წვდომის მენიუ

„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 122 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2019 10:31

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  N671/9 „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების  შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით  გამოყოფილი არხებით მომსახურების მიწოდების ნებისმიერი ტექნოლოგიისთვის (Dark fiber, Ethernet,  WDM) და ამ მომსახურების მიწოდების ყველა მოცულობისთვის (1მბ/წმ, 2 მბ/წმ, ... 100 მბ/წმ, ....1გგბტ/წმ, ... და ა.შ.)  განისაზღვრა: ა) მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, ბ)„Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი. მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”)  და  „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილ იქნა:  სს „სილქნეტი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „დელტა კომმი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „პისი მაქსი“, შპს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” და შპს „რკინიგზის ტელეკომი“.

გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აღნიშნული  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2019 წლის  6 მარტის N 19-10-407 სამსახურებრივი ბარათის თანახმად ტექნიკური შინაარსის ინფორმაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა ზემოაღნიშნული კომპანიების მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების პირებად ცნობა, მოწოდებული იყო  აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (ფორმა N8) საშუალებით. კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის კომისიის N712/19 გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, რომლითაც შეიცვალა  სტატისტიკური ანგარიშგების ტექნიკური ფორმა, რითაც უფრო დაკონკრეტდა და ერთმანეთისაგან გაიმიჯნა ძირითადი/მაგისტრალური (“Trunk”) და ე.წ. “Backhaul” გადაცემის ქსელები. შესაბამისად 2019 წლის იანვარში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული კომპანიების მონაცემების განახლება, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული საბაზრო ხვედრითი წილების შესახებ მონაცემები. შესაბამისად აუცილებელია განახლებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს კომისიის 2019 წლის 6 დეკემბრის #671/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოსაზრებას  და მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2019 წლის 6 დეკემბრის #671/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის  №671/9 გადაწყვეტილებაში („გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების  შესახებ“ )  ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 11 აპრილს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

 

 

 

                               

 

ელისო ასანიძე

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები