შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2019 10:30
მიღების თარიღი იანვარი 17, 2019
შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 31 დეკემბერს №01-02/10071 წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/16, 31.12.2018), კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერის, ხვიჩა მაქაცარიას მიერ, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერის, ფიზიკურ პირ თემურ კობახიძის („ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის მფლობელი) კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის №677/11 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინზე“ დაკისრებული ვალდებულების თანახმად: „შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის 31 დეკემბრის №01-02/10071 წერილის თანახმად, ფიზიკურ პირ თემურ კობახიძის კუთვნილი აქციების შეძენის განზრახვა აქვს „ნელგადო ლიმითედის“ ერთ-ერთ აქციონერს, ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას, რომელიც ფლობს „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 37%-ს და ამავე დროს, კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №727/11 გადაწყვეტილებით თანხმობა აქვს მიღებული „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%-ის შეძენაზე.
ფიზიკურ პირ თემურ კობახიძის კუთვნილი აქციების შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია გახდება „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 100%-ის მფლობელი და შესაბამისად შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის 31 დეკემბრის №01-02/10071 წერილის თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორები არიან:
- უცხოური საწარმო „International Online Networks LLC“ (“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია) – წილის 52,73%-ის მფლობელი;
- “ნელგადო ლიმითედი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) – წილის 47,27%-ის მფლობელი.
შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორია გიორგი შანიძე.
„International Online Networks LLC“-ს პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია “ნელგადო ლიმითედი“. თავის მხრივ “ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორები და აქციების მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (აქციების 37%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თემური კობახიძე (აქციების 19,5%-ის მფლობელი), კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედი“ (აქციების 43,5%-ის მფლობელი). ამავე დროს, კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ პარტნიორი და აქციების 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ზურაბიშვილი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 16 იანვრის №01-02/10074 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/158) თანახმად, კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №727/11 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა “ნელგადო ლიმითედში“ კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ კუთვნილი აქციების ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენა, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აპოსტილით დამოწმებული ვერსია წარმოდგენილი იქნება მოგვიანებით.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“, შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორის გიორგი შანიძის, შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორების, „International Online Networks LLC“-ს, “ნელგადო ლიმითედის“, “ნელგადო ლიმითიდის“ აქციონერის, ფიზიკური პირის - ხვიჩა მაქაცარიას აფილირებულობა დგინდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებულ პირ „რკინიგზის ტელეკომთან“. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ხოლო „ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე და ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ, შპს „კავკასუს ონლაინის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ სრულად შეძენა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, არ არსებობს „ნელგადო ლიმითედის“ აქციების ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენაზე დამაბრკოლებელი გარემოებები და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “კავკასუს ონლაინს“, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 47,27%-ის მფლობელის „ნელგადო ლიმითედის“ (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 52,73%-ის მფლობელის - “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ 100%-ის მფლობელს) აქციების 19,5%-ის შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარის, ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “კავკასუს ონლაინს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის ფიზიკურ პირ - ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს “კავკასუს ონლაინი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
