყო აუდიტის მიერ სათანადოდ გამოვლენილი და ვერ დაადასტურეს ის ძირითადი საშუალებები, რაც კომპანიას ფაქტობრივად გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში 2017 წლით დათარიღებულ დასკვნას კომპანია ვერ იღებს. 2018 წელს ეს უნდა გამოსწორდეს გადაფასებითა და ინვენტარიზაციით. შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილში განცალკევებული აღრიცხვა არსებობს. უკუგების კოეფიციენტის დათვლისას გამოყენებულია ძირითადი საშუალებების ღირებულება, რაც მოქმედებს შედეგზე. განცალკევების დროს შემოსავლები და ხარჯები არის გადანაწილებული აუდირებული ანგარიშის მიხედვით და გავლენას ციფრზე, ეს არ მოახდენს.

ვ. მღებრიანმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ გრძელვადიან აქტივს ძირითადად საზღვაო კაბელი წარმოადგენს, აღნიშნული აქტივი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ  დადასტურებულია და მასზე დარიცხული ცვეთა მოგება-ზარალის უწყისში გათვალისწინებულია. გარდა აღნიშნულისა კომპანიის ბალანსზე  არის აქტივები, რომლებიც აუდიტორულად არ დასტურდება ასეთი აქტივების საწყისი ღირებულების (ნაშთების) დაუდგენლობის გამო. შესაბამისად, ამ მიზეზის გამო აუდიტორმა  ფინანსური ანგარიშგებაზე დასკვნა/მოსაზრება არ გასცა. ვ. მღებრიანის განმარტებით აღნიშნულის მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ აუდიტორი ვერ ადასტურებს შპს  „კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს  „მაგთიკომისთვის“ აქტივების დეტალურ სიას, რადგან აუდიტორი ამ აქტივების გადაცემის პროცესს არ ესწრებოდა. ვ. მღებრიანის განცხადებით, ეს ის აქტივებია, რომლებიც ბალანსზე კომპონენტებად (ცალ-ცალკე) იყო აღრიცხული, ხოლო შპს „მაგთიკომმა“ მათი მიღების შემდეგ ისინი ბალანსზე  ერთობლივად აღიარა (აიყვანა).  

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დ. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ, თუ კომპანია  წარმოადგენს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშს,  რომელშიც  არ იქნება გათვალისწინებული იმ  აქტივების საბალანსო ღირებულება  და შესაბამისი ცვეთა, რომელიც დამოუკიდებელ აუდიტორისთვის ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნის/მოსაზრების გაცემის უარის თქმის საფუძველი იყო, მაშინ ასეთი სახის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში  შპს „კავკასუს ონლაინზე“  დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების შესრულების მონიტორინგისთვის მისაღები იქნებოდა.

შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებმა ითხოვეს 2 კვირიანი ვადა აუდირებული ანგარიშის წარმოსადგენად. შესაბამისად, 2019 წლის 14 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 28 თებერვლისთვის, რის თაობაზეც შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები სხდომაზევე გაფრთხილდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

შპს   „კავკასუს    ონლაინის“    მიერ    2019  წლის  28  თებერვალს  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-6/879, 28.02.2019) წარმოდგენილ იქნა წერილი თანდართული დოკუმენტაციით. წერილში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილ იქნა შპს „კავკასუს ონლაინის“ შეთანხმებული პროცედურების ანგარიში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მოწოდებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში ცვლილებების შეტანის შესახებ.

კომისიის 2019 წლის 28 თებერვლის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 მარტი, 15:00 საათი, რის შესახებაც შპს „კავკასუს ონლაინს“ ეცნობა კომისიის (Nგ-19-03/575, 04.03.2019) შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2019 წლის 6 მარტს.

კომისიის 7 მარტის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის  თაობაზე კომპანიას 2019 წლის 6 მარტს ჩაბარდა. კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კავკასუს ონლაინის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-160, 30.01.2019);
  2. კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N706/22 გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“;
  3. კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილება „შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“;
  4. შპს „კავკასუს ონალინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;
  5. შპს „კავკასუს ონლაინის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/613, 13.02.2019) წერილი თანდართული დოკუმენტაციით (განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა);
  6. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების მიერ 2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  7. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დ.გოგიჩაიშვილის მიერ 2019 წლის 14 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  8. შპს „კავკასუს ონლაინის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/879, 28.02.2019) წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შეთანხმებული პროცედურების ანგარიში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მოწოდებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში ცვლილების შეტანის შესახებ);
  9. კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/575, 04.03.2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვა);

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2. „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი  ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული  აუდიტორის  მიერ  დამოწმებული ყოველწლიური  შემოსავლების  და  დანახარჯების განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიშის  კომისიისთვის  წარმოდგენა.  აღნიშნული  ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად  განაწილების    მეთოდოლოგიური  წესების  შესახებ“ კომისიის  2006  წლის  20  აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის  ანგარიშში  დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება  ცალ-ცალკე;  შემოსავლების  და  დანახარჯების  განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა  და  სახელმწიფო  საწარმოთა  ნუსხის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;

მტკიცებულება: კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“;

3. „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N706/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების - სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები: შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ - სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 31 იანვრამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

მტკიცებულება: კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N706/22 გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“;

4. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა  კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო,  გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცა 2019 წლის 25 იანვრამდე ვადა კომისიაში განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოსადგენად;

მტკიცებულება: კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილება „შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“;

5. 2019 წლის 30 იანვრის მდგომარეობით შპს „კაუკასუს ონლაინის“ მიერ განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იყო წარმოდგენილი;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 19-10-160 , 30/01/2019) მოხსენებითი ბარათი;

6. გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილ იქნა   განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში.

მტკიცებულება:   შპს „კავკასუს ონლაინის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/613, 13.02.2019) წერილი თანდართული დოკუმენტაციით (განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა); შპს „კავკასუს ონლაინის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/879, 28.02.2019) წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შეთანხმებული პროცედურების ანგარიში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მოწოდებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში ცვლილების შეტანის შესახებ); კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დ.გოგიჩაიშვილის ახსნა-განმარტებები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წთრმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტები, კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  სანქცირების საფუძველია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ შესრულებულია   ის ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა ნებაყოფლობით), და კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა განცალკევებული აუდირებული ანგარიში, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით დაცული იქნება კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიღწეულ იქნება ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

  1. შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N618/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „კავკასუს ონლაინი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები